Samsung-მა თავისი ახალი ფლაგმანით, Galaxy S26 Ultra-თი, თამამი განაცხადი გააკეთა. ეს მოწყობილობა გვთავაზობს საინტერესო განახლებას განსაკუთრებით პროცესორის, ხელოვნური ინტელექტისა და ეკრანის უსაფრთხოების მიმართულებით. სმარტფონის მთავარი მამოძრავებელი ძალა სპეციალურად Galaxy-სთვის შექმნილი Snapdragon 8 Elite Gen 5 პროცესორია. სმარტფონი შეუფერხებლად უმკლავდება ყველაზე რთულ დავალებებს, მაგალითად, 4K რეზოლუციის ვიდეოების მაღალი სიხშირით გადაღებას ათობით ფონურად ჩართული აპლიკაციის პირობებშიც კი. ამასთან, გაუმჯობესებული გაგრილების სისტემა გამორიცხავს გადახურების რისკს მაქსიმალური დატვირთვის დროსაც.
მოწყობილობა აღჭურვილია 6.9-ინჩიანი Dynamic AMOLED ეკრანით, რომელსაც 2400-ნიტიანი პიკური სიკაშკაშე აქვს. თუმცა, მთავარი ტექნიკური ინოვაცია Privacy Display, ანუ კონფიდენციალურობის ეკრანია. ტრადიციული დამცავი მინებისგან განსხვავებით, ეს ფუნქცია პიქსელების დონეზე მუშაობს და მისი ჩართვა პროგრამულად, ერთი შეხებით არის შესაძლებელი. ის მომხმარებელს აძლევს საშუალებას, ეკრანის შინაარსი ან კონკრეტული შეტყობინებები გვერდით მყოფი ადამიანებისგან მარტივად დამალოს, რაც საჯარო სივრცეებში ინფორმაციის დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო მექანიზმია.
სისტემაში ინტეგრირებულია Gemini, Perplexity და Bixby, რომლებიც ტექსტურ, ხმოვან თუ ეკრანის კონტექსტზე დაფუძნებულ დავალებებს მომენტალურად ასრულებენ. ხელოვნური ინტელექტი განსაკუთრებით შთამბეჭდავია ფოტოების რედაქტირებისას – ობიექტების წაშლა, გადაადგილება ან ახალი დეტალების გენერირება წამებში ხდება. აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების მიზნით, სისტემა AI-ით შეცვლილ ყველა სურათს სპეციალურ ნიშანს ადებს, რათა თავიდან იქნას აცილებული ყალბი ინფორმაციის გავრცელება.
Galaxy S26 Ultra ინარჩუნებს მოწინავე კამერების სისტემას – 200MP მთავარ სენსორს ემატება ულტრა-ფართოკუთხიანი და ტელეფოტო ლინზები. მთავარი სიახლე უფრო განიერი დიაფრაგმებია, რაც სენსორს მეტი სინათლის მიღების საშუალებას აძლევს და ფოტოების დეტალიზაციას ზრდის. მოწყობილობა უპირობო ლიდერია ზუმის შესაძლებლობებითაც – 100x ციფრული მიახლოება დიდ დისტანციებზე დაკვირვების უპრეცედენტო საშუალებას იძლევა, ხოლო გაუმჯობესებული ღამის რეჟიმი სრულ სიბნელეშიც კი ნათელ და მკვეთრ კადრებს უზრუნველყოფს.
წყარო: Mashable












