in

როგორ გააერთიანოთ თქვენი კოლეგები იდეის გარშემო

ოდესმე გიცდიათ თქვენი კოლეგების იდეის გარშემო გაერთიანება და გაგჭირვებიათ? შესაძლოა, გინდათ, რომ თქვენმა გუნდმა გამოცადოს ახალი სამუშაო პროცესი, მაგრამ ისინი მიჩვეულები არიან მოძველებულ სისტემას და არ მიჰყვებიან თქვენს წინადადებას.

თქვენი კარიერის ადრეულ ეტაპებზე, გუნდის წახალისება, რომ არა მხოლოდ მოუსმინონ, არამედ დაეთანხმონ თქვენს იდეებსა თუ შეხედულებებს და შესაბამისადაც იმოქმედონ, შეიძლება რთული აღმოჩნდეს. ხშირად, გრძნობთ, რომ არ გაქვთ გავლენა და ყოველ ჯერზე გიწევთ ხელახლა აშენოთ საკუთარი რეპუტაცია. ზოგჯერ, როდესაც გინდათ დაარწმუნოთ ვინმე შეხედოს საკითხს თქვენი პერსპექტივიდან შეიძლება ცდილობდეთ რაციონალური არგუმენტით დარწმუნებას, ხელმძღვანელობდეთ მონაცემებით ან ცოტა დაჟინებულად არწმუნებდეთ თანამოსაუბრეს.

სამწუხაროდ, ეს მიდგომა ყოველთვის არ არის საკმარისი და შეიძლება კონტრპროდუქტიულიც კი იყოს. როდესაც სხვები ეწინააღმდეგებიან თქვეს იდეებს, როგორც წესი, საამისო მიზეზი აქვთ, რაზეც ისინი ხმამაღლა არ საუბრობენ. თუ აზრების შეცვლის იმედით გააგრძელებთ მათთვის ფაქტებისა და რიცხვებზე საუბარს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გაიგოთ, რა იწვევს მათ წინააღმდეგობას. ეს არა მხოლოდ ართულებს მათ წინააღმდეგობასთან გამკლავებას, არამედ ხელს გიშლით დაინახოთ პერსპექტივა, რომლებიც დაგეხმარებათ ისწავლოთ და გააუმჯობესოთ ხედვა, როგორც ხელმძღვანელმა.

მსგავს სიტუაციაში უკეთეს შედეგებს მიაღწევთ, თუ გულწრფელად მოინდომებთ სხვისი მოსაზრების გაგებას, ნაცვლად იმისა, რომ ეცადოთ მეასედ აუხსნათ საკუთარი. მთავარია, სწორი კითხვების დასმა.

როგორ გადავლახოთ, როდესაც ვინმე ეწინააღმდეგება თქვენს იდეას ან შეხედულებას, მაგრამ არ გეუბნებათ მიზეზს

უკან დახევის ნაცვლად, დააზუსტეთ სხვა ადამიანის ავთენტური რეაქცია თქვენს ნათქვამზე. ეს შეიძლება ისე მარტივად ჟღერდეს, როგორც:

* სინამდვილეში, როგორ აღიქვით ეს იდეა?
* რას ფიქრობთ ჩემს შემოთავაზებაზე?

შეგიძლიათ კიდევ უფრო შორს წახვიდეთ რეაქციების შესწავლაში:

* რა მიგაჩნიათ ამ იდეის ძლიერ და სუსტ მხარედ?
* რა პოტენციურ უარყოფით მხარეებს უნდა ვაქცევდე ყურადღებას?

ჩვენ გვჩვევია ვივარაუდოთ, რომ თუ ადამიანებს არ მოსწონთ ჩვენი იდეა ან მცდელობა, ისინი ამას გვეტყვიან. სინამდვილეში, მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმე ღიად არ ეწინააღმდეგება თქვენს იდეას, სულაც არ ნიშნავს რომ ეთანხმება. გუნდის წევრების რეაქციების გაგებამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს შანსი აღმოაჩინოთ ბარიერები, რაც მათ აბრკოლებთ. შესაძლოა, საკუთარ აზროვნებაში დაინახოთ ეს ბარიერები.

