რას აკეთებთ, როცა მნიშვნელოვანი, მაგრამ რთული გადაწყვეტილების წინაშე ხართ? ექსპერტებს მიმართავთ? მონაცემებს ეძებთ? სანდო მეგობრებსა და კოლეგებს ეკითხებით თუ თვითონვე ცდილობთ მოგვარებას?
სიმართლე ის არის, რომ ბევრი ჩვენგანის მიდგომა გადაწყვეტილების მიღებისას ერთნაირია. ჩვენ ყოველ ჯერზე მსგავს ინსტრუმენტებსა და ჩვევებს ვიყენებთ, მაშინაც კი, როცა ეს გადაწყვეტილებები ერთმანეთისგან დიდად განსხვავდება. ყველა პრობლემის ერთი სტრატეგიით გადაჭრა კი თქვენს უნარებს ზღუდავს. დიახ, უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად, თქვენ არსებული მიდგომებისგან თავი უნდა დააღწიოთ და საკითხებს განსხვავებულად შეხედოთ, მაშინაც კი, როცა ეს არ არის კომფორტული.
უპირველესად, საკუთარი გადაწყვეტილების მიღების ძლიერი და სუსტი მხარეები უნდა გაიაზროთ: როგორია თქვენი გადაწყვეტილების მიღების ფსიქოლოგია? რა არის თქვენთვის ძირითადი მიდგომა? რა მენტალური შეცდომები ან კოგნიტიური მიკერძოებები ჩნდება? შესაძლოა, იმის გარკვევამ, თუ რას აფასებთ, დაგანახოთ ის, თუ რატომ იღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და როგორ ზღუდავთ საკუთარ თავს რაღაც მიდგომებით. სწორედ ამ ნაბიჯით თქვენთვის ტრადიციული პროცესების გავლაც შეგიძლიათ შეწყვიტოთ.
PSP — „პრობლემის გადამჭრელის პროფილები“
ეს გადაწყვეტილების მიღების პერსონალური მიდგომებია, რაც ინდივიდუალური ძლიერი და სუსტი მხარეებით მიიღება. თითოეულ მათგანს სპეციფიკური კოგნიტიური მიკერძოებები ახასიათებს, რაც ჩვენს ქცევებსა თუ ჩვევებს ამჟღავნებს და კონკრეტულ გადაწყვეტილებამდეც მივყავართ. თუმცა რაიმეს არ გვიკრძალავს. როცა ჩვენ გავიგებთ, რისი კეთებისკენ გვაქვს მიდრეკილება, უფრო დინამიკური და მოქნილი გადაწყვეტილების მიღებასაც მოვახერხებთ. ახლა კი თითოეული მათგანი განვიხილოთ:
- თავგადასავლების მოყვარული: გადაწყვეტილებებს სწრაფად იღებთ და საკუთარ თავს ენდობით. როცა გამოწვევის წინაშე აღმოჩნდებით, იქნება ეს დიდი თუ პატარა, გირჩევნიათ გააკეთოთ ის, რაც სწორად მიგაჩნიათ, ვიდრე დახარჯოთ თქვენი ძვირფასი დრო ყველა შესაძლო ვარიანტზე ფიქრისთვის. თქვენ იცით ვინ ხართ და რა გსურთ, ასე რომ, ნაბიჯების გადადგმის არ გეშინიათ.
- დეტექტივი: თქვენ აფასებთ ინფორმაციას და ყოველთვის ეძებთ ფაქტებსა თუ მონაცემებს. არ იღებთ გადაწყვეტილებებს გრძნობებზე დაყრდნობით და გაინტერესებთ, რას გეუბნებათ ფაქტები. თქვენ გჯერათ, რომ რაც უფრო დეტალურად შეისწავლით საკითხს, მით უკეთეს შედეგს მიიღებთ.
- მსმენელი: ძალიან ბევრ ადამიანს ენდობით და ძალიან ბევრიც გიჭერთ მხარს. ხოლო, როცა გამოწვევის ან რთული გადაწყვეტილების მიღების წინაშე ხართ, სწორედ ამ ადამიანებს ეყრდნობით, ეკითხებით მათ აზრს და თავს კომფორტულად გრძნობთ, როცა იცით, რომ კონკრეტული საკითხის მარტო გადაწყვეტა არ გიწევთ.
