„მიძღვნის 30 წელი“ – ამ კამპანიით აღნიშნავს გაგუას კლინიკა იუბილეს, რომელიც იმ ადამიანების ნამდვილ ამბებს აერთიანებს, ვინც ამ ისტორიას ქმნის. 90-იან წლებში დაწყებულ მცირე მასშტაბებს დღეს უკვე 500 თანამშრომლისგან შემდგარი ძლიერი გუნდი აგრძელებს. თუკი თავდაპირველი მიზანი პალატებში ელემენტარული სითბოს შექმნა და დედისთვის შვილის გვერდით ყოლის შესაძლებლობა იყო, დღეს კლინიკა თანამედროვე მედიცინის ყველა სტანდარტს სრულად პასუხობს. წლების განმავლობაში გაჩენილი არაერთი სამედიცინო ცენტრის მიუხედავად, გაგუას კლინიკა უცვლელად ინარჩუნებს ოჯახების უდიდეს ნდობას. განვლილ გზასა და დაგროვილ გამოცდილებაზე კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი გაგუა გვესაუბრა.
M: კამპანიის მთავარი გზავნილი „მიძღვნის 30 წელი“ საკმაოდ ემოციურია და ადამიანების ისტორიებს აერთიანებს. რას ნიშნავს მიძღვნის 30 წელი თქვენთვის?

პირველ რიგში, ეს არის ჩვენი გუნდის თავდადება, რომელიც იმ პირველი 30 ადამიანიდან დაიწყო და უკვე სამი ათწლეულია ოჯახების გახარებასა და მათ მხარდაჭერას ემსახურება. ამავდროულად, ეს არის უდიდესი გამოცდილება და გულწრფელი, ადამიანური ზრუნვა, რაც ზედმიწევნით ზუსტად გვაგრძნობინებს დედისა და ბავშვის თითოეულ საჭიროებას და მათთვის ყველაზე მთავარს, სრულ სიმშვიდესა და უსაფრთხოებას ქმნის.
M: 1996 წლიდან დღემდე საკმაოდ გრძელი და საინტერესო გზა გაიარეთ. როგორ დაიწყო გაგუას კლინიკის ისტორია და როგორ გარდაიქმნა ეს წამოწყება დღევანდელ მასშტაბურ ეკოსისტემად?
გაგუას კლინიკა 1996 წელს შეიქმნა. იმ პერიოდში ის „ორიონის“ სახელით, იაშვილის კლინიკის ბაზაზე, სულ რაღაც 500-600 კვადრატულ მეტრზე ფუნქციონირებდა და 10 საწოლს მოიცავდა. იმ ექიმების მთავარი მიზანი, ვინც ამ ინიციატივის სათავეებთან იდგა, დედათა და ბავშვთა ცენტრის ერთ სივრცეში თავმოყრა იყო, რაც ახალშობილისა და დედის მაქსიმალურ უსაფრთხოებასა და მათ მუდმივ ერთად ყოფნას უზრუნველყოფდა.
იმ დროისთვის ეს იყო პირველი კერძო სამედიცინო დაწესებულება, სადაც გუნდი, დავით გაგუას ხელმძღვანელობით, სრულიად განსხვავებული სტანდარტის დამკვიდრებას შეეცადა – როგორც მოქნილი ანგარიშსწორების სისტემებით, ისე პაციენტის კომფორტზე ორიენტირებულობით. მაშინდელ საქართველოში ეს კომფორტი ელემენტარული ყოფითი პირობების შექმნას გულისხმობდა – გათბობით დაწყებული, მოწესრიგებული პალატებით დასრულებული. ამ ინიციატივამ მალევე მოიპოვა საზოგადოების ნდობა და მშობიარეთა რიცხვიც წლიდან წლამდე დინამიკურად იზრდებოდა.
დროთა განმავლობაში გავიზარდეთ და შევქმენით უნიკალური სივრცე, სადაც პაციენტი „ერთი ფანჯრის პრინციპით“ სრულ სამედიცინო მომსახურებას ერთ ადგილზე იღებს. ეს მიდგომა ექიმებს საშუალებას აძლევს, მუდმივად გუნდურად ითანამშრომლონ და ნებისმიერ საჭიროებას სწრაფად, დაყოვნების გარეშე უპასუხონ, რაც პირდაპირ განსაზღვრავს მკურნალობის მაღალ ხარისხსა და პაციენტის სიმშვიდეს.

