ალბათ, ყველა მიჩვეული ვართ იმ ფაქტს, რომ პასპორტის ფოტოს გადაღებისას სერიოზულ სახეს ვიღებთ — თითქოს, დახურულ თემად იქცა სხვაგვარი გამომეტყველების მიღება. გვეშინია, რომ თუ გავიღიმებთ, ხელახლა მოგვიწევს გადაღება. ამის საპირისპიროდ, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აკრძალული არ არის პასპორტისთვის გაღიმებული ფოტოს გადაღება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, „შეგიძლიათ გაიღიმოთ პასპორტის ფოტოზე, მაგრამ დარწმუნდით, რომ ორივე თვალი ღია გაქვთ, პირი კი — დახურული“. აქვე მნიშვნელოვანია, რომ განმცხადებლებმა ნეიტრალური გამოხატულება შეინარჩუნონ — ანუ მოკრძალებულად გაიღიმონ. ასე მოგზაურების იდენტიფიცირება მარტივად მოხდება სახის ამოცნობის ტექნოლოგიის გამოყენებით.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს შეუძლიათ, ადვილად ამოიცნონ ერთმანეთის სახეები სხვადასხვა გამოხატულებით, კომპიუტერს ჩვენი მსგავსი თვალები არ აქვს… iVisa-ს თანახმად, ღიმილი ცვლის ჩვენი სახის მახასიათებლებს, რამაც შეიძლება მანქანაში ხარვეზი წარმოქმნას. ამავე მიზეზით, სათვალიან აპლიკანტებს სთხოვენ, ფოტოს გადაღებისას სათვალე მოიხსნან.












