in

„სტარტაპი ყოველთვის რისკია და რაც დრო გადის, უფრო ნაკლებად ვართ მზად ამ რისკზე წასასვლელად“ – გაგა დარსალიას გზა Redberry-ს დაფუძნებამდე

ვერ ვიტყვით, რომ თითოეული ადამიანი განსხვავებულ გარემოში იზრდება, მათ უმეტესობას სკოლა, უნივერსიტეტი და სხვადასხვა, სასწავლო და სოციალური დანიშნულების დაწესებულება აერთიანებს. თუმცა, პიროვნების გადაწყვეტილებისუნარიანობასა და დამოუკიდებლობას მნიშვნელოვნად განაპირობებს ოჯახი და მისი წევრების დამოკიდებულებები. დღეს გაგაცნობთ სარეკლამო სააგენტო Redberry-ს თანადამფუძნებელს – გაგა დარსალიას, რომელსაც ოჯახმა დიდი სამსახური გაუწია საკუთარი თავისა და გადაწყვეტილებების რწმენის საკითხში. უნივერსიტეტის პირველივე კურსიდან, მან დაიწყო მცირე ბიზნესი და დღეს, ერთ-ერთი წარმატებული სარეკლამო სააგენტოს თანადამფუძნებელია. პიროვნულ თავისუფლებაზე, სამუშაოს მრავალფეროვნების მნიშვნელობასა და Redberry-ს დაარსებამდე განვლილ გზაზე მარკეტერს გაგა დარსალია ესაუბრა:

„სამი სკოლა გამოვიცვალე და მიუხედავად იმისა, რომ მე სამივე სკოლაში გამიმართლა, მგონია, რომ ზოგადად, სკოლა არის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ინსტიტუცია, რაც კი არსებობს ჩვენს ქვეყანაში. 12 წელი ძალიან დიდი დროა და სხვანაირად უნდა ხდებოდეს ამ დროის გამოყენება. ჩემს ოჯახსა და სანათესაოში ენტრეპრენერი ტიპები არიან და ამის გამო, არც ჩემი ოჯახისთვის და არც ჩემთვის საკუთარი ბიზნესის დაწყება რაღაც სასწაულთან არ ასოცირდებოდა. სტარტაპი ყოველთვის რისკია და რაც დრო გადის, უფრო ნაკლებად ვართ მზად ამ რისკზე წასასვლელად. ამ შინაგანი წინააღმდეგობის დაძლევაში კი საკმაოდ დიდ როლს თამაშობენ ოჯახი და მეგობრები.

საკუთარი ბიზნესის წამოწყებისა და ზრდის პროცესი არ არის სპრინტი – საკმაოდ გრძელი მარათონია, მრავალი დაბრკოლებით. შესაბამისად, რწმენას იმ იდეაში, რასაც ბიზნესი ეფუძნება, ხშირად შეიძლება ეჭვი დაემუქროს. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ მიზანმიმართულობა და მოთმინების უნარი ორი უმთავრესი თვისებაა, რაც ამ მარათონისთვისაა საჭირო. ბევრი ამ სტრესს ვერ უძლებს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან გამიმართლა, რადგან ჩემი მეუღლე, ოჯახი, მეგობრები და თანამშრომლები ყოველდღიურად მიჭერენ მხარს ამ გრძელ გზაზე.

ვსწავლობდი „იესემში“.  ეს ის პერიოდი იყო, „იესემი“ რომ თავისუფალი უნივერსიტეტის ნაწილი გახდა. მგონია, რომ ამ უნივერსიტეტის არსებობის ისტორიაში, ყველაზე კარგი 4 წელი მოუწია ჩემს თაობას, რადგან თავისუფალმა უნივერსიტეტმა პირველ წლებში ბევრი სიახლე და კარგი რამ შემატა ძველ ESM-ს. ეს იყო დიდი მოცულობით ზოგადი განათლება, რამაც თვალსაწიერი გაგვიფართოვა, პროფესიული განათლების მიღმაც. თავისუფალ უნივერსიტეტში გავიცანი იმ ადამიანების დიდი ნაწილი, ვისთანაც ყოველდღიური, საქმიანი ურთიერთობა მაქვს დღემდე.

