in

„გადაწვის“ მთავარი მიზეზი ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ

M2
M2

თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ მსოფლიოში „გადაწვის“ ეპიდემია მძვინვარებს — ეს ნიშნავს, რომ ადამიანები უბრალოდ კი არ დაიღალნენ, არამედ დაღლის მაქსიმალურ ზღვარს მნიშვნელოვნად გადააჭარბეს. რა თქმა უნდა, ძალიან ადვილია ამის მიზეზად მეტისმეტად ბევრი მუშაობა დავასახელოთ, როგორც დიდი წნეხის, პასუხისმგებლობების გამოვლინება. თუმცა ამის საპირისპირო აზრს გამოთქვამს მკვლევარი ლიზ ვაისმენი: „გადაწვას ზედმეტი მუშაობა კი არ იწვევს, არამედ ის, რომ ძალიან მცირე გავლენა გვაქვს“.

უფრო დეტალურად რომ ჩავშალოთ, გადაწვის მთავარი მაპროვოცირებელი ძალა გავლენის ნაკლებობიდან მომდინარეობს. „როცა ბევრს ვმუშაობთ, უამრავი საქმე და ვალდებულება გვაკისრია, მაგრამ ვხვდებით, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს — საბოლოოდ ვერავინ ამჩნევს ჩვენს ნამოქმედარს თუ შრომას. ყველაფერი ერთ წრეზე მიდის და შედეგები არ იცვლება. სწორედ ეს წარმოშობს იმედგაცრუებას, დაღლას, დემორალიზებასა და უმოტივაციობას“.

ამის საპირისპიროდ, როდესაც ჩვენს შრომას მნიშვნელობა აქვს, გარკვეული გავლენებიც მოჰყვება და ირგვლივმყოფები ამჩნევენ, მთელ შესაძლებლობებს დაუღალავად ვიყენებთ. არაფერი გვეზარება, მოტივაციაც დიდი გვაქვს — ვგრძნობთ სისავსეს, ენერგიულობასა და „ყოვლისშემძლეობას“.

აქედან გამომდინარე, „გავლენის მქონე თანამშრომლების“ ყველაზე მნიშვნელოვანი პრაქტიკა ის არის, რომ ყოველთვის საჭირო საქმეს ასრულებენ. კარგად აცნობიერებენ საკუთარ ვალდებულებებს და იციან, ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთონ. ცხადია, აღნიშნულ ფაქტორს დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ დამსაქმებლებმა — ყველა „ვერ გადაარჩენს სამყაროს“, მაგრამ თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ, რომ რასაც აკეთებენ, თუნდაც უზომოდ მცირე საქმე იყოს, მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაწვა დომინოს პრინციპით მოედება მთელ ორგანიზაციას.

Perrier-ის საიუბილეო ბოთლები ფილიპ სტარკმა შექმნა

OpenAI ახალ ხელსაწყოზე მუშაობს, რომლითაც DALL-E 3-ის გენერირებულ სურათებს ამოიცნობს