12
Feb
2020

პირველი დასაკეცი სმარტფონი მინის ეკრანით – Galaxy Z Flip

12 Feb 2020

veon
veon


Galaxy Z Flip-ის შესახებ ინფორმაციამ ბევრჯერ გაჟონა, თუმცა, ახლა უკვე ოფიციალურად, „სამსუნგის“ მიერ, 11 თებერვალს გამართულ ღონისძიებაზე დაყრდნობით შეგვიძლია მასზე დეტალურად მოგიყვეთ. პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ეს არის პირველი დასაკეცი სმარტფონი, რომელსაც მინის ეკრანი აქვს, ნაცვლად პლასტმასის ეკრანისა, როგორც ეს მისი სხვადასხვა ბრენდის წინამორბედებში გვხვდებოდა. ეკრანის ზომა, გაშლილ მდგომარეობაში, 6.7 ინჩია. Galaxy Z Flip-ს აქვს მეორე, მომცრო ეკრანიც, რომელიც 1.1 ინჩიანია და მისი ფუნქცია, დაკეცილ მდგომარეობაში, შეტყობინებებისა, თუ ზარების შესახებ ინფორმაციის მოწოდება და მათზე, სმარტფონის გახსნამდე რეაგირების შესაძლებლობის მოცემაა. დამატებითი ეკრანის გამოყენება ფოტოების გადაღებისთვისაც შეიძლება.

უნდა აღინიშნოს სმარტფონის ფუნქციონალის ერთი განსაკუთრებული მახასიათებელი – ის შეგიძლიათ ლეპტოპისებურად დადოთ მაგიდაზე. ეს ფუნქცია, შესაძლოა, განსაკუთრებით აქტუალური იყოს ვიდეოზარებისას, ან ვიდეოების ყურებისას. ასევე, მისი მსგავსი დიზაინის სმარტფონ – Motorola Razr-ისგან განსხვავებით, Galaxy Z Flip სხვადასხვა მდგომარეობაში ჩერდება და არ იკეცება, თუ ამას თვითონ არ მოინდომებთ.

Galaxy Z Flip-ის წონა 183 გრამია. სმარტფონი Snapdragon 855 Plus ჩიპსეტსა და Android 10-ის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს, აქვს 8 გიგაბაიტიანი ოპერატიული და 256 გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერება. რაც შეეხება ელემენტს, Galaxy Z Flip-ს 3,300 მილიამპერიანი ელემენტი აქვს, მისი დამუხტვა კი უკაბელოდ შეგიძლიათ. აღსანიშნავია, რომ Galaxy Z Flip-ს, მასთან ერთად წარდგენილი Galaxy S20-ის სერიის სმარტფონებისგან განსხვავებით, 5G მხარდაჭერა არ აქვს.

კამერების შესაძლებლობებით დაინტერესებული ადამიანებისთვის იმის თქმა შეგვიძლია, რომ Galaxy Z Flip-ს ორი ძირითადი, 12 მეგაპიქსელიანი კამერა აქვს – ფართე და ულტრაფართე. რაც შეეხება სელფის კამერას, ის 10 მეგაპიქსელიანია.

Galaxy Z Flip ბაზარზე 14 თებერვლიდან გამოჩნდება. Samsung-ის თქმით, ის 200 000 დაკეცვას „გაუძლებს“ და მისი შეძენა 1380 დოლარად იქნება შესაძლებელი.

განხილვა