12
Feb
2020

რა შეუძლია Samsung-ის ახალ სმარტფონებს – 100x ზუმი, 8K ვიდეო და ა.შ.

12 Feb 2020

Alta
Alta


11 თებერვალს გამართულ ოფიციალურ ღონისძიებაზე Samsung-მა ახალი სმარტფონები წარადგინა, მათ შორის – Galaxy S20, S20 Plus, S20 Ultra. თითოეულ მათგანს 5G მხარდაჭერა აქვს. მოწყობილობები (აშშ-ს ბაზარზე), Snapdragon 865-ის ჩიპზე მუშაობს, თითოეულ მათგანს კი შეუძლია 8K გაფართოების ვიდეოს გადაღება. აღსანიშნავია, რომ S20 Ultra-ს აქვს სუპერ რეზოლუციის 100x ზუმი (კადრის მოახლოება), რაც შეეხება ოპტიკურ ზუმს, ეს Ultra-სთვის 10x-ია. S20-ისა და S20 Plus-ისთვის სუპერ რეზოლუციის ზუმი 30x-ია, ხოლო ოპტიკური – 3x.

მოწყობილობებით გადაღებული 8K ვიდეოს ატვირთვა, სამსუნგისა და Youtube-ის თანამშრომლობის ფარგლებში, პირდაპირ Youtube-ზე შეგეძლებათ. ეს არ არის პირველი მოდელი, რომელსაც 8K ვიდეოს გადაღება შეუძლია. აქამდე ეს შესაძლებლობა ჩინურ კომპანია ZTE-ს, 2019 წელს ჰქონდა. თუმცა, S20 Ultra ნამდვილად პირველი მოდელია, რომელსაც 100x ზუმი აქვს. რაც ნიშნავს, რომ ამ ფუნქციის (Space Zoom) დახმარებით, შეგვეძლება ობიექტი 100-ჯერ მოვაახლოვოთ. აღსანიშნავია, რომ ოპტიკური ზუმისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში, გამოსახულების ხარისხი ფუჭდება.

„სამსუნგის“ მიხედვით, ახალი მოწყობილობები ვიდეოს Super Steady ტექნოლოგით იღებენ, რაც ნიშნავს, რომ ექნებათ სტაბილიზაცია და ასევე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მოძრაობის ანალიზის ფუნქცია. მომხმარებლებს ვიდეოების დამუშავება სმარტფონშივე შეეძლებათ და რაც მთავარია, ვიდეოდან შესაძლებელი იქნება ნებისმიერი მომენტის 32 მეგაპიქსელიან ფოტოდ ქცევა.

Galaxy S20 Android 10-ის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს, აქვს 8-დან 12 გიგაბაიტამდე ოპერატიული და 128 გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერება. მისი ელემენტი 4,000mAh-იანია. (Galaxy S20 Plus-ის ელემენტი 4500 მილიამპერიანია, ხოლო Galaxy S20 Ultra-სი 5000mAh). რაც შეეხება კამერას, მოდელებს 4 კამერა აქვს, აქედან ერთი – სელფის კამერა 10 მეგაპიქსელიანია, ძირითადი კამერების სამეული კი, Galaxy S20-ისა და S20 Plus-ის შემთხვევაში, ასე გამოიყურება – 12MP + 12MP + 64MP. Galaxy S20 Ultra-ს კი, წინა ორისგან განსხვავებით, ბოლო 64 მეგაპიქსელიანი კამერის ნაცვლად, 108MP-იანი კამერა აქვს.

სმარტფონები აშშ-ს ბაზარზე 6 მარტიდან გამოჩნდება. აღსანიშნავია, რომ ამერიკისთვის, სმარტფონის სამივე მოდელი Qualcomm Snapdragon 865-ის ჩიპსეტით იქნება აღჭურვილი, ხოლო ევროპაში Exynos 990-ზე მომუშავე ვერსიები გაიყიდება.

მათი წინასწარი შეკვეთა უკვე შეგვიძლია, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოჩნდება ის საქართველოში. 128GB-იანი შიდა და 12GB-იანი ოპერატიული მეხსიერების მქონე Galaxy S20-ის ფასი $999-ია. იმავე მეხსიერების მქონე Galaxy S20 Plus-ი 1,199 დოლარი ღირს, ხოლო 1,349 დოლარად, S20 Plus-ის მეხსიერების გაზრდა 512GB-ამდე შეგიძლიათ. რაც შეეხება S20 Ultra-ს, მისი შეძენა 1399 დოლარიდანაა შესაძლებელი.

განხილვა