პირველი ფული ვიშოვე პირველ კურსზე. ტიპები ხომ ბევრ რაღაცას ეძებენ გუგლში და არის ქივორდები, რომლის მოძიებისას კონკურენცია საიტებს შორის (რომელი გამოჩნდეს პირველი) – ნაკლებია. მოკლედ, თუ შენ ასეთ ქივორდებს იპოვნი და მომხმარებლისთვის სასურველ რესურსს შექმნი, რომელიც ძიებისას გამოჩნდება, გაგიჩნდება კლიენტები. პირველი ფული ასე ვიშოვე, ვიპოვნე ქივორდები – ხვრინვის საწინააღმდეგო წამლების ნიშაში და ერთი საშუალო ზომის პორტალი მქონდა, სადაც ასეთ წამლებზე ინფორმაციის მიღება და მათი ყიდვა შეიძლებოდა. ნელ-ნელა Google Search-ის უფრო და უფრო მეტ საძიებო ფრაზაზე აჩვენებდა ჩემს ვებგვერდს, შედეგების პირველ გვერდზე და მომხმარებლებიც გამიჩნდა. ამერიკის ბაზარზე ვმუშაობდი მხოლოდ, ქართული ტრაფიკი არც მაშინ და არც ახლა დიდად არ ფასობს. დაახლოებით, 5000 დოლარის წამლებს ვყიდდი ყოველთვე – 5-6% მქონდა საკომისიო აქედან, რაც პირველ კურსზე საკმაოდ კარგი იყო.

ბიზნესითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ყოველთვის ვიყავი, „იესემში“ ჩაბარების შემდეგ – კიდევ უფრო მეტად, რა თქმა უნდა. მაინტერესებდა, როგორ მუშაობდა ბიზნესი და სხვადასხვა ინდუსტრია, რა განაპირობებდა სხვადასხვა ბრენდის წარმატებასა და წარუმატებლობას, როგორი იყო სხვადასხვა კომპანიის მარკეტინგული მიქსი, როგორ კეთდებოდა კომუნიკაცია და ა.შ. ასევე, მაინტერესებდა ტექნოლოგიები, რაც დროსთან ერთად სულ უფრო და უფრო ვითარდებოდა და უფრო და უფრო მეტ შესაძლებლობებს ქმნიდა. ვფიქრობ, არასდროს არ ყოფილა საკუთარი ბიზნესის წამოწყება უფრო ხელმისაწვდომი, ვიდრე დღეს და ახლაა.

რაც შეეხება ჩემს სამუშაო გამოცდილებას:

„რედბერი“ შევქმენით მე და გიორგი მონავარდოსაშვილმა, ეს იყო 2014 წლის სექტემბერი. თავიდან ვიყავით ოთხნი და ჩვენი პირველი პროექტები ვებგვერდები იყო. დაარსებიდან სამი წლის განმავლობაში საკმაოდ გავიზარდეთ და 55 ვართ. ჩამოვყალიბდით Full-Service Digital Agency-ად და ვქმნით Digital First საკომუნიკაციო და ბიზნეს გადაწყვეტებს ჩვენი კლიენტებისთვის.

მამოძრავებს, რასაც ვაკეთებ. ეს საქმე ძალიან მიყვარს და ყოველთვის მიყვარდა. ამის გამო, მგონია, რომ გამიმართლა. სარეკლამო სფერო შემოქმედებითი ხარჯვისა და მრავალფეროვნების საშუალებას მაძლევს. რაც ყველაზე მეტად მამოძრავებს, არის ბიზნეს ჩელენჯები და მათი დაძლევის სურვილი. ვფიქრობ, რომ სააგენტოებმა უნდა შევქმნათ არა მხოლოდ საკომუნიკაციო გადაწყვეტები, არამედ გადაწყვეტები, რომლებიც ააჩქარებს და ახალ დინამიკას მისცემს კლიენტის ბიზნესის ზრდას. ჩემთვის ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალაა, როდესაც ვხედავ ჩვენი საქმისგან მოტანილ რეალურ შედეგებს კლიენტების ბიზნესებისათვის“.

SPAR საქართველო უბნის ფორმატის მარკეტებში კაფეს სივრცეს ამატებს

თბილისის მოდის კვირეული 27-30 ოქტომბერს გაიმართება