ჯერ კიდევ, პანდემიამდე, აშშ-ში შვებულების მილიონობით დღე გამოუყენებელი დარჩა. როგორც სხვა უამრავ შემთხვევაში, პანდემიამ მხოლოდ გააღრმავა პრობლემა. უმეტესობა ჩვენგანი მიილტვის გარემოის შეცვლისკენ და კვლევებით დასტურდება, რომ შვებულება რამდენიმე მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი. დასვენება გვმატებს გამძლეობას და უფრო მარტივად ვუმკლავდებით გარდაუვალ სირთულეებს. ის გვაძლევს საშუალებას, გარემოებას სხვა თვალით შევხედოთ და დასვენებული გონებით გადავჭრათ საკითხი. ამავდროულად, შვებულება სხვა ცხოვრებისეული მიზნების მიღწევის საშუალებაა. რაკი მსოფლიო ცხოვრების ახალ ნორმაზე გადადის, დროა, შევახსენოთ საკუთარ თავს არამხოლოდ იმაზე, რომ უნდა გამოვიყენოთ შვებულება, არამედ იმაზეც, რომ მაქსიმალური მივიღოთ მისგან.
დაგეგმეთ წინასწარ, თუკი შესაძლებელია
ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რის წინაშეც პანდემიამ დაგვაყენა წინასწარ დაგეგმვის სირთულეა. ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს გარემოება, რაც რამდენიმეთვიანი პერსპექტივით გათვლას აძნელებს. კვლევებით დასტურდება, რომ რაც უფრო დიდი დრო გაშორებთ, მით ბუნდოვანია თქვენთვის საკითხი და უფრო მკაფიო ხდება, როცა დროითი შუალედი ნაკლებია. ეს ნიშნავს, რომ რაც უფრო ახლოსაა თქვენ მიერ დაგეგმილი შვებულება, უფრო ადვილად წყვეტთ წასვლას.
სამთვიანი შუალედის ფარგლებში, შესაძლებლობა გექნებათ იფიქროთ, როგორ გაერთობით შვებულების პერიოდში. შემდეგ, როდესაც ტური მოახლოვდება, ლოჯისტიკაზე დაიწყებთ ზრუნვას, მაგალითად, რას გამოტოვებთ სამსახურში, რისი დელეგირება მოგიწევთ.
აიღეთ, სულ მცირე, ერთი კვირა
ეს მნიშვნელოვანია, რადგან სულ მცირე, 1-2 დღე გჭირდებათ, რათა საქმზე ფიქრს მოწყდეთ, არ შეამოწმოთ მეილი, პროექტები, თანამშრომლები, გუნდი… ერთკვირიანი (ან მეტხნიანი) დასვენება გაძლევთ მოდუნების საშუალებას, იმის მიუხედავად, რომ იცით – ეს დასრულდება.
წადით სადმე – ნებისმიერ ადგილას
თუკი გაქვთ საშუალება, აუცილებლად წადით სახლიდან და პასუხისმგებლობებიდან შორს. ეს თქვენი დროა. შესაძლოა, ბევრი ადამიანია თქვენზე დამოკიდებული, თუმცა მნიშვნელოვანია აღმოჩნდეთ ისეთ ადგილას, სადაც ბევრი გადაწყვეტილების მიღება არ გიწევთ. სახლიდან გასვლა გეხმარებათ – შესაძლოა, ეს ახლომახლო სასტუმროც კი იყოს. დასვენება ბევრად ნაკლები გიჯდებათ, ვიდრე ის განტვირთვაა, რაც მას მოაქვს. თქვენი გარემოცვა ძლიერად მოქმედებს იმაზე, თუ რას ხატავთ თქვენს გონებაში, ამიტომ ამ ველიდან გასვლა გონებას გაგიხსნით. ფიზიკური სიშორე სხვანაირად დაგანახებთ ყველა საკითხს.
