მალე, გაბორ მატე ქართული აუდიტორიის წინაშე წარდგება. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სპიკერის დათანხმება მარტივი არ ყოფილა. როგორც ონლაინ ფსიქოთერაპიის პლატფორმა Healo-ს თანადამფუძნებელი ანა მანჯგალაძე გვიყვება, გაბორ მატეს, ერთი წლის განმავლობაში, დღეგამოშვებით სწერდა და ქართული აუდიტორიისთვის ვებინარის ჩასატარებლად იწვევდა. მიზანი მიღწეულია – 26 მარტს, თბილისის დროით 20:30 სთ-ზე, გაბორ მატე სპეციალურად ქართული აუდიტორიისთვის ჩაატარებს ვებინარს და მათ მიერ დასმულ კითხვებსაც გასცემს პასუხს. ბილეთების შესაძენად, ამ ბმულს ეწვიეთ.
გაბორ მატემ სრულიად შეცვალა მსოფლიოს წარმოდგენა ტრავმასა და გონება-სხეულის კავშირზე. მისმა კვლევებმა მილიონობით ადამიანს საკუთარი თავი და სამყარო სრულიად ახალი კუთხით დაანახა. აჩვენა, როგორ აისახება ბავშვობის გამოცდილება და სოციალური ფაქტორები ჩვენს ჯანმრთელობაზე. მისი 5 ბესტსელერი წიგნი 43 ენაზეა თარგმნილი და დღეს ის მსოფლიოს წამყვანი ექსპერტია ტრავმის, სტრესისა და დამოკიდებულების საკითხებში. თავის ნაშრომებში, გაბორ მატე იკვლევს ადამიანური ტანჯვის ფესვებს და გვთავაზობს განკურნების ჰოლისტურ გზას. ამ დამსახურებით, მან კანადის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო მიიღო, ხოლო მისი უახლესი წიგნი 19 კვირის განმავლობაში New York Times-ის ბესტსელერების სიაში გახლდათ.
რა გელით გაბორ მატეს ვებინარზე? ამის შესახებ მარკეტერთან ანა მანჯგალაძე
M: როგორ დაითანხმეთ გაბორ მატე, უამრავი მცდელობის შემდეგ?

პროფესიით ფსიქოლოგი ვარ და ჩემს კოლეგა ანა ონიანთან ერთად ვუძღვები Healo-ს. ჩვენ შევქმენით მარკეტფლეისი ფსიქოთერაპევტებისთვის და მიზნად დავისახეთ, ყველასთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა ფსიქიკური კეთილდღეობა, მათი გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და სხვა გარემოებების მიუხედავად. ამ იდეიდან გამომდინარე, მე და ანამ გადავწყვიტეთ ისეთი ადამიანებისთვის მიგვეწვდინა ხმა, ვისი მოსმენაც ქართული აუდიტორიისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნებოდა. მათ შორის გახლავთ გაბორ მატე, რომლის წიგნების წაკითხვა და პოდკასტების მოსმენა განსაკუთრებულად შთაგვაგონებს. ასე დავიწყე მისთვის წერილების წერა. მთელი წლის განმავლობაში, დღეგამოშვებით ვწერდი, ვუყვებოდი საქართველოზე, მისი გამოცდილების ჩვენთვის გაზიარების მნიშვნელობაზე ქართულ აუდიტორიასთან შეხვედრას ვთხოვდი. მისი ასისტენტი ყოველ ჯერზე ზრდილობიანად მისტუმრებდა უარით, მსოფლიო დონის სპიკერის დატვირთული განრიგის გამო. თუმცა, საბოლოოდ, დაგვთანხმდნენ და გაბორ მატე ქართულ აუდიტორიას ვებინარის ფორმატში შეხვდება.
M: როგორია ღონისძიების ფორმატი?
ღონისძიება გაიმართება 26 მარტს, თბილისის დროით 20:30 სთ-ზე. მისი ხანგრძლივობა გახლავთ საათნახევარი. ვებინარი ინგლისურ ენაზე ჩატარდება, თუმცა მსურველთათვის, სინქრონული თარგმანიც იქნება ხელმისაწვდომი.
M: როგორც ახსენეთ, ვებინარის მონაწილეებს გაბორ მატესთვის კითხვების დასმის შესაძლებლობაც ექნებათ…
დიახ, ღონისძიება ითვალისწინებს კითხვა-პასუხის ფორმატსაც. მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში, ჩვენ შევაგროვებთ კითხვებს და მსვლელობისას გავაცნობთ სპიკერს. ასევე, მონაწილეებს თავადაც შეეძლებათ დასვან კითხვები ინგლისურად ან ქართულად, რაც სინქრონულად ითარგმნება.
M: მოგვიყევით ღონისძიების მთავარ თემაზე: „ტრავმა, დაავადება და განკურნება ტოქსიკურ კულტურაში“…
ვებინარის თემა შევარჩიეთ გაბორ მატეს უახლესი წიგნის „ნორმალურობის მითი“ მიხედვით, რომელსაც სამომავლოდ, აუცილებლად ვთარგმნით და გამოვცემთ ქართულ ენაზე. გამომდინარე იქიდან, რომ მასთან შეხვედრა ქართული აუდიტორიისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, საკუთარ კვლევებსა და მიგნებებზეც ისაუბრებს. ვფიქრობ, ძალიან მსუყე და საინტერესო იქნება ვებინარზე მოსმენილი ინფორმაცია აუდიტორიისთვის.
M: თქვენი ხედვით, რით იქნება მნიშვნელოვანი გაბორ მატეს ვებინარი ქართული აუდიტორიისთვის სწორედ ახლა?
როდესაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი, ჯერ კიდევ არ გვქონდა ეს მოცემულობა, რაც ახლა გვაქვს ქვეყანაში. ასეთ რთულ სიტუაციაში, ვფიქრობ, ძალიან მხარდამჭერი და საინტერესო იქნება ის ინფორმაცია, რასაც გაბორ მატე გაგვიზიარებს.
ისეთ თემებზე საუბარი, როგორიცაა ტრავმა და განკურნება, თან ისეთი მსოფლიო დონის სპიკერისგან, როგორიც გაბორ მატეა, აუცილებლად იქნება სასარგებლო ვებინარის მსმენელებისთვის. ის ყურადღებას გაამახვილებს იმ იდეაზე, რომ ადამიანის გონება და სხეული არ უნდა განვიხილოთ ცალ-ცალკე. ასევე, ისაუბრებს ქრონიკულ დაავადებებზე, რაც უკავშირდება სტრესულ, სოციალურ გარემოს და განიხილავს იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რასაც შეუძლია ხელი შეუწყოს ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, არსებულ ტოქსიკურ გარემოში ცხოვრების მიუხედავად.
M: ვისთვის არის ვებინარი?
სამიზნე აუდიტორია შეზღუდული არ გვაქვს, რადგან ჩვენი აზრით, გაბორ მატეს მოსმენა ყველასთვის საინტერესო იქნება, ვინც საკუთარი თავის განვითარებაზე ფიქრობს და ზრუნავს, ვინც დაინტერესებულია ფსიქოლოგიით, ფილოსოფიით, მედიცინით, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით მუშაობს.