22
თებ
2018

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტით, GPB-ში იზრდება კომერციული რეკლამის განთავსების დრო

22 თებ 2018

21 თებერვალს, პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე, 83 ხმით, პრეზიდენტის ვეტო დაძლია, რის შედეგადაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლება-მოსილებები იზრდება. მოქმედი კანონმდებლობით, კომერციული რეკლამის განთავსების დრო, დღე-ღამის განმავლობაში, არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს, ცვლილების შემთხვევაში კი, მისი დრო 60 წუთამდე იზრდება.

BOG name
Bog name mob

კონკრეტულად, რა ცვლილებებს ითვალისწინებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი: საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილება იქნება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის, ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები მიმართოს დამწყები საწარმოების (სტარტაპების) წახალისების, ტელე, რადიო და ონლაინ პროდუქციის ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

კანონპროექტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა არ შეიძლება განთავსდეს დასვენებისა და უქმე დღეებში, აგრეთვე საუკეთესო დროს – სხვა დღეებში, გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს. სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს კომერციული რეკლამის განთავსების შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ხოლო ყოველ საათში – 12 წუთს (20 %-ს). დანარჩენ შემთხვევაში, კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა ყოველ საათში არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს (5 %-ს).“.

დასაშვები ხდება, აგრეთვე, გასართობი გადაცემებისა და სერიალების სპონსორობა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ვალდებული გახდებიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა (ნაცვლად 1 საათში, არანაკლებ 60 წამისა), რომლიდანაც არანაკლებ 10 წამისა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სათანადო სარეკლამო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამას უნდა დაუთმოს.

გარდა ამისა, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი აღარ გავრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, სერიალ(-ებ)ის, მხატვრული ან/და დოკუმენტური ფილმ(-ებ)ის დამზადების მომსახურების შესყიდვაზე.

მოქმედი კანონმდებლობით, სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია, გენერალური დირექტორის წინადადების გარდა, საკუთარი ინციატივით შეიტანოს ცვლილებები ბიუჯეტში. კანონპროექტით კი, სამეურვეო საბჭო უფლებამოსილი იქნება მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტში.

ამასთან, სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებებიდან ამოდის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების ძირითად პირობების დადგენის უფლებამოსილება.

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი 2017 წლის 22 დეკემბერს დაამტკიცა. კანონპროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან.

მარკეტერი მუშაობს, უახლოეს პერიოდში, შემოგთავაზოთ, ამ საკითხთან დაკავშირებით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პოზიცია. 

განხილვა