შეამზადეთ კოლეგები და კლიენტები წასვლამდე
შესაძლოა, მთელი კვირით დასვენებას გეგმავთ, თუმცა, სამუშაო პროცესი გრძელდება და ყურადღებას მოითხოვს. როგორ მოვიქცეთ, რომ თანამშრომლებისა და კლიენტების ზარებმა არ შეგვაწუხონ? სჯობს, მოამზადოთ წინასწარი გზამკვლევი, როგორ მოიქცნენ თქვენი არყოფნის შემთხვევაში. ამასთან, თუკი შვებულებას პოპულარულ დროს გეგმავთ, როდესაც სხვებსაც დასვენება სჭირდებათ, შესაძლოა, რიგ საკითხებს არასაკმარისად მიექცეს ყურადღება. იმისათვის, რომ შვებულებისწინა შფოთვა მოიშოროთ, იმუშავეთ ხელმძღვანელებთან ერთად, რათა საბაზო ამოცანები თქვენ გარეშეც სათანადოდ შესრულდეს. ეს მოქნილობას საჭიროებს, თუმცა აუცილებელია.
გამოიყენეთ დრო წასვლამდე და დარწმუნდით, რომ ადამიანები მზად არიან საკუთარ თავზე აიღონ მეტი პასუხისმგებლობა. გაანაწილეთ ამოცანები, ასწავლეთ, როგორ შეასრულონ საქმე მეტად გააზრებულად და დამოუკიდებლად. რაც მაღლა ადიხართ კარიერულ კიბეზე, მეტად გჭირდებათ მენტორინგის უნარები. ასწავლეთ და ეცადეთ, სამუშაო პროცესი უფრო ავტომატური იქცეს და ნაკლებად იყოს თქვენზე „ჩამოკიდებული“.
თუკი კლიენტებთან მუშაობთ, დარწმუნდით, რომ მათ ისეთ ადამიანს ჩააბარებთ, რომელიც სათანადოდ მიხედავს მომხმარებლების საჭიროებებს, თქვენს არყოფნაში. ამგვარად, არ იქნება გაუგებრობა და ყველა კმაყოფილი დარჩება. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ეს მთელი სამზადისი თქვენვე გეხმარებათ სიმშვიდის მოპოვებაში და არც შვებულების დროს იშფოთებთ სამსახურზე.
ყოველივე ეს მხოლოდ თქვენს შვებულებას როდი ემსახურება. ეს მნიშვნელოვანია თქვენი თანამშრომლების დამოუკიდებლობისთვის. შექმენით უფრო პასუხისმგებლიანი მენეჯერების აღზრდის ტენდენცია. თუკი თქვენ გარეშე საქმე ვერ კეთდება, ეს ისევ თქვენი მენეჯმენტის ბრალია – ამდენად, უნდა შეძლოთ აღზარდოთ პრობლემის მომგვარებელი გუნდის წევრები და შეგეძლოთ მათზე დაყრდნობა, რათა პასუხისმგებლობა და ძალა ყველაზე ნაწილდებოდეს და არა მხოლოდ ხელმძღვანელზე.
გაანებეთ თავი სმარტფონს
თქვენი სამოგზაურო გეგმები გაწერეთ ფურცელზე და არა სმარტფონში. ეს სამუშაოზე ყურადღების გადატანის მცდელობისგან გიხსნით. ნუ შეამოწმებთ სამსახურის საკომუნიკაციო არხებს შვებულებისას. იყავით იქ, სადაც ხართ და დატკბით დასვენებით.
არ დაგავიწყდეთ ერთი დღით დასვენების აღებაც
პერიოდულად, შვებულების ერთი დღით აღება და გრძელი შაბათ-კვირის მოწყობაც მნიშვნელოვანია. ეს მცირე დროც კი ძალიან დადებითად აისახება თქვენს ცხოვრებაზე. არაა აუცილებელი სეზონს ელოდოთ. აიღეთ თითო დღე და გაერიდეთ თქვენთვის ჩვეულ გარემოს. განიტვირთეთ და დაუთმეთ დრო იმას, რაც ნამდვილად ღირებულია თქვენთვის. ეს სასიცოცხლო ძალებს შეგმატებთ და დაგეხმარებათ გააცნობიეროთ, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი ცხოვრებაში.
წყარო: HBR