in

გაფართოებული რეალობა – ახალი შესაძლებლობა მარკეტინგში

ხშირად გვესმის მოსაზრება, რომ ციფრული მარკეტინგი სწრაფად განვითარებადი სფეროა და სიახლეები, ლამის, ყოველდღიურ რეჟიმში გვხვდება. გაფართოებული რეალობა (Augmented reality) ერთ-ერთია იმ საიხლეთა შორის, რომელზეც, შესაძლოა, მომავალში მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდეს მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისას. თუმცა, უკვე არსებობს წარმატებულად ჩატარებული კამპანიები, რომლებზეც ღირს ყურადღების გამახვილება. მით უმეტეს, რომ გაფართოებული რეალობა იძლევა რამდენიმე მარკეტინგული მიზნის ერთდროულად მიღწევის შესაძლებლობას.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ეს არის ფიზიკური სამყაროს აღქმა სპეციალური მოწყობილობების დახმარებით, „გაუმჯობესებული“ სახით. ამ დროს რეალური საგნების აღქმა ხდება ისეთი დამატებითი კომპონენტების თანხლებით, როგორებიცაა ტექსტი, ვიდეო, გრაფიკული და სხვა ვიზუალური ელემენტები. გაფართოებულ რეალობაში ჩვენ ვხედავთ არა მარტო ფიზიკურ ობიექტებს, არამედ ამ ობიექტების დეტალურ თავისებურებებს ან სახეცვლილ ვარიანტს. მაგალითად, კონკრეტულ რეალურ გარემოში პროდუქტის ვირტუალური განთავსება, ტანსაცმლის ვირტუალურად მორგება-მოდიფიცირება, პროდუქტის სამგანზომილებიანი გამოსახულება და ა.შ. ტექნოლოგია თავსებადია მობილურ მოწყობილობებთან და თუ გავითვალისწინებთ სმარტფონების გამოყენების მასშტაბებს, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ გაფართოებული რეალობა გახდება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი მარკეტინგის ყველა თვალსაზრისით.

დღეისათვის არსებობს გაფართოებული რეალობის ოთხი ძირითადი სახეობა, რომელთა გამოყენება შესაძლებელია რეკლამისა და სხვა მარკეტინგული მიზნებისთვის:

  • Active print / packaging  განთავსებულია ჟურნალებში, გარე რეკლამებზე, პროდუქტის შეფუთვაზე, კატალოგებში. იგი მოქმედებაში მოჰყავს თავად მომხმარებელს, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია, რადგან არ არის საჭირო დიდი ზომის მოწყობილობა, განსხვავებით გაფართოებული რეალობის სხვა სახეობებისგან. საკმარისია მხოლოდ სმარტფონი ან პლანშეტი შესაბამისი აპლიკაციით;
  • Bogus window არის ჩვეულებრივ მინად შენიღბული სპეციალური ეკრანი. რეალური გამოსახულების ცვლილება ხდება მომხმარებლისგან დამოუკიდებლად. თუმცა, გამოსახულება აღიქმება ფანჯრის მიღმა არსებულ გარემოდ, სადაც თავად მომხმარებელი არ ფიგურირებს;
  • Geo-layer-ის შემთხვევაში მომხმარებელი არის შეცვლილი გამოსახულების შემადგენელი ნაწილი, რომლის ირგვლივაც რეალურ საგნებთან ერთად ჩანს დამატებითი ვირტუალური გარემო და ობიექტები.
  • Magic mirror ცვლის გამოსახულებას არა მარტო მომხმარებლის ირგვლივ, არამედ თავად მომხმარებელს, როგორც ერთ-ერთ მთავარ ობიექტს. ამისთვის გამოიყენება დიდი ეკრანი, მომხმარებელი საკუთარ თავს აღიქვამს მესამე პირის თვალთახედვით, შეცვლილი და დამატებითი ატრიბუტებით.

ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რასაც გაფართოებული რეალობა მარკეტერებს სთავაზობს, არის  მაქსიმალური პერსონალიზაციის შესაძლებლობა. მომხმარებელს საშუალება ეძლევა გამოსცადოს პროდუქტი ყიდვამდე, მოახდინოს მისი მოდიფიკაცია და მიღებული ინფორმაციისა და შთაბეჭდილებების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება. თუმცა, გაფართოებული რეალობის ტექნოლოგიის გამოყენებით ჩატარებული სარეკლამო კამპანიის წარმატება ბევრადაა დამოკიდებული მარკეტერების შემოქმედებით უნარებზეც, რაც განაპირობებს დადებითი ემოციური კავშირის ჩამოყალიბებას ბრენდსა და მომხმარებელს შორის. ბრენდის ცნობადობისთვის კი მობილური მოწყობილობები, მათი მასობრიობის გამო, ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი არხია. გარდა ამისა, როცა გადმოწერილი აპლიკაციების რაოდენობა გაიზრდება, მარკეტინგულ სამსახურს ამ არხის სხვა დანიშნულებებით გამოყენებაც შეეძლება. ამიტომ, გაფართოებული რეალობის ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებული იქნას არა მარტო რეკლამისთვის, არამედ შეიძლება მივიჩნიოთ ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ელემენტადაც.

