მე და მუსიკა ბავშვობიდან ახლო მეგობრები ვართ. მუსიკალური განათლება არ მაქვს, თუმცა ბაღის ასაკიდან ვმღერი. წლების განმავლობაში ვგალობდი ტაძარში, გიტარაზე დაკვრაც ჩემით ვისწავლე. შემდეგ, ქუთაისიდან თბილისში ჩამოვედი, ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში და მალევე შეიქმნა ჯგუფი „ფრანიც“. მე გაგა ჩიხლაძე ვარ, მსახიობი, მუსიკოსი და ავტორ-შემსრულებელი. 2005 წელს, შოთა ზაქარაიასთან ერთად, მუსიკალური ჯგუფი „ფრანი“ ჩამოვაყალიბე. ფესტივალებზე გამოვდიოდით, ხანაც ორგანიზებას ვუწევდით („მზიური“, „ანაბეჭდი ზღვაზე“, „არტ-გენი“). 2019 წლიდან, სოლო კარიერა გავაგრძელე, სასცენო სახელით GAGA FRANI.
ჯგუფის არსებობის დროს, შეიქმნა საკმაოდ ბევრი სიმღერა თუ ჰიმნი, რომლებიც მხოლოდ „სინგლის“ სახით მიეწოდებოდა ჩვენს გულშემატკივრებს. წლების განმავლობაში, არაერთხელ ვცადეთ ალბომზე მუშაობა, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო, სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ. ამასობაში, პანდემიამაც მოგვისწრო და უდიდესი ზიანი მიაყენა ჩვენს სფეროს. გადავწყვიტე, ეს დრო დასახული მიზნების მისაღწევად გამომეყენებინა. ჩამეწერა საკუთარი საავტორო ალბომი, რომელსაც ჩემს მსმენელამდე ფირფიტის სახით მივიტანდი. ვიქირავე სახლი, ჩემს მუსიკალურ პროდუსერთან და ხმის რეჟისორთან ლევან კიკვიძესთან ერთად. მოვაწყეთ სტუდია და ჩავწერე ალბომი. შემოქმედებითი ეტაპი როდესაც მორჩა, ტექნიკური მხარე დამრჩა. ეს კი, დაკავშირებული იყო გარკვეულ ხარჯებთან. ალბომი ფირფიტის სახით უნდა დამზადდეს, რაც ხარჯს 4-5-ჯერ ზრდის, ვიდრე CD-ის შემთხვევაში იქნებოდა. დროც მეტი სჭირდება, რადგან საქართველოში ფირფიტები არ იბეჭდება და საზღვრებს გარეთ გვიწევს ამ სერვისით სარგებლობა. ამავდროულად, დღევანდელ მსოფლიო ბაზარზე და მათ შორის, საქართველოშიც, ფირფიტებზე მოთხოვნა გაზრდილია, ხარისხი მაღალია და მეტადაც ფასობს.
შარქ თენქიის შესახებ აქამდეც ვიცოდი. ნანახი მქონდა სხვა ქვეყნების გადაცემები. წინასწარი მომზადების გარეშე, აბსოლუტურად სპონტანური „სფიჩითა“ და არასტანდარტული შეთავაზებით გამოვედი შარქებთან. აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი საკუთარ წარმატებაში. 30 000 ლარის სანაცვლოდ, შევთავაზე ჩემი საავტორო ფირფიტის მოგების 70%. ასევე, ვალდებულება ავიღე დამებეჭდა 600 ეგზემპლარი. თუმცა, ერთ-ერთმა შარკმა, დაჩიმ, გარდა იმისა, რომ შეთავაზება მიიღო და პროექტი დააფინანსა, საკმაოდ სასიამოვნო სურპრიზი მომიწყო და პროცენტული გარიგებაც, ავტორის, ანუ ჩემს სასარგებლოდ შეცვალა – ავტორს 70%, შარქს – 30%. ასევე, ჯერ არდაბეჭდილი ალბომის 100 ეგზემპლარი შესასყიდად წინასწარ დაჯავშნა მენიმ – ერთი პირობით – ავტორის ხელმოწერით.
ამ პროექტში გამარჯვებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩემი მუსიკალური, კარიერული წინსვლის თვალსაზრისით. შევიძინე უდიდესი გამოცდილება, საკუთარი თავიც კი სხვაგვარად შევიცანი, უფრო მეტი თვითდაჯერებულობა შემემატა, გაიზარდა საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა და რა თქმა უნდა, გაიხსნა გზა ახალი მიზნების მისაღწევად.
ჩანაწერებს ბერლინში გაუკეთდათ „მასტერინგი“ – გაფორმდა ხელშეკრულება კომპანია intakt-თან, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ამ სფეროში. სიმღერები მზად არის საბეჭდად, უბრალოდ, ევროპის ბაზარზე დიდი მოთხოვნილების გამო, ველოდებით ჩვენს რიგს, რომელიც გაზაფხულზე მოუწევს – მანამდე კი, ამ ალბომის ციფრული სახით პრემიერა Spotify-ის ოფიციალურ გვერდზე შედგა.
გაგა ჩიხლაძე – იდეის ავტორი
„შარქ თენქს“ საქართველოში პირველი არხი, Sony Pictures და სტენლი შოუ წარმოგვიდგენს. ასევე, შოუს გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი.