M: 30-წლიანი განვითარების პროცესში რომელი იყო ის საკვანძო, გარდამტეხი მომენტები, რამაც ბრენდის იდენტობა და მისი ბაზარზე პოზიციონირება საბოლოოდ განსაზღვრა?
გარდამტეხი იყო ის ეტაპები, როდესაც პრინციპული, სტრატეგიული გადაწყვეტილებები მივიღეთ. მაგალითად, როგორც 2008-ში, ისე 2017 წელს, ბაზარზე არსებული ტენდენციების მიუხედავად, თავი შევიკავეთ დივერსიფიცირებული სერვისების დამატებისგან, მათზე არსებული მაღალი მოთხოვნის მიუხედავად.
ამ მიდგომის მკაფიო მაგალითია საბურთალოს ამბულატორიაც, სადაც ჩვენი აქცენტი დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაა. მიუხედავად ისეთი გამოწვევებისა, როგორიცაა შობადობის შემცირების ტენდენცია თუ საყოველთაო დაფინანსების მოდელების ცვლილება, ჩვენ ამ სტრატეგიულ ხაზს მივყვებით.

M: როგორ შეძლო კლინიკამ საზოგადოების ნდობის მოპოვება და როგორ ინარჩუნებთ მას ათწლეულების განმავლობაში?
კლინიკის ისტორია 30-კაციანი გუნდით დაიწყო, დღეს კი ჩვენი ორგანიზაცია 500-ზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს. გაგუას კლინიკის მთავარი ღირებულებებია: პროფესიონალიზმი, ზრუნვა, განვითარება, პასუხისმგებლობა. ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმი და მაღალი პასუხისმგებლობა უზრუნველყოფს გარემოს, სადაც თითოეული გადაწყვეტილება სანდოობასა და პაციენტის ინტერესებს ეფუძნება. ამასთან, გულწრფელი ზრუნვა და ტექნოლოგიების უწყვეტი განვითარება გვეხმარება, ზუსტად ვუპასუხოთ ადამიანების საჭიროებებს და მუდმივად გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი.
ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი პაციენტზე ორიენტირებული გარემოა. უახლეს ტექნოლოგიებთან ერთად, ჩვენთვის უცვლელია ინდივიდუალური მიდგომა და გულწრფელი ზრუნვა. სწორედ ეს ადამიანური ფაქტორი გამოგვარჩევს და გვაძლევს საშუალებას, წლების განმავლობაში პაციენტების პირველი არჩევანი ვიყოთ.

M: რა გამოცდილებასა და პროფესიულ ექსპერტიზას ეფუძნება დღეს გაგუას კლინიკის წარმატება?
გუნდურობამ, საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანებამ და იმ ადამიანებმა, რომლებიც უკვე სამი ათეული წელია ჩვენთან მუშაობენ და ამ საქმეს ემსახურებიან, შექმნეს ის მყარი საფუძველი, რომელზეც კლინიკა დგას. ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია ახალი თაობის ინტეგრაცია – ჩვენ გვაქვს სტუდენტებისა და რეზიდენტურის ძალიან ძლიერი პრაქტიკა, რითაც სისტემურად ვზრდით ახალგაზრდა თანამშრომლებს და მათ ამ უდიდეს პროფესიულ გამოცდილებას ვუზიარებთ.
კლინიკაში ყოველწლიურად 5,000-ზე მეტი ბავშვი იბადება, რაც თბილისში მშობიარობათა საერთო რაოდენობის დაახლოებით 25–30%-ს შეადგენს. ბუნებრივია, ჩვენი გუნდის პრაქტიკული გამოცდილება რთული და არასტანდარტული შემთხვევების მართვაში უპრეცედენტოდ დიდია. პაციენტების მაღალმა ნაკადმა, უწყვეტმა პრაქტიკამ და გუნდის შეთანხმებულმა მუშაობამ მოგვცა საშუალება, სამედიცინო ხარისხის თამასა ძალიან მაღალ ნიშნულზე აგვეყვანა და სფეროსთვის ახალი სტანდარტი დაგვეწესებინა.

