in

„ან იგებ, ან სწავლობ“ – რა გაკვეთილები ჩამოიტანეს Cannes Lions-იდან ქართველმა მონაწილეებმა

Cannes Lions-ზე საუბრისას ყურადღება, ბუნებრივია, გამარჯვებულებისკენ არის მიმართული. თუმცა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ კრეატიულ კონკურსზე ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება ხშირად მათ რჩებათ, ვინც ურთულეს კონკურენციაში საკუთარი იდეების გამოცდა შეძლო. ერთი ბრიფი, 24 საათი, ასობით ძლიერი კონკურენტი და გადაწყვეტილებები, რომლებიც წუთებში უნდა მიიღო – ეს ის გამოცდილებაა, რომელსაც მხოლოდ მსგავს საერთაშორისო კონკურსზე თუ მიიღებ.

წელს Young Lions-ზე საქართველოდან რამდენიმე გუნდი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ ლევან პერტაია და სანდრო პატარიძე (Print-კატეგორია), ასევე ელენე თანდაშვილი და თინა ანანიაშვილი (Marketers-კატეგორია). მიუხედავად იმისა, რომ ეს გუნდები საბოლოო შორთლისტში ვერ მოხვდა, ორივე ამბობს, რომ კანიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო გამოცდილება და ახალი პროფესიული ხედვა წამოიღეს.

„დრო – ყველაზე დიდი ბრძოლა”

M: Cannes Lions-ზე მოხვედრა უკვე თავისთავად დიდი გამოცდილებაა. როგორი იყო კონკურსის პროცესი და რა აღმოჩნდა ყველაზე რთული?

print-ის გუნდი:

პროცესი ძალიან ღირებული გამოცდილება იყო. მთავარი გამოწვევა დროის მართვა აღმოჩნდა – შეზღუდულ დროში სწორი გადაწყვეტილებების მიღება ყველაზე რთული ნაწილი იყო.

marketers-ის გუნდი:

ელენე თანდაშვილი x თინა ანანიაშვილი

საქართველოში საკონკურსო ეტაპი შედარებით მშვიდად გავიარეთ, მაგრამ კანში ყველაფერი სხვანაირად აღმოჩნდა. 24 საათი თითქმის უძილოდ ვიმუშავეთ: ყავა, სტრესი და მუდმივი დროის დეფიციტი. როცა ბოლოს და ბოლოს ბრიფი გავაგზავნეთ, იმდენად გადაღლილნი ვიყავით, რომ კარგა ხანს, უბრალოდ, ჩუმად ვისხედით.

კონკურსი ემოციური „როლერკოსტერია“ – ხან ეიფორიაა, ხან სრული ნერვიულობა. ყველაზე რთულია, ემოციებმა მუშაობაში ხელი არ შეგიშალოს.

„ან იგებ, ან სწავლობ“

M: მიუხედავად იმისა, რომ შოთლისტში ვერ მოხვდით, რა იყო მთავარი გაკვეთილი?

print-ის გუნდი:

ყველაზე ღირებული გამოცდილება 24 საათის განმავლობაში ერთ რეალურ ბრიფზე ინტენსიური მუშაობა იყო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საბოლოოდ სწორედ მარტივი და მკაფიო იდეა იმარჯვებს. ეს ვიცოდით, მაგრამ პროცესში ამის დავიწყება ძალიან ადვილია.

marketers-ის გუნდი:

ზუსტად ეს არის ასეთი კონკურსების ხიბლი – ან იგებ, ან სწავლობ. ამ 24 საათმა საკუთარ თავზე იმდენი რამ მასწავლა, რამდენსაც სხვა გარემოში, ალბათ, ბევრად მეტი დრო დასჭირდებოდა. ახლა უკვე ზუსტად ვიცით, რაზე გვაქვს სამუშაო.

„კანში ხვდები, რომ ჩვენი ინდუსტრია არაფრით ჩამოუვარდება სხვებს“

M: რას აცნობიერებ, როცა მსოფლიოს საუკეთესო ნამუშევრებსა და მონაწილეებს ხედავ?

print-ის გუნდი:

იქ ძალიან ნათლად ხვდები, რომ არც ჩვენი და არც ქართული ინდუსტრიის დონე არ ჩამოუვარდება სხვებს. ეს გაძლევს განცდას, რომ ერთი შეხედვით მიუწვდომელი მწვერვალებიც რეალურად მიღწევადია.

marketers-ის გუნდი:

კანში უფრო აცნობიერებ, რამდენად მასშტაბურია ეს ინდუსტრია და რამდენ შესაძლებლობას გაძლევს. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ კანის სანაპიროზე ყოფნისას ერთი სული მქონდა, თბილისში დავბრუნებულიყავი და ისევ მუშაობა დამეწყო.

„დღეს იმავე ბრიფს სრულიად სხვანაირად გადავჭრიდით“

M: თუ დღეს იმავე ბრიფზე თავიდან მოგიწევდათ მუშაობა, რას შეცვლიდით?

print-ის გუნდი:

Print-კატეგორიაში ჩვენი ბრიფი დახრჩობის პრევენციის შესახებ იყო. რა თქმა უნდა, დღეს რამდენიმე სხვა იდეასაც მივცემდით შანსს, თუმცა წარსულზე ფიქრს აზრი არ აქვს – იმ მომენტის გადაწყვეტილებები ყოველთვის იმ გარემოსა და ემოციების შედეგია.

marketers-ის გუნდი:

ჩვენი ბრიფი Re:wild-ისგან იყო და გადაშენების პირას მყოფი სახეობების დაცვას ეხებოდა. ახლა რომ თავიდან ვაკეთებდე, ალბათ ყველაფერს სხვანაირად შევხედავდი. მაგრამ სწორედ ეს ნიშნავს, რომ ამ გამოცდილებამ გაგვზარდა.

„ეს უფრო მოტივაციაა, ვიდრე იმედგაცრუება“

M: რას ნიშნავს თქვენთვის ეს გამოცდილება – მოტივაცია თუ იმედგაცრუება?

print-ის გუნდი:

სანდრო პატარიძე x ლევან პერტაია

დაახლოებით 10 000 მონაწილეს შორის ვიყავით. კონკურენცია ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ ეს გამოცდილება მხოლოდ მოტივაციას გვაძლევს. დარწმუნებული ვართ, მომავალში უკეთეს შედეგს მივაღწევთ.

marketers-ის გუნდი: 

წაგებამ უფრო მეტი გვასწავლა, ვიდრე, ალბათ, გამარჯვება გვასწავლიდა. სწორედ ასეთი გამოცდილება აყალიბებს პროფესიონალს.

„თუ ფიქრობ, რომ უნდა ცადო – ეს არის შენი ნიშანი“

M: მიიღებდით თუ არა მონაწილეობას ისევ?

ორივე გუნდის პასუხი ერთმნიშვნელოვანია –„დიახ”.

print-ის გუნდი ამბობს, რომ მომავალ წლებში კონკურსზე დაბრუნებას აუცილებლად გეგმავენ, ხოლო marketers-ის გუნდი ახალგაზრდა კრეატორებს ერთ მარტივ რჩევას აძლევს:

„თუ ოდესმე გიფიქრიათ ძალების მოსინჯვაზე, This is your sign – აუცილებლად მიიღეთ მონაწილეობა. ეს გამოცდილება ამად ნამდვილად ღირს”.

ყავის ტერმინების გზამკვლევი: Crema, Blend, Arabica, Robusta და სხვა სიტყვები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება