„გააციფრულე მომავალი“ — ასე ჰქვია დემოკრატიის ლაბორატორიის პროექტს, რომლის მიზანიც, ციფრული აქტივაციისა და დისტანციური დასაქმების გზით, პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი ციფრული პროფესიების შესწავლა, უნარების შეძენა და შესაძლებლობების გაძლიერებაა.
„პანკისი ერთ-ერთი არაჩვეულებრივი და გამორჩეული რეგიონია საქართველოს მრავალეთნიკურ სახელმწიფოში. თუმცა პანკისელ ახალგაზრდებს, ისევე როგორც მათ სხვა თანატოლებს, არაერთი პრობლემა აწუხებთ. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი შესაძლებლობების ნაკლებობაა. დასაქმება, არაფორმალური განათლება, საკუთარი უნარების პრაქტიკაში გამოცდის საშუალება — ეს არის ის, რაც ძალიან სჭირდებათ დღეს რეგიონებში, მათ შორის პანკისის ხეობაში მცხოვრებ ახალგაზრდებს. ამ პროექტით ვეცადეთ, სწორედ ამ საჭიროებებისთვის გვეპასუხა“ — ქეთი ბოჯგუა, დემოკრატიის ლაბორატორიის თავმჯდომარე.
პროექტი ერთწლიანია და რამდენიმე ეტაპს მოიცავს, კერძოდ, პირველ ეტაპზე პარტნიორ ორგანიზაციებში ჩატარდა 3-თვიანი ტრენინგები.
საბოლოოდ, 60 პანკისელი ახალგაზრდისთვის დასაქმებისთვის საჭირო პრაქტიკული უნარებისა და ჩვევების გამომუშავებისა და მათთვის სრულფასოვანი თეორიული კურსის ჩატარების შემდეგ, ტრენერების მიერ შეირჩა 18 ახალგაზრდა, რომელიც პროექტის შემდეგი ეტაპის ფარგლებში, პარტნიორ ორგანიზაციებში ანაზღაურებად სტაჟირების გაივლის.
სტაჟირებისთვის შერჩეულ თითოეულ ახალგაზრდას სერტიფიკატებთან ერთად გადაეცათ ტექნიკაც, რათა სრულფასოვნად შეძლონ დისტანციურად მუშაობა. დეცენტრალიზაციისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტები, რადგან ბენეფიციარები პანკისის ხეობიდან გაუსვლელად დასაქმდნენ.
M: ქეთი, რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონებში მსგავსი პროექტების ჩატარება, როგორც კონკრეტულად ერთი რეგიონის, ისე მთელი ქვეყნისთვის?
ქეთი ბოჯგუა: ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ქვეყნის მომავლისთვის. ძალიან კარგია, რომ ამაზე ზრუნავს არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაცია და მადლობა ჩვენს პარტნიორებს და დონორებს, რომ მათთან ერთად ამის საშუალება მოგვეცა.
M: რა პრინციპით შეირჩა 3-თვიანი ტრენინგებისთვის განკუთვნილი თემები?
თემები რამდენიმე კრიტერიუმით შევარჩიეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ პანკისში მცხოვრებ ახალგაზრდებს ცოდნა და უნარები შეეძინათ ისეთ კრეატიულ და ციფრულ პროფესიებში, რომლებზეც, ერთი მხრივ, მაღალი მოთხოვნაა ბაზარზე და მეორე მხრივ, იძლევა დისტანციური მუშაობის შესაძლებლობას. ეს ჩვენი პროექტის მონაწილეებს უქმნის არა მარტო დასაქმების, არამედ საკუთარი ქალაქიდან, სოფლიდან, სახლიდან დასაქმების პერსპექტივას, რაც ვფიქრობთ, ორმაგად მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე რეგიონებს ეხება.
ზოგადად, დემოკრატიის ლაბორატორიაში მიგვაჩნია, რომ დასაქმების ბაზრის დეცენტრალიზაცია და რეგიონების პოტენციალის ხელშეწყობა აუცილებელია და ძალიან გვიხარია, რომ დონორებმა და პარტნიორებმა როგორებიც არიან GCSD, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი, კრაკენი და ფორსეტი ჩვენი ხედვა გაიზიარეს.
M: საინტერესოა პროექტის ფორმატიც, იგი არასამთავრობო და კერძო სექტორის კოლაბორაციას გულისხმობს. უფრო კონკრეტულად, ვინ არის მასში ჩართული და როგორ გადანაწილდა როლები?
პროექტში მონაწილეობა მიიღო პანკისში მცხოვრებმა 60-მა ახალგაზრდამ, რომლებიც ღია კონკურსის საშუალებით შერჩნენ და მათი ინტერესებისა და სამოტივაციო წერილების საფუძველზე, შესაბამისი მიმართულების ჯგუფებში გადანაწილდნენ. ეს მიმართულებებია:
- ტექსტის წერა და სთორითელინგი (Imitom.ge);
- გრაფიკული დიზაინი (Forset);
- სოციალური მედიის მართვა და ციფრული მარკეტინგი (Kraken);
- მონაცემთა ანალიზი და ვიზუალიზაცია (Forset);
- მენეჯმენტი/თვითდასაქმება/
აქტივიზმი და ადვოკატირება (KRDF-კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი); - ციფრული და მედიაწიგნიერება (დემოკრატიის ლაბორატორია).
