7
სექ
2018

„კედელი ჩემი სოციალური მედიაა“ – #თაობა: გაგოშას „სოციალურად დაუცველი არტი“

7 სექ 2018

ზუსტად არავინ იცის, როდის. შესაძლოა, როცა სამსახურში გვაგვიანდება, ან სახლის ფანჯრიდან გავყურებთ გვიანღამის ცარიელ ქუჩას, ან როდესაც პრობლემები ჭარბობენ სიკეთეებს და გადაუღებელი წვიმისას, თავშესაფრად საკუთარი ღმერთების ძებნას ვიწყებთ, გაგოშა (გიორგი გაგოშიძე) ქალაქის მიწისქვეშა გადასასვლელებისა თუ კორპუსების კედლებზე ისახება, როგორც „სოციალურად დაუცველი არტი“, რომელსაც „ხან ბრუსლი მოერევა, ხან სევდა“, ხან გამვლელი ბავშვები დააზიანებენ, ხან კი პროტესტის წაშლით დაინტერესებული პირები. თუმცა, მაინც, „გაგოშა ამ ქალაქში შეცვლის ყველაფერს“!

„კედელი ეს მედიაა. ჩემი სოციალური მედია“, – ამბობს ის და სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემებს ქალაქის კედლებიდან ეხმაურება.

მაგალითად ასე:

ან ასე:

ან ასე:

ასეც:

და ა.შ.

პირველ სტენსილს რომ ვაკეთებდი, ასე მეგონა, აქამდე ათასჯერ მქონდა გაკეთებული მსგავსი რამ. საერთოდ, მგონია, რომ ყველა ხელოვანი ასე, სახალხოდ უნდა აკეთებდეს არტს. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ არტისტი ვარ. ასეთი რამ პროფესია არ არის. ჩემთვის მთავარი წერტილი მიმდინარე მოვლენების კომენტირებაა. ეს არ არის პოზიციის დაფიქსირება მხოლოდ პოლიტიკურ, თუ სოციალურ თემებთან დაკავშირებით. ეს არის თვითგამოხატვა, უკვე ჩვეული რეაქცია მნიშვნელოვან მოვლენებზე“.

M: გაგოშასთვის თვითგამოხატვა უფრო მნიშვნელოვანია, თუ სათქმელის გამვლელამდე მიტანა?
ავტორი მარტო არასდროს არის და მით უფრო, სტრიტ-არტი ინტერაქტიული პროცესია, ანუ მასში ჩართული უნდა იყოს აღმქმელი, მკითხველი, მნახველი. თავისი ფუნქცია უნდა ჰქონდეს. არ მთავრდება დღევანდელი ხელოვნება იქ, რომ შენ რაღაც შექმენი და დადე. ქუჩის არტი კი არის ერთგვარი არტტერორიზმი, ჰაკიმ ბეის თუ დავუჯერებთ, თუმცა, არ შემიძლია, რომ  ვიღაცას დავაძალო აღქმა და ესეც შეიძლება სოციალური მზაობის თემაა, ანუ, რაც უფრო მეტი ხალხი აღიქვამს, რაც უფრო მეტი ხალხი აკვირდება, ეგ ნიშნავს, რომ სოციუმი უფრო განვითარებულია. შეიძლება არანაირი მნიშვნელობა აქვს ამას, არ ვიცი. მემგონი ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ რაღაც თემები წამოვწიო და ჩემი კუთხით ვისაუბრო.

კონცეპტუალური არტი ქალაქის კედლებზე, რომელსაც ხშირად შლიან.. 
არის რაღაც არტი, რომელსაც სამართალდამცავები, ან მერიის ხალხი შლის, იმიტომ, რომ მათ არ აწყობთ ამ თემაზე საუბარი. ვიღაც ბავშვი თუ ვანდალურად აფუჭებს, ამაზე რეაქცია არ მაქვს, იმიტომ, რომ სოციალურ სივრცეშია გაკეთებული და რა თქმა უნდა დაუცველია. ერთგვარი ხიბლიც აქვს, რომ სოციალურად დაუცველია არტი, რომელსაც ვქმნი.

ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი აგვისტოს ომსა და რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს ეხება – თასი, სისხლიანი ჩონჩხები და წარწერა Russia 2008 ეწერა. „გასვლით მატჩზე იყვნენ ჩვენთან, 10 წლით ადრე, სანამ თავიანთ ტერიტორიაზე ჩემპიონატს გამართავდნენ“.

M: რა არ გაძლევს გაჩერების საშუალებას? რისი შეცვლა გინდა?
ბევრ რამეს შევცვლიდი. საქართველოში პრობლემა ის არის, რომ ჩვენ რაღაც კლიშეები გვაქვს, რომლებიც გვერგო მშობლებისგან. ერთგვარი საბჭოთა დანატოვარი გვაქვს და მისი გადააზრება არასდროს გაგვიკეთებია. მე მგონია, ის უნდა შეიცვალოს, რომ ყველაფრის გადააზრება შევძლოთ. სტრიტ-არტი არის ერთ-ერთი მთავარი ჯანყი და გზა ამ ყველაფრის გადასააზრებლად. ეს საშუალებაა, გააპროტესტო, დასვა კითხვები და მოძებნო პასუხები, რომლებიც მიგიყვანს ჭეშმარიტებასთან.



განხილვა