პლასტმასას მრავალ სფეროში სხვადასხვა მიზნით საკმაოდ ეფექტურად იყენებენ, თუმცა იგი გარემოსთვის მაინც საზიანო მასალად რჩება. ამიტომ, გაეროს გარემოს დაცვის ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც მის წევრ ქვეყნებს პლასტიკური დაბინძურების პრობლემის მოგვარებას ავალდებულებს. 175-მა ქვეყანამ ამ რეზოლუციის ვალდებულებად ქცევას დაუჭირა მხარი და არა ნებაყოფლობითობას.
ხელშეკრულება პლასტმასის დაბინძურების აღმოსაფხვრელად ძირითად წესებსაც ასახავს. იგი საზღვაო ნარჩენების საკითხსაც ეხება და პლასტმასის მთელ სასიცოცხლო ციკლს მოიცავს. ეს გულისხმობს დიზაინიდან წარმოებამდე თუ გამოყენებიდან გადამუშავებამდე არსებულ პროცესებს, რაც, თავის მხრივ, გააკონტროლებს მიკრო და ნანოპლასტიკურ დაბინძურებას, პლასტმასასთან დაკავშირებულ ტოქსიკურ ქიმიკატებს თუ სხვა. ამ ყველაფრის შესრულებას კი სულ რაღაც ორ წელში გეგმავენ.
პლასტმასის მსოფლიო წარმოების მაჩვენებელი წელიწადში 400 მილიონ ტონას აღემატება, ბოლო 20 წლის განმავლობაში კი ეს მაჩვენებელი, წინა წლებთან შედარებით, მკვეთრად მაღალი იყო. და თუ პლასტმასის წარმოების კონტროლის სქემა გლობალურად არ იარსებებს, მომავალში სავალალო მდგომარეობას მივიღებთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ნავთობისა და გაზის კომპანიები პლასტმასას აქტიურად იყენებენ.
ფიქრობენ, რომ პლასტმასის წარმოებაში გამოყენებული 10 000-ზე მეტი დანამატისა და სხვა ქიმიკატების ტოქსიკურობის საკითხიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს. თანაც, მაშინ, როცა საკვების კონტეინერებში შემავალი ქიმიკატები ჩვენს მეტაბოლიზმსა თუ ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ, პლასტმასის შემცირება კაცობრიობის მომავალს დადებითად შეცვლის.