გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ კიდევ ერთი შემზარავი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ჩვენი უახლოესი მომავლის საშიშროებაზე მიანიშნებს. მის თანახმად, ჩვენსავე მოწყობილ ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ…
ანგარიშს თუ დავეყრდნობით, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ყოველწლიურად, დაახლოებით, 300-500 საშუალო და დიდი მასშტაბის კატასტროფა ფიქსირდებოდა. თანაც, ამჟამინდელი პროგნოზით, ეს რიცხვი 2030 წლისთვის 560 კატასტროფამდე გაიზრდება, რაც დღეში 1.5 კატასტროფას გულისხმობს.
ამასთან, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, კლიმტის ცვლილებებთან დაკავშირებულ კატასტროფებს ხშირად ამწვავებს გლობალური გადაწყვეტილებების მიმღები პირების კოლექტიური პოზიცია: „ყველაფერი კარგადაა“.
„მსოფლიომ მეტი უნდა გააკეთოს კატასტროფების რისკის გასათვალისწინებლად იმაში, თუ როგორ ვცხოვრობთ, ვაშენებთ, ინვესტიციას ვდებთ, რაც კაცობრიობას თვითგანადგურების სპირალში ითრევს“, — აცხადებს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე, ამინა მოჰამედი.
ამ ყველაფრის ფონზე ერთ დადებით ამბავს ის წარმოადგენს, რომ გაეროს კატასტროფების რისკის შემცირების სამსახურის (UNDRR) მიერ შემოთავაზებული პროტოკოლების შემოღების შედეგად, წინა ათწლეულში კატასტროფების შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი შემცირდა. ამასთანავე, გაცილებით დაბალია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებზეც კატასტროფებმა გარკვეული გავლენა იქონია.
მიუხედავად ამ დადებითი ასპექტისა, კატასტროფების მასშტაბი და ინტენსივობა იზრდება. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა სათანადოდ უნდა იზრუნონ გარემოზე.