in

“გალერეა ვერნისაჟში” ლიზი ბუდაღაშვილის გამოფენა გაიმართება


“გალერეა ვერნისაჟში” 22 მაისს ახალგაზრდა ხელოვანის, ლიზი ბუდაღაშვილის გამოფენა გაიხსნება. როგორც ცნობილია, გამოფენის ხილვა მსურველებს 15 ივნისამდე შეეძლებათ.

გამოფენის ძირითადი ნაწილი ახალ ნამუშევრებს ეთმობა, რომლებზეც ხელოვანმა ბოლო წლიწადნახევარში იმუშავა და ჯერ თბილისში არსად გამოუფენია. ასევე, მათთან ერთად, ლიზის წინა წლების ნამუშევრებიც იქნება წარმოდგენილი.

“ჩემი აზრით, საინტერესო სინთეზია, რამდენადაც აშკარად ჩანს ცვლილებები ხასიათში, შესრულების ტექნიკაში, დინამიკაში, ფერში, ზომაში და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევრები სხვადასხვა პერიოდებშია შესრულებული, არის რაღაც, რაც ყველა მათგანს მუდამ უცვლელად გასდევს, ეს არის ჩემი ძიების მთავარი საგანი – ადამიანი, პერსონა. მისი თანდაყოლილი ბუნება, დაუშრეტელი გონება და სული. ამიტომაც არის ნამუშევრების უმეტესობა ფიგურატიული.

ბოლო დროის ნამუშევრებს გარკვეული სიზმრისეული შეხედულება შეიძლება ჰქონდეთ. ეს ჩემი ერთგვარი ხსნა არის, გონებით გადასახლება სადღაც სიზმრისეულ სამყაროში, სადაც ისეთი ჯადოსნური ფერებია, როგორიცაა მკვეთრი ვარდისფერი, ღრმა, მუქი მწვანე, გამჭირვალე ლურჯი და ა.შ

ასევე, აქ ნახავთ ქალებს ბუმბულებიან ტანისამოსში, რომლებიც ჩემი სიზმრისეული სამყაროს მთავარი გმირები არიან. აქვთ თავიანთი ისტორიები, თავიანთი სევდა, და, თავიანთი საიდუმლოები. მთავარი გამოწვევა მათი მაქსიმალურად გამისტიურება და ამავდროულად, მათსა და დამთვალიერებელს შორის კავშირის შენარჩუნება იყო. იმისდა მიუხედავად, რაც ამ ქალების ცხოვრებაში შეიძლება ხდებოდეს, მაინც ექსტრავაგანტული კაბები აცვიათ და სიამაყეს არ კარგავენ. ძირითადად აბსტრაქტულ ინტერიერში – თავიანთ სამფლობელოებში – სხედან. ეს სერია არასრული შემადგენლობითაა წარმოდგენილი.

ასევე შეხვდებით სერიას სახელწოდებით “მიპოვე”, რომლის კომპოზიციებიც ბავშვებისაგან და ძველებური სათამაშოებისგან შედგება. ისინი წარმოდგენილი იქნება ნიუ-იორკის სერიაც, რომელზეც შარშან ნიუ-იორკიდან ახლად დაბრუნებულმა ვიმუშავე.

გამოფენის სახელწოდებას რაც შეეხება, “მელანჟი” ფრანგული წარმოშობის სიტყვაა (mélange) და შენარევს ნიშნავს. რამდენადაც გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები სხვადასხვა პერიოდის, სხვადასხვა სერიისა და განწყობისაა, ვიფიქრე, რომ “მელანჟი” კარგად გამოხატავს ამ სხვადასხვაობის ერთობლიობას. გარდა სერიებისა, სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრებსაც მრავლად იხილავთ. გამოფენა 22 მაისს იხსნება გალერეა “ვერნისაჟში” და გაგრძელდება 15 ივნისამდე.”


ახალი კვლევა – ძაღლებს თითქმის ისეთივე სიზუსტით შეუძლიათ Covid-19-ის ამოცნობა, როგორც PCR ტესტს

წარმოგიდგენთ TIMEBOX-ს, საათებისა და სამკაულების პირველ ყუთს საქართველოში