გაფართოებული რეალობა შეიძლება განვიხილოთ როგორც კონცეფცია, რომელიც მოიცავს რეკლამირებას, გაყიდვას და მომხმარებლის მონაცემების შეგროვებას ერთიან პროცესში. მდიდარი მულტიმედიული შესაძლებლობები და ვიზუალური ეფექტები შესაძლოა გამოყენებული იქნას მაღალი ზეგავლენის მქონე კამპანიის ჩასატარებლად. სარეკლამო გზავნილის მიღების შემდეგ მყისიერადაა შესაძლებელი შეთავაზების გაკეთება და შესყიდვის ონლაინ რეჟიმში გაფორმება. მთელი ეს პროცესი აღირიცხება და მიღებული მონაცემები მზადდება ანალიტიკისთვის. ამიტომ, გაფართოებული რეალობა შეიძლება ჩაითვალოს არა მხოლოდ ტექნოლოგიურ სიახლედ, არამედ სრულიად ახალ კონცეფციად მარკეტინგში.

ტექნოლოგიურ სიახლეებზე საუბრისას გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ფაქტორი. კომპანია, რომელიც ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს ისეთი პროდუქტი, რაც მანამდე ბაზარზე მასობრივად არ არსებობდა, აქვს შანსი დაიმკვიდროს ინოვატორის რეპუტაცია. ეს კი დამატებითი კონკურენტული უპიტრატესობაცაა. თუმცა, არსებობს გართულებების და რისკების ალბათობაც. მათ უგულვებელყოფას შეუძლია კრიზისი შეუქმნას კომპანიას. რაც უფრო მასშტაბური იქნება დაგეგმილი კამპანია, მით უფრო მაღალი იქნება გართულებების რისკი. ამიტომ, გაფართოებული რეალობის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კამპანიის დაგეგმვამდე აუცილებელია მისი წინასწარი ტესტირება ფოკუს ჯგუფებზე.

ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანია Viking Footwear-ის მიერ ჩატარებული კამპანია გაფართოებული რეალობის მარკეტინგის წარმატებული მაგალითია. ჟურნალში განთავსებული ნაბეჭდი რეკლამის და მობილური აპლიკაციის კომბინაციით კომპანიამ შეძლო გაეერთიანებინა რეკლამირება, შეთავაზება და გაყიდვა ერთ პროცესში. ფეხსაცმლის კვალის ჩვეულებრივი გამოსახულება გამოიყენება როგორც მობილური აპლიკაციის მოქმედებაში მომყვანი. მობილური მოწყობილობის  კამერაში ფეხსაცმლის კვალის მოქცევით მომხმარებელს შეუძლია დაინახოს სამგანზომილებიანი გამოსახულება. აპლიკაცია სხვადასხვა მოდელების და ზომების დათვალიერების საშუალებას იძლევა. ეს არის სრულფასოვანი ინტერაქტიული კატალოგი. სასურველი მოდელის შერჩევის შემდეგ შესაძლებელია სპეციალურ ბმულზე გადასვლა და ონლაინ შესყიდვის გაფორმება. პროცესი ერთიანობაში მოიცავს ბეჭდურ რეკლამას, მობილურ აპლიკაციას და ონლაინ გაყიდვებს. ეს არის გაფართოებული რეალობის ტექნოლოგიისა და ელექტრონული კომერციის საუკეთესო ნაზავი.  

 

კიდევ ერთი წარმატებული მაგალითია IKEA-ს მობილური აპლიკაცია. კომპანია თავის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ვირტუალურად დაინახონ ავეჯი თავიანთ საკუთარ სახლში ბეჭდური კატალოგისა და მობილური აპლიკაციის დახმარებით. ამისთვის საჭიროა კატალოგის დადება ოთახის იმ მონაკვეთში, სადაც მომხმარებელს ავეჯის განთავსება სურს. მობილური მოწყობილობის ეკრანზე ჩნდება წინასწარ არჩეული ავეჯი რეალურ ზომაში. შედეგად ხდება შეფასება თუ რამდენად ერგება ავეჯის ზომა, ფორმა თუ ფერი ოთახის ინტერიერს. ასეთი მიდგომა სასარგებლოა როგორც მომხმარებლისთვის, ასევე კომპანიისთვის. მარკეტინგულ სამსახურს მომხმარებელში გაჩენილი დადებითი შთაბეჭდილების საფუძველზე შეუძლია გაზარდოს გაყიდვები და შეიქმნას ინოვატორი კომპანიის რეპუტაცია.

 

პერსონალიზებული კომუნიკაცია, არჩევანის კომფორტულად გაკეთების შესაძლებლობა, მომხმარებლის შესახებ მონაცემების შეგროვება და ინოვატორი კომპანიის რეპუტაცია ის უპირატესობებია, რამაც უნდა უბიძგოს მარკეტერებს განიხილონ გაფართოებული რეალობა თავიანთ მარკეტინგულ გეგმებში. მარკეტერები ხომ იმ კატეგორიის ადამიანები არიან, რომლებიც სხვებზე  უფრო მარტივად უღებენ ალღოს სიახლეებს. მათ შორის წარმატებული ქართული კომპანიების მარკეტინგის მენეჯერებიც. ამიტომ, საინტერესოა, როდის ვიხილავთ გაფართოებულ რეალობაზე დაფუძნებულ კამპანიას ქართველი მარკეტერების ავტორობით და რომელი კომპანია იქნება პირველი.

ირაკლი აბაშიძე

ბათუმის შოთა რუსთაველის

სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი



H&M-მა კარგად იცის, როგორ გამოიყენოს ძველი ტანსაცმელი

ბრენდის ძალა – ქართული ბრენდების მინიმალისტური ლოგოები #Meki