ჩემი პირველი სამსახური იყო „ბანკი რესპუბლიკა“, სადაც 2007 წელს, უნივერსიტეტის დასრულებისთანავე დავიწყე მუშაობა. პროფესიით ფინანსისტი ვარ. ბუნებრივია, ეს სფერო ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო, თუმცა იმ დროისათვის მთავარი უბრალოდ, სამსახურის პოვნა და პრაქტიკის დაგროვება აღმოჩნდა. თანაც, დღევანდელისგან განსხვავებით, 2007 წელს არ იყო ამდენი ორგანიზაცია. ვერც ისეთი სამუშაოებს მოძებნიდი, სადაც უბრალოდ, ფულს გამოიმუშავებდი.
მახსოვს, ყოველ საღამოს, დასაქმების საიტზე ვათვალიერებდი ახალ გაკანსიებს და ვაგზავნიდი CV-ს. უამრავ გასაუბრებაზე ვიყავი. ერთხელაც, „ბანკ რესპუბლიკას“ ვაკანსიას წავაწყდი და შევავსე აპლიკაცია. მიკრო დაფინანსების ექსპერტის ვაკანსიაზე გავიარე შესარჩევი ეტაპები და ამიყვანეს. პირველი ხელფასი, დაახლოებით, 350 ლარი იყო. თავდაპირველად, სტაჟიორი ვიყავი. ახალი გახსნილი ფილიალი იყო. ჩემს ფუნქციაში, მცირე ბიზნესის ახალი პორტფელის შექმნა და ანალიზი შედიოდა. მჭიდრო კონტაქტი მქონდა მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან, ყოველთვიურად ვაახლებდი ინფორმაციას, ვის რა სიტუაცია ან პრობლემა ჰქონდა. ამან მომცა საშუალება, რომ მესწავლა ადამიანებთან და ბიზნესებთან კომუნიკაცია. შემდეგ, კორპორაციული მიმართულებით გადავინაცვლე, სადაც უფრო საშუალო ბიზნესებთან ვურთიერთობდი. ამ პოზიციაზე ერთი წლის განმავლობაში ვიმუშავე.
პირველი დაბრკოლება იყო გზა, რადგან გლდანის ფილიალში გამიშვეს სტაჟირებაზე და დიდი მანძილის გავლა მიწევდა. ამასთან, ეს პროფესია ჩემგან მოითხოვდა ვყოფილიყავი მომთხოვნი კლიენტების მიმართ, დეტალურად გამომეკითხა. ადამიანისთვის მისი ყოველთვიური შემოსავლის შესახებ კითხვის და უამრავი სხვა უხერხულობის გადალახვა მომიწია, რამაც მიბიძგა აქტიურად მემუშავა კარიერულ წინსვლაზე. შედეგად, საშუალო ბიზნესების ექსპერტი გავხდი. აქ უკვე ფინანსურ უწყისებს ვაწარმოებდი, ვურთიერთობდი კომპანიებთან, მათ დამფუძნებლებთან თუ დირექტორებთან.
შემდეგ, საქართველოს ბანკში გადავინაცვლე, სადაც კორპორაციული ბანკირი ვიყავი, სენიორ ბანკირი და ბოლოს, დაახლოებით 40 მლნ დოლარის პორტფელს ვმართავდი. აქ უკვე ისეთი კომპანიები შედიოდა, რომლებზეც ალბათ, ყველას სმენია. ბოლო 8 წელია, ბანკიდან ტექ-სტარტაპებში გადავინაცვლე და დღემდე აქ ვარ.
გაბო მელივა – ტექ-ანტრეპრენერი