5
Feb
2018

საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ ახალი ვიზუალური იდენტობა აქვს!

5 Feb 2018

2018 წლის სეზონისთვის, საფეხბურთო კლუბმა „გაგრა“ რებრენდინგი განახორციელა. კლუბის ფერი მუქი ლურჯია, რაც შავ ზღვასთან ასოცირდება, მისი სლოგანი კი არის Georgia United (საქართველო გაერთიანდა). როგორც „გაგრაში“ ამბობენ, კლუბის მიზანი ერთიანი საქართველოსთვის ბრძოლა და იმ ქალაქში ასპარეზობაა, რომლის სახელსაც ატარებს. ლოგოში კი თავმოყრილია ფერი (მუქი ლურჯი, ზღვისფერი), სიმბოლო – G, სლოგანი – Georgia United, დაარსების წელი – 2004 და სახელი – FC GAGRA.

„გაგრა მუდმივად ზრუნავდა იმიჯზე, ჯერ კიდევ იმ პერიოდში, როდესაც ბრენდების სიმრავლით ვერ დაიკვეხნიდა საქართველო, განსაკუთრებით კი ქართული საფეხბურთო სამყარო. გაგრას ტექნიკური პარტნიორი პუმა იყო და დღესაც ასეა. დღეისათვის, შეიცვალა ვიზუალური იდენტობა, არჩევანი მინიმალისტურ და სადა ლოგოზე შევაჩერეთ. ლოგოს პირვანდელ ვარიანტზე ლადო კობახიძემ იმუშავა, რომლის ვერსიაშიც ფერი შევცვალეთ. ლოგოს ძირითადი ფერი მუქი ლურჯია (ზღვისფერი). მოგეხსენებათ, გაგრა ზღვისპირა ქალაქია, გუნდი კი, ოფიციალურადაც, ამ ქალაქშია რეგისტრირებული და მისი სახელითაც იბრძვის. მეორე ფერი თეთრია, რომელიც სიწმინდის და სისუფთავის სიმბოლოა, რომელიც გუნდის პოლიტიკას უსვამს ხაზს,“ – გვითხრა კლუბის პიარის, მარკეტინგისა და სოც. მედია მენეჯერმა გურამ გაბრიჭიძემ, რომელმაც ლოგოს საბოლოო სახე მისცა.

საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ 2004 წელს დაარსდა, უკრაინაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის – ბესიკ ჩიხრაძის და მისი ბიძაშვილის, გოდერძი ჩიხრაძის მიერ. ფუნქციონირების განმავლობაში, კლუბმა ევროპა ლიგაზეც იასპარეზა და მისი გამორჩეული ტიტულია საქართველოს თასი (2010/2011) და ზამთრის თასი 2017. კლუბი, ამჟამად, ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობს.

განხილვა