14
ნოე
2017

რას ფიქრობენ „ისთ ფოინთი“ და „თბილისი მოლი“ „გალერია თბილისის“ გახსნაზე?

14 ნოე 2017

ქალაქის ურბანულ განვითარებასთან ერთად, თბილისი ადგილობრივებსა და სტუმრებს სულ უფრო მრავალფეროვან სავაჭრო არჩევანსაც სთავაზობს. 30 ნოემბერს, ქალაქს ახალი მრავალფუნქციური სივრცე – „გალერია თბილისი“ შეემატება, რომელიც თავისუფლების მეტროს თავზე იფუნქციონირებს. მრავალწლიანი მშენებლობის შედეგი 90-ზე მეტ ქართულ თუ უცხოურ ბრენდულ მაღაზიას, კვების ობიექტს, კონოთეატრსა და გასართობ ცენტრს გააერთიანებს. გარდა ამისა, სივრცეში ინტეგრირებულია ორი თეატრი. აღსანიშნავია, რომ ამ ცენტრში წარმოდგენილი H&M, Calvin Klein Jeans და Armani Exchange-ს ცნობილი ბრენდები საქართველოში და რეგიონში პირველად იქნება ხელმისაწვდომი.

BOG PLUS

„გალერია თბილისი არის ყოველდღიური დანიშნულების ადგილი, ანუ აქ მოსვლა სტუმრებს შეეძლებათ არა მხოლოდ საშოპინგოდ, არამედ გასართობად, წასახემსებლად, სხვადასხვა სერვისის მისაღებად. ეს არის მრავალფუნქციური სივრცე, სადაც გვექნება ბავშვთა გასართობი ცენტრი, კინოთეატრი 6 დარბაზით, ბოულინგკლუბი, სერვის ობიექტები ბანკი, ქიმწმენდა, სალონი. ერთ სართულზე, მთლიანად, განთავსდება სხვადასხვა კვების ობიექტი, როგორც სწრაფი კვების და საკონდიტროს ტიპის, ასევე, ქართული სახაჭაპურე. „გალერია თბილისის“ ძალიან დიდი უპირატესობა არის ის, რომ ჩვენთან ინტეგრირებულია მეტროსადგური თავისუფლების მოე         დანი და პირდაპირ მეტროდან შეძლებს მოსახლეობა ჩვენთან მოხვედრას. სხვა არცერთ სავაჭრო  ცენტრს არ აქვს ეს უპირატესობა. გარდა ამისა, სავაჭრო ცენტრში განთავსებულიათავისუფალი თეატრი“ დაგრიბოედოვის თეატრი“. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ასეთი მრავალფუნქციური სავაჭრო სივრცე ნამდვილად პირველია საქართველოში“, – ამბობს „გალერია თბილისის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი – ქეთევან ახობაძე.

ახალი სივრცე, თბილისის სავაჭრო ინდუსტრიაში, კონკურენციის ზრდის უდავო წინაპირობაა. საინტერესოა, როგორ