in

“გადაამოწმე მისამართი” – თამარ ხმიადაშვილის ნამუშევრების სერია სტერეოტიპების სამყაროზე

“მინდა, სიტყვა მოვალეობა სურვილად გარდაიქმნას”


“გადაამოწმე მისამართი” – თამამი და პირდაპირი ნამუშევრების სერიაა, რომელზეც არტისტი თამარ ხმიადაშვილი 6 პანდემიური თვის განმავლობაში მუშაობდა. სახელწოდება უკავშირდება გარემოს იდეას, რომელიც ადაპტაციასა და უკეთ გააზრებაზე მიუთითებს – “ადამიანი უნდა იყოს იქ, სადაც აკეთებს იმას, რაც სურს, თუ შემთხვევით არ არის ამ ადგილას მოხვედრილი. ამიტომ, საჭიროა, მეტი ყურადღებით დავაკვირდეთ გარემოს და გადავამოწმოთ ჩვენი მისამართი” – ამბობს მხატვარი. 

ნამუშევრების სერია ნორმად ქცეულ სტერეოტიპებს ეძღვნება, რომლებიც ქალების ირგვლივ თანდათან ჩამოყალიბდა. მხატვარი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ქცეულ წარმოდგენებს უმოქმედო მდგომარეობას უკავშირებს, რომელიც საბოლოოდ ერთი მიმართულებით მოაზროვნე და მოქმედ ადამიანებს აყალიბებს. 

“კონკრეტული სტერეოტიპის გამოყოფის ნაცვლად, სჯობს, ზოგადად ვთქვათ, რომ ამ სერიის აქცენტი ყოველდღიური ცხოვრების რუტინაზე კეთდება. თითქოს, ყველა აკეთებს ამ კონკრეტულ რაღაცებს და ვალდებული ხარ, შენც ასე მოიქცე. არ იცი, რატომ, რისთვის, მაგრამ რადგან ყველა აკეთებს, უბრალოდ შენც უნდა ადგე და გააკეთო” – ამბობს თამარ ხმიადაშვილი. 

ფაქტია, გენდერებს შორის ბუნებრივად თუ ნაძალადევად არის მოვალეობები და ვალდებულებები გადანაწილებული. კითხვაზე, თუ ვინ აწესებს ამ სტერეოტიპულ საზღვრებს, პასუხი ძალიან მარტივია – ჩვენ. ადამიანები, რომლებიც ვიღებთ არსებულ მოცემულობას, არ ვეწინააღმდეგებით და რუტინული პერფექციონიზმით ვიცავთ “წესებს”. ამიტომაც, სიმბოლური გამოხატულებაა სახლები, რომლებიც ადამიანებს შთანთქავენ და ქალები, რომლებიც ამ სახლებს ჭამენ…

“რა თქმა უნდა, ეს კაცებსაც ეხება, მაგრამ ამ ეტაპზე იმას შევეხე, რაც ჩემთან უფრო ახლოს იყო. თან, თითქოს, უფრო მეტი ვალდებულება ქალების მხარეს აღმოჩნდა” – განმარტავს თამარი. 

მართალია, ეს საკითხი დიდი ხანია, ბევრი ადამიანის ყურადღების ცენტრში ექცევა და მის ირგვლივ მრავალი რამ თქმულა – პროტესტის თავისუფალი გამოხატვით, აგრესიით თუ სიმშვიდით, მაგრამ მხატვრის თქმით, პანდემიურმა წელმა ეს ვალდებულებების ფენომენი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა… ყველანი სახლებში გამოვიკეტეთ, ერთმანეთში აირია პირადი სივრცეები და შეიძლება ითქვას, გადაიკვეთა ის წერტილები, რომლებსაც აქამდე ვერ ვამჩნევდით დროის უქონლობის გამო, ან უბრალოდ სიცარიელე ავსებდა. 

“ამაზე მუშაობა “შეგნებულად” არ დამიწყია. უბრალოდ, რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი ყველა ნამუშევარი ამ თემის ირგვლივ ტრიალებდა. ალბათ, ირგვლივ არსებული რეალობა ნელ-ნელა ილექებოდა ჩემში. ქვეცნობიერით დავიწყე რაღაცის შექმნა და შემდეგ ცნობიერით განვაგრძე – გავაცნობიერე, რისკენ მივდიოდი”. – ასე იხსენებს თამარ ხმიადაშვილი სერიის დასაწყისს, რომელიც საბოლოოდ აქტუალურ და მნიშვნელოვან პრობლემებს შეეხო. თამარ ხმიადაშვილი დედიკას გალერეასთან თანამშრომლობს და სერია “გადაამოწმე მისამართიც” სწორედ აქ იყო წარმოდგენილი. 

ალბათ, როგორც ყოველთვის, ამ ნამუშევრების შესახებაც მრავალი ერთმანეთისგან განსხვავებული ინტერპრეტაცია გაჩნდება… თუმცა, როგორც თავად მხატვარი ამბობს, მის მიერ გამომუშავებული “კონკრეტიკიდან” გამომდინარე, ყველა მნახველს გარკვეული მიმართულება აქვს, სადაც რაღაც ზღვრის მიღმა უბრალოდ ვერ წავა და მაინც ერთი, მთავარი იდეის ირგვლივ იტრიალებს.

შესაძლოა, გიჩნდებათ კითხვა – რას შეცვლის ეს ყველაფერი რეალურ მდგომარეობაში? ყოველდღიურ ცხოვრებაში?

ესეც თამარის პასუხი: “ნამდვილად არ ვიცი, რას რამდენად შეცვლის, მაგრამ ვფიქრობ, საკმაოდ ბევრ კითხვას გააჩენს და სწორედ ესაა მთავარი. კითხვების წარმოქმნა, დასმა და შემდეგ პასუხების ძიება. როდესაც ნამუშევარი კითხვებს ბადებს, ესეიგი ის შედგა”.

მინდა, სიტყვა მოვალეობა სურვილად გარდაიქმნას

ავტორი: ქეთია ბელქანია


ნახეთ: ისლანდიაში ამოფრქვეული ვულკანის დრონიდან გადაღებული ფოტოები

ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ მოწყობილობას ადამიანებთან უსასრულოდ კამათი შეუძლია