M: სტაჟირების გავლის შემდეგ რაიმე სხვა აქტივობა თუ იგეგმება პროექტის მონაწილეებისთვის?
თუ რომელიმე კომპანია გადაწყვეტს, რომ გააგრძელოს თანამშრომლობა სტაჟირების შემდეგ, ეს დასაქმების არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იქნება. გარდა ამისა შექმნილია საკომუნიკაციო სივრცეები, ჯგუფები სოციალურ ქსელებში, სადაც ყოველთვის შესაძლებელია ინფორმაციის, საჭიროებების, გამოცდილების გაზიარება. დემოკრატიის ლაბორატორიისთვის ეს უკვე მეოთხე პროექტია პანკისის რეგიონში და ამ კუთხით მუშაობის გაგრძელებას აქტიურად ვგეგმავთ მომავალშიც.
პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის მიერ (GCSD), პროგრამის ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების განვითარების ფარგლებში.
M: მარიამ, თქვენი აზრით, სამომავლოდ რა შედეგები ექნება ამ პროექტს? აწმყოში აშკარაა, რომ ახალგაზრდები რაღაც ახალს და საინტერესოს დაეუფლებიან, მაგრამ თუნდაც 10-წლიან პერსპექტივაში რა გავლენა ექნება ამ ყველაფერს ქვეყანაზე?
იცით, 10-წლიან პერსპექტივაზე საუბარი ცოტა რთულია… თუმცა ამ პროექტის ძალიან საინტერესო მხარე და მონაპოვარი არის ის, რომ ყველაფერი, რასაც ბავშვები ეზიარნენ, არის არა მხოლოდ საინტერესო, არამედ მომავლის პროფესიები და ამ მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი. თუკი ამ ძალიან ნიჭიერ მონაწილეებს, რომელთაც დიდი პოტენციალი აქვთ, ჩვენი პროექტის მიღმაც მიეცემათ განვითარების შესაძლებლობა, სწორედ ეს იქნება მათში ჩადებული ინვესტიცია. საბოლოოდ კი ეს ინვესტიცია პრაქტიკულ წარმატებებში „გადაითარგმნება“.
ჩემი ძალიან დიდი სურვილი იქნებოდა, რომ მომავალში ისეთ გარემოში მოუწიოთ ამ ბავშვებს ცხოვრება, რომელშიც უკვე არსებულ უნარებს გამოიყენებენ და ასევე, კიდევ მეტად გაიფართოებენ თვალსაწიერს.
M: საინტერესოა, საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ღირებულებებთან რა შესაბამისობა აქვს ამ პროექტს? რატომ გადაწყვიტეთ დემოკრატიის ლაბორატორიის იდეის მხარდაჭერა?
ჩვენი ორგანიზაცია, დაარსების დღიდან მოყოლებული, მუშაობს უსაფრთხოების, განვითარების, საგარეო პოლიტიკის, ქვეყნის შიგნით უსაფრთხოების საკითხებზე. ამასთან, პარალელურად თუ ამ ყველაფრის შემკვრელად, ყოველთვის იყო ახალგაზრდებისა და მომავალი თაობის ხელშეწყობა. შესაძლოა, პირდაპირი სამიზნე ჯგუფი არ იყვნენ, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი, რასაც გავაკეთებთ, მათი უკეთესი მომავლის შექმნაზეა ფოკუსირებული.
ასევე, გვაქვს პროექტები, რომელთა ფარგლებშიც უშუალოდ ახალგაზრდებთან ვმუშაობთ. მაგალითად, ასეთია SHE’S GREAT! პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, გაიარეს ტრენინგები გენდერულ ნორმებსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე. შესაბამისად, ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნა — მთელი ჩვენი ორგანიზაცია ძალიან დიდი რწმენით ვოპერირებთ ახალი თაობის მიმართ. ამიტომაც, ყოველთვის ვცდილობთ, რაღაც უფრო ღირებული შევთავაზოთ, თუნდაც სტაჟირების გავლის შემდეგ ახალი პერსპექტივები გაეხსნათ და ეს არ იყოს უბრალოდ „სტაჟირება სტაჟირებისთვის“.
M: რამდენად საინტერესო გამოცდილება იყო სხვადასხვა ტიპის, საქმიანობის ორგანიზაციასთან ერთი მიზნის მისაღწევად თანამშრომლობა?
ყოველთვის ვცდილობთ, კარგი თანამშრომლობა გვქონდეს ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომელთანაც პრინციპებისა და ღირებულებების დონეზე გვაქვს თანხვედრა. აუცილებელი არაა, ზუსტად ერთსა და იმავე საკითხებზე ვმუშაობდეთ, მთავარია, ეს თანხვედრა პოზიტიურ შედეგს იძლეოდეს. შესაბამისად, როცა ძირითადი პრინციპები ემთხვევა ერთმანეთს, ძალიან სასიამოვნოა ნებისმიერ პროექტზე მუშაობა, თანამშრომლობა, იდეების გაზიარება.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ქეთი ბოჯგუა და მარიამ თოხაძე აღნიშნავენ, რომ ორივე ორგანიზაციისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსგავსი საინტერესო პროექტები კიდევ წინაა.
ავტორი: ქეთია ბელქანია