M: როგორ განვითარდა კლინიკის ინფრასტრუქტურა და რა ციფრული გადაწყვეტები დანერგეთ პაციენტის გამოცდილების გასაუმჯობესებლად?
ტექნოლოგიური თვალსაზრისით ყოველთვის ვცდილობთ, მოწინავე პოზიციებზე ვიყოთ. ჯერ კიდევ 2010-იანი წლების დასაწყისში დავიწყეთ ქაღალდის დოკუმენტბრუნვიდან სრულად ელექტრონულ სამედიცინო სისტემებზე გადასვლა. 2018 წელს კი დავნერგეთ პაციენტის მობილური აპლიკაცია, რაც იმ დროისთვის ინოვაციური ნაბიჯი იყო. ამ პლატფორმამ სწრაფად დაიმსახურა მომხმარებლის ნდობა, რადგან პაციენტს საშუალებას აძლევს, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე, გამჭვირვალედ გაეცნოს კვლევის შედეგებს, მიიღოს დანიშნულება და ჰქონდეს პირდაპირი კომუნიკაცია მკურნალ ექიმთან. ტექნოლოგიების პრიორიტეტიზაციამ პირდაპირ გაზარდა როგორც პაციენტის კმაყოფილება, ისე სამედიცინო უსაფრთხოების ხარისხი.

M: შეჯამების სახით რომ ვთქვათ, რა არის გაგუას კლინიკის მთავარი კონკურენტული უპირატესობა დღევანდელ ბაზარზე?
ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა ერთიანი, შეკრული ეკოსისტემაა, რომელიც სამედიცინო ხარისხს, პაციენტის უსაფრთხოებასა და ძლიერ გუნდს ეფუძნება. რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ორსულობის მართვა, მშობიარობა, ახალშობილთა მაღალტექნოლოგიური რეანიმაცია, პედიატრია, გინეკოლოგიური ქირურგია და სხვა — მომსახურების სრული ციკლი ერთ სივრცეშია გაერთიანებული. ეს პაციენტისთვის უწყვეტ და კოორდინირებულ ზრუნვას ნიშნავს.
ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი ჩვენს მიდგომას საერთაშორისო აკრედიტაციაც ადასტურებს, რომელიც უკვე მესამედ გავიარეთ. ეს გზა ჯერ კიდევ მაშინ დავიწყეთ, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან ამის ვალდებულება არ არსებობდა — მაღალი სტანდარტის დამკვიდრება ჩვენი გააზრებული არჩევანი იყო.
ამ ყველაფერს ჩვენი გუნდი ქმნის. ამიტომ თანამშრომლების პროფესიული განვითარება, კმაყოფილება და მათზე ზრუნვა ჩვენი მუდმივი პრიორიტეტია. ვზრუნავთ ახალი თაობის პროფესიონალებად ჩამოყალიბებასა და ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც ადამიანები თავს დაფასებულად გრძნობენ და მუდმივად ვითარდებიან. პარალელურად, ვაუმჯობესებთ ტექნოლოგიებს და შიდა პროცესებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციაზე ვმუშაობთ, რათა მომსახურება უფრო ეფექტიანი გახდეს და გუნდს პაციენტზე ზრუნვისთვის მეტი დრო ჰქონდეს.
M: როგორ წარმოგიდგენიათ ამ ისტორიის მომდევნო ეტაპი და როგორია კლინიკის სამომავლო გეგმა?
30-წლიანი გამოცდილების შემდეგ, ჩვენი განვითარების მომდევნო ეტაპი გეოგრაფიულ გაფართოებას, ახალი სერვისების განვითარებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას მოიცავს. გვინდა, პაციენტებს მათ საჭიროებებზე მორგებული, პროაქტიული მომსახურება შევთავაზოთ და სამედიცინო ხარისხისა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვით მათი გამოცდილება მუდმივად გავაუმჯობესოთ. ამ განვითარების მთავარი ძალა ჩვენი გუნდია — ამიტომ თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი პროფესიული ზრდა და ახალი თაობის გაძლიერება ჩვენს უცვლელ პრიორიტეტად რჩება.
[R]