როცა მიგაჩნიათ, რომ პრობლემას თქვენი იდეა კი არა, სხვა ადამიანები წარმოადგენენ

ყველას გვქონია გამოცდილება იმისა, როცა ვინმემ ჩვენი ისეთი იდეა ან პრობლემის გადაწყვეტა უარყო, რომელიც ძალიან ეფექტურად გვესახებოდა. მსგავს სიტუაციაში შეიძლება ინსტინქტურად იფიქროთ: „რა სჭირს ამ ადამიანს“; „რატომ უარყოფენ იდეას, რომელიც ყველას სარგებელს მოუტანს?“; „ასე უცებ რატომ ამბობენ უარს წინადადებაზე, რომლის მომზადებასაც თვეები შევალიე?”

ინსტინქტურად, პასუხის გაცემა და შეცდომებზე მითითება შეიძლება მოგინდეთ, თუმცა ნუ იჩქარებთ. ეცადეთ დაინახოთ მათი პერსპექტივა და დასვათ სწორი კითხვები, რითაც მათ მოსაზრებებს გაეცნობით.

* მითხარით, რა გაეჭვებთ ამ იდეაში…
* რა რისკებს მოიაზრებთ, რაც გაფიქრებთ?
* შეგიძლიათ გაიხსენოთ მაგალითი, როცა მსგავსი სიტუაცია ანალოგიურად განვითარდა?

ხშირად აღმოაჩენთ, რომ სხვისი სიტყვების ქვეშ არის ინფორმაცია და გამოცდილება, რაც ადამიანს უბიძგებს ჰქონდეს კონკრეტული რეაქცია. პასუხებიდან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ გაარკვიოთ, თუ რატომ არის მათი შეხედულება გონივრული.

როცა საუბარი ზედმეტად დაძაბულია

როცა საუბრობთ, მაგრამ გრძნობთ, რომ კოლეგა არ გისმენთ, ისხლეტს თქვენს ნათქვამს და უბრალოდ თავის რიგს ელოდება, რომ პასუხი გაგცეთ, მორიგი „ჩაწოდების“ ნაცვლად, შეაჯამეთ და უთხარით მისივე სიტყვები თქვენი ინტერპრეტაციით. ასე გადაამოწმებთ, სწორად გაიგეთ მისი ნათქვამი თუ არა:

* სანამ გავაგრძელებთ, დავაზუსტებ, რამდენად სწორად გავიგე თქვენი ნათქვამი…
* როგორც მივხვდი, თქვენთვის ყველაზე დიდი საფიქრალია ესა და ეს… ასეა?
* როგორც აღვიქვი, თქვენი აზრით საუკეთესო გზაა ესა და ეს. სწორად გავიგე?

როდესაც მათ რეაქციას ჩიხში შეჰყავხართ

ზოგჯერ, სხვისი უარი ძალიან უცნაურ პოზიციაში გამყოფებთ. თითქოს, ჩიხში შეხვედით და ვერ ხვდებით, რა იქნებოდა ალტერნატიული გამოსავალი. ასეთ დროს კარგი იქნება გააზიაროთ პრობლემა, რომლის წინაშეც გტოვებთ ეს უთანხმოება, შემდეგ დასვით კითხვები:

* თუ ჩემი იდეით არ წავალთ ან არ ვიპოვით უკეთეს ალტერნატივას, დრო და რესურსები ამოგვეწურება. როგორ მოვიქცეთ, თქვენი აზრით?
* სხვა ალტერნატივა ხომ არ გესახებათ?
* ჩემს ადგილას, როგორ წარმართავდით სიტუაციას?

შეიძლება აღიარებით დაუცველად იგრძნოთ თავი, რადგან არ იცით, როგორი იქნება საპასუხო რეაქცია, მაგრამ გულახდილობაში არის რეალური ძალა. ამით ადამიანს თანაგრძნობის გამოვლენაში ეხმარებით.

წყარო: HBR



WhatsApp-ში ერთდროულად უკვე 32 ადამიანთან შეძლებთ დარეკვას

PS5 ყოველი დღის მეათასე მომხმარებელს და ევროპის ჩემპიონატის 3 საგზური სოკარისგან