in

რა უნდა ისწავლონ ბრენდებმა „ჰარი პოტერის” ჰოგვორტსის წერილისგან

„ჰარი პოტერის“ სამყაროში უამრავი საკულტო ნივთია, გამანაწილებელი ქუდიდან – ოქროს სნიჩამდე. თუმცა ერთმა, ერთი შეხედვით, უბრალო კონვერტმა აუდიტორიის მოხიბვლა სხვებზე დიდხანს შეძლო.

პირველი ფილმის გამოსვლიდან თითქმის 25 წლის შემდეგაც ყველას ახსოვს სცენა, როდესაც წერილები ბუხრიდან ცვივა და ჩახერგილ საფოსტო ჭრილში შეღწევას ცდილობს. ახლა, HBO-ს მომავალი სერიალის ახალი ტრეილერის გამოსვლასთან ერთად, ამ მომენტის ახალი ვერსიის ნახვა უკვე ახალ თაობასაც შეუძლია.

მაგრამ რატომ აქვს ჰოგვორტსის წერილის მიღებას ასეთი ძლიერი ემოციური ეფექტი?

ციფრულ სამყაროში, სადაც თითქმის ყველაფერი ეკრანზე ერთი შეხებითაა ხელმისაწვდომი, ფიზიკური წერილი იშვიათ და განსაკუთრებულ გამოცდილებას გვთავაზობს. მისი გახსნის მოლოდინი თავად ხდება ისტორიის ნაწილი.

ამასთან, ფიზიკური ნივთების მნიშვნელობა მხოლოდ ჯადოქრების სამყაროთი არ შემოიფარგლება. Gen Z-ის აუდიტორიაში ფიზიკური მედიის მიმართ ინტერესიც იზრდება.

მსგავსი რამ უკვე ვნახეთ ვინილის შემთხვევაშიც. ფორმატმა თავიდან მასობრივი პოპულარობა დაკარგა, ნიშურ პროდუქტად იქცა და შემდეგ კვლავ დაბრუნდა. ახლა მსგავსი ტენდენცია CD-ებზეც შეინიშნება: მაგალითად, John Lewis-ის მონაცემებით, CD-ფლეერების ძიება 96%-ით გაიზარდა.

წიგნებიც ამ ტენდენციის ნაწილია. კვლევის მიხედვით, 1 900 Gen Z რესპონდენტიდან 75% ამბობს, რომ ბეჭდურ წიგნებს თვეში ერთხელ მაინც კითხულობს. 

რატომ იზრდება ფიზიკური ნივთების მიმართ ინტერესი ციფრულ სამყაროში?

ახალგაზრდა თაობები სულ უფრო მეტად იღლებიან კონტენტის უწყვეტი ნაკადით. ამის საპასუხოდ ისინი უფრო გააზრებულ და აქტიურ გამოცდილებებს ეძებენ.

ფიზიკურ ნივთს კიდევ ერთი უპირატესობა აქვს – მის მიმართ ნდობის განცდა. როდესაც რაღაც ხელში გიჭირავს, ზუსტად იცი, რა არის ის. ციფრულ გარემოში კი ყოველთვის არსებობს გაურკვევლობა: რამდენად სანდოა წყარო, რეალურია თუ არა უცნობი ბრენდი, ნამდვილად ურჩევს ინფლუენსერი პროდუქტს აუდიტორიას, თუ უბრალოდ, ანაზღაურებას იღებს, ან რატომ გვიჩვენებს ალგორითმი კონკრეტულ კონტენტს.

ამ ცვლილებას ბრენდებიც ამჩნევენ. 

როცა ბრენდი ერთდროულად რამდენიმე გრძნობას ეხება

ვინილის ფირფიტის ჩართვა, წიგნის ყდის გადაშლა ან წერილის გახსნა მხოლოდ ინფორმაციის მიღება არ არის, ეს ფიზიკური, სენსორული გამოცდილებაა. ის გვაჩერებს, ყურადღებას გვამახვილებინებს და სწორედ ამიტომ, უფრო ადვილად გვამახსოვრდება.

ფიზიკურ კომუნიკაციას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს – ის დიდხანს რჩება ჩვენთან.

ფიზიკური გამოცდილების მიმართ მოთხოვნა მხოლოდ ნივთებს არ ეხება. როდესაც ადამიანები ეკრანებისგან დასვენებასა და რეალურ სამყაროსთან ხელახლა დაკავშირებას ცდილობენ, იზრდება ისეთი გამოცდილებების მნიშვნელობაც, რომელთა „გავლაც“ ფიზიკურად შეიძლება. ისევ ჰარი პოტერს რომ დავესესხოთ, ამის კარგი მაგალითია ლონდონის King’s Cross-ში პლატფორმა 9¾-ზე ფოტოს გადასაღებად შექმნილი რიგები ან ჰარი პოტერის ახალი მაღაზია ოქსფორდის ქუჩაზე.

ეს ბრენდებისთვის ერთგვარი გაკვეთილია: ციფრული და ფიზიკური მედია ერთმანეთის კონკურენტი სულაც არ არის. მათ შეუძლიათ ერთად იმუშაონ და ერთი, უფრო სრულყოფილი გამოცდილება შექმნან, უბრალოდ, საჭიროა, თითოეულ შეტყობინებასა და მიზანს შესაბამისი არხი მოვარგოთ.

მთავარი მაინც გზავნილია

ჰოგვორტსის წერილის ძალა, საბოლოოდ, მის სიმარტივეშია. ის ემოციას იწვევს, რაც ციფრულ ფორმატს ყოველთვის არ შეუძლია.

ეს კარგი შეხსენებაა ბრენდებისთვისაც: ყველაზე დასამახსოვრებელი გამოცდილება ყოველთვის ყველაზე რთული ან ტექნოლოგიურად განვითარებული არ არის. ზოგჯერ ყველაზე ეფექტური შეიძლება იყოს ძალიან მარტივი, ფიზიკური გამოცდილება, რომლის მიღებასაც მომხმარებელი თქვენგან ელოდება.

ჰოგვორტსის წერილის გამეორება, ალბათ, უკვე დაგვიანებულია, მაგრამ ბრენდებს ჯერ კიდევ აქვთ დრო, ციფრულ კომუნიკაციას ფიზიკური გამოცდილება დაუმატონ და იმ მაგიას მიმართონ, რომელსაც ხელშესახები ფორმატი ქმნის.

Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად – „თეგეტა მოტორსისა“ და „გალფის“ შეთავაზება ბიზნესს

„აგროსფეროში“ ღვინის საწარმოო ინვენტარზე სეზონური აქცია დაიწყო