- ფიქრის მოყვარული: თქვენ ბევრს ფიქრობთ და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების წნეხსაც უძლებთ. ფრთხილად განიხილავთ ვარიანტებს, რათა პოზიტიური და ნეგატიური მხარეებიც განსაზღვროთ. არ გჭირდებათ ბევრი მონაცემი, მაგრამ გჭირდებათ დრო და სივრცე, რათა გქონდეთ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი და იმის დასტურიც, თუ რატომ აქვს ამას მნიშვნელობა. სიჩქარე არ არის თქვენი მიზანი, თუმცა პროცესი ნამდვილადაა…
- ბრძენი: თქვენ ჩვეულებრივი რაღაცები არ გაკმაყოფილებთ და თქვენივე გზით სვლა გსურთ. როცა მრავალი არჩევანი გაქვთ, განსხვავებულის პოვნა გაინტერესებთ, გირჩევნიათ ის, რაც ჯერ სხვას არ აურჩევია. თქვენი გადაწყვეტილებებით კი ირგვლივ მყოფებს ხშირად აოცებთ.
აბა, რომელი პროფილი შეგეფერებათ? ბევრმა ჩვენგანმა რამდენიმე არქეტიპშიც კი შეიძლება ამოიცნოს საკუთარი თავი, თუმცა მაინც თითქმის ყოველთვის ერთი დომინანტური მიდგომისკენ ვიხრებით. ხოლო, მას შემდეგ, რაც დაადგენთ, იმ სტილს, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს მიდგომას, შეძლებთ ისწავლოთ, როგორ იმუშაოთ უკეთ მასთან ერთად ან მის გარეშე.
კოგნიტიური მიკერძოებები და PSP
კითხვაც არ უნდა იმას, რომ თითოეულ არქეტიპს თავისი ძლიერი მხარეები აქვს, მაგრამ აქაც არსებობს მეორე მხარე. თითოეულ პროფილს კოგნიტიური მიკერძოება ახასიათებს, რაც ეფექტური გადაწყვეტილების მიღების პროცესს აფერხებს. თუმცა ეს თითოეული პროფილის შემთხვევაში ინდივიდუალური გზებით შეგიძლიათ აიცილოთ თავიდან.
თავგადასავლების მოყვარული
თქვენი „ოპტიმისტური მიკერძოებები“ შეუჩერებელს გხდით, რაც საფრთხეში გაქცევთ. იმის გამო, რომ სწრაფად მოქმედება მოგწონთ და ყველაფრის მიმართ ოპტიმისტურად ხართ განწყობილი, ყოველთვის არ გაქვთ რეალური შეგრძნება იმისა, თუ რამდენი დრო შეიძლება დასჭირდეს X საკითხს. ამას კი „დაგეგმვის მიკერძოებებისკენ“ გადაჰყავხართ, სადაც თქვენ რისკის ქვეშ აქცევთ თქვენივე განრიგს და იმ ყველაფრის მიღწევას, რაც გსურთ.
ამის თავიდან ასაცილებლად, ყურადღება გაამახვილეთ თქვენს პირველ ტენდენციაზე. რას გეუბნებათ საკუთარი თავი? რა უნდა გააკეთოთ? შემდეგ კი განიხილეთ, როგორ იმუშავებდა ეს წარსულში მსგავსი გადაწყვეტილების დროს. თავგადასავლების მოყვარულის სული ზოგიერთი გადაწყვეტილებისთვის დიდებულიც კი შეიძლება იყოს…. გადაწყვეტილების მიღებისას სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად მუშაობაც დაგეხმარებათ. მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ — უხეშად ხომ არ ეპყრობით? იცით, თუ არა მათი მიზნების შესახებ და ითვალისწინებთ თუ არა მას? დარწმუნდით, რომ მათ განსჯის გარეშე უსმენთ და აღნიშნეთ ნებისმიერი საკითხი, რომელიც, შესაძლოა, დროულად ვერ გადაიჭრას.
დეტექტივი
იმ ფაქტს, რომ თქვენ დიდ სურათს ვერ ხედავთ, ისეთ სიტუაციამდე მივყავართ, სადაც არასწორ პრობლემას აგვარებთ, ან სწორი პრობლემის მხოლოდ ნაწილს. თანაც, მეტი ინფორმაციის ფლობა ყოველთვის არ ნიშნავს სწორი გადაწყვეტილების მიღებას, რადგან ეს ყოველთვის მიუკერძოებელს არ ნიშნავს, მით უმეტეს მაშინ, როცა ინფორმაციას მხოლოდ იმისათვის აგროვებთ, რომ თქვენი სიმართლე დაამტკიცოთ. ხოლო გამოქვეყნებული კვლევა, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ, არ არის ერთადერთი ტიპის ინფორმაცია.
სანაცვლოდ, მნიშვნელოვანია, შეამჩნიოთ, რომ სხვა ხმებიც ღირებულია. ყველა ინფორმაცია მონაცემის სახით არ მოდის, იგი ადამიანებშიც შეგიძლიათ მოიპოვოთ. მონაცემების მიღმა იმოქმედეთ, რათა მცოდნე წყაროებსაც დაელაპარაკოთ. თქვენი მონაცემების პერსპექტიულად გამოსაყენებლად კი თანამშრომლების ცოდნასა და გამოცდილებას დაეყრდენით.
მსმენელი
მსმენელად ყოფნა იმას ნიშნავს, რომ თქვენ გადაწყვეტილების მიღებისას დიდწილად სხვა ადამიანებს ეყრდნობით, იქნება ეს ოჯახი, მეგობრები თუ თანამშრომელი. შესაძლოა, „ავტორიტეტული მიკერძოებების“ მსხვერპლიც გახდეთ და თქვენზე გავლენა ძალაუფლების მქონე ადამიანებს ჰქონდეთ. თქვენ ერთგული ხართ მათ მიმართ, ვისაც ენდობით, ზოგჯერ იღებთ გადაწყვეტილებებს იმ საკითხებსა თუ ადამიანებზე დაყრდნობით, რომლებიც მოგწონთ, ამას კი უკვე „მოწონების მიკერძოებებს“ უწოდებენ. შესაძლოა, სხვებს რჩევისას კარგი განზრახვა ჰქონდეთ, მაგრამ ეს თქვენს შინაგან ხმას არ შეესაბამებოდეს, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ თქვენც არ მოგისმენიათ საკუთარი თავისთვის.
გაიაზრეთ, რომ თქვენი შინაგანი ხმა ღირებულია. სანამ სხვების აზრებს მოისმენთ, საკუთარ თავს ჩაუღრმავდით და დაადგინეთ, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შედეგში. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ მიმართოთ სხვებს. როცა პრობლემას მათთან ერთად განიხილავთ, მხოლოდ აზრებს არ მოუსმინოთ, არამედ განსხვავებებს ამ აზრებში. ხოლო თუ იმ გუნდში ხართ, რომელიც კონკრეტულ პერსპექტივას არ გთავაზობთ, მოძებნეთ ისეთი, ვინც ეშმაკის ადვოკატობას ისურვებდა.
ფიქრის მოყვარული
საფრთხის თავიდან ასაცილებლად თქვენ უპირატესობას ანიჭებთ უსაფრთხო, მაგრამ არა, საუკეთესო არჩევანს. ხოლო, იმის გამო, რომ თქვენ შედარებები და ვარიანტების აწონ-დაწონვა გიყვართ, შესაძლოა, „შედარებითმა მიკერძოებებმა“ საკითხების რეალური სახით დანახვაში ხელი შეგიშალოთ. თქვენ სიტუაციის სხვა რაღაცასთან შედარებისკენ ხართ მიდრეკილი, რაც პრობლემას ვიწრო ჩარჩოში აქცევს.
აღიარეთ, როცა საკუთარ თავში ჩაიკეტებით. თქვენი დრო ღირებულია. დააწესეთ გადაწყვეტილების მიღების ვადები, სანამ პროცესს იმის შეზღუდვის საშუალებას მისცემთ, თუ რამდენი ხნით და რამდენად ხშირად შეგიძლიათ იფიქროთ. არ აქვს მნიშვნელობა მარტო მუშაობთ თუ გუნდთან ერთად, ფიქრის მოყვარულები სარგებელს იღებენ, უპირველესად, წარმატების ხედვის შექმნით წარმატების საზომის იდენტიფიცირებისა და პრობლემის ინვერსიისთვის. გადაწყვეტილებაზე ფოკუსირებით, თქვენ გზაზე დარჩენა და სხვებთან ერთად მუშაობაც გაგიადვილდებათ.
ბრძენი
ამაღელვებელი იდეებისკენ მიზიდულობის მიდრეკილებით, შესაძლოა, „გამორჩეულ მიკერძოებებთან“ გქონდეთ საქმე. მიეჩვიოთ ყველაზე ცნობილ გადაწყვეტილებას ან ყველაზე თამამ იდეას, თუნდაც, ეს არ იყოს საუკეთესო ვარიანტი. ძალიან აფასებთ დამოუკიდებლობას, ეს იშვიათია და „დეფიციტურ მიკერძოებებს“ წარმოქმნის, რომელიც ღირებულებას უკარგავს იმას, რაც გავრცელებული და ბევრია. ამან კი, შესაძლოა, ჭკვიანური გადაწყვეტილების მიღების ნაცვლად, განსხვავებულობაში ინვესტირებისკენ გიბიძგოთ.
გაიაზრეთ ჩვეულებრიობის ღირებულება: თქვენი ხედვის სხვებთან მკაფიოდ გაზიარებითა და მონაცემების შეგროვებით მის გამოსაცდელად, თქვენ უკეთესი წარმოდგენა შეგექმნებათ იმაზე, თუ რომელი შთამაგონებელი იდეა განახორციელოთ და რომელი, არა. მოითხოვეთ თანამშრომლებისგან უკუკავშირი, ჰკითხეთ ის, რაც გაიგეს და გაიაზრეს. არის თუ არა იდეა განხორციელებადი? არსებობს თუ არა ხარვეზები, რომლებიც უნდა აღმოიფხვრას? იციან თუ არა გუნდის წევრებმა, რაზე აქვთ პასუხისმგებლობა? მათი პასუხები თქვენი აზროვნების დახვეწაში დაგეხმარებათ.
გადაწყვეტილების დინამიკა
გამოდის, იდეალური PSP არ არსებობს. შესაძლოა, ზოგიერთი გადაწყვეტილება ან მისი ნაწილი კონკრეტული პროფილებით უკეთ მოგვარდეს, თუმცა ნამდვილად წარმატებული გადაწყვეტილება ფიქრის განსხვავებული პროცესების კომბინირებას მოითხოვს. სტანდარტული მიდგომისგან თავის დაღწევითა და სხვა პროფილებისგან სწავლით, შეძლებთ, უკეთ შეამოწმოთ და გამოიწვიოთ თქვენი მიკერძოებები. ამასთან, სიტუაცია უფრო სიღრმისეულად გაიაზროთ და უკეთ უზრუნველყოთ ის, რომ თქვენ მთლიან პრობლემას გადაჭრით.
უფრო დინამიკური გადაწყვეტილების მიღება თქვენი თავის უკეთ გაცნობით იწყება, ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ გვერდი აუაროთ პოტენციურ მიკერძოებებს და პრობლემის შესახებ ახალი პერსპექტივებიც შეიძინოთ. მართალია, ჩარჩოს მიღმა აზროვნება ყოველთვის მარტივი არ არის, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ გადაწყვეტილების მიღების კუნთებში უფრო მეტ ძალასა და მოქნილობას ამატებთ, რაც, თავის მხრივ, დიდი გადაწყვეტილებების უკეთ მიღებაში დაგეხმარებათ.
წყარო: HBR