13
Jan
2020

როგორი იქნება Galaxy S20+ – ინტერნეტში ვიზუალებმა გაჟონა

13 Jan 2020

Alta
Alta


Samsung-ის ოფიციალურ ღონისძიებას ერთი თვე გვაშორებს, თუმცა მანამ, სანამ კომპანია Galaxy S11-ს, სავარაუდოდ, იგივე Galaxy S20-ს ოფიციალურად წარგვიდგენს, ინტერნეტში მისმა ვიზუალებმა გაჟონა. XDADevelopers-ის მიერ გავრცელებული ვიზუალების მიხედვით დასტურდება, რომ დეკადის აღსანიშნავად, „სამსუნგის“ სმარტფონების ახალ სერიას არა S11, არამედ S20 ერქმევა.

„სამსუნგის“ ოფიციალური ღონისძიება სახელად Unpacked, სან-ფრანცისკოში, 12 თებერვალს გაიმართება. მანამდე კი ვიცით, რომ მოდელის სახასიათო დეტალი, დიზაინის კუთხით, კამერებია. როგორც ვიზუალიდან ვხედავთ, სმარტფონს ოთხი კამერა აქვს, აქედან, სავარაუდოდ, ერთ-ერთი 12 მეგაპიქსელიანი იქნება (1.8μm სენსორით). ასევე, ვარაუდობენ, რომ სმარტფონს ტელეფოტო, ფართე კუთხისა და მაკრო კამერები აქვს. კამერების პანელში ვხედავთ კიდევ ორ ფუნქციას. აქედან ერთ-ერთი, ტრადიციულად, ფლეშია, მეორე კი სიხალეა – ნასვრეტი აუდიოზუმის ფუნქციისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვიდეოს გადაღებისას, გამოსახულებასთან ერთად, მისი ხმის მოახლოებასაც (დაზუმვას) შეძლებთ.

რაც შეეხება სელფის კამერას, Galaxy S20-ს ის ეკრანის ზედა, შუა კუთხეში აქვს განთავსებული. სხვა მხრივ, ცნობილია რომ Galaxy S20+ 6.7 ინჩიანი, OLED ეკრანით გამოვა და Qualcomm Snapdragon 855, ან Samsung Exynos 990 ჩიპსეტზე იმუშავებს. ასევე, წინასწარი და არაოფიციალური ინფორმაციით, მოდელს 8 გიგაბაიტიანი შიდა, ხოლო 256 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება ექნება. ცნობილია ელემენტის მონაცემიც – 4300mAh, რაც საკმაოდ საინტერესო სიახლეა.

აღსანიშნავია, რომ სტატიის ფარგლებში, ძირითადად Galaxy S20+ -ზე ვისაუბრეთ, რადგან ინტერნეტში სწორედ ამ მოდელის დიზაინები გავრცელდა. ფოტოების წყარომ,  XDADevelopers-ისთვის ვიზუალების მიწოდების შემდეგ, ანონიმურადვე დარჩენა ამჯობინა. ცნობილია, რომ Galaxy S20+-თან ერთად, სამსუნგი Galaxy S20-ს, Galaxy S20 Ultra-სა და Galaxy Z-ს წარადგენს. ეს უკანასკნელი კომპანიის კიდევ ერთი დასაკეცეკრანიანი სმარტფონია. მოდელები როგორც 4G, ასევე, 5G მხარდაჭერით გამოვა.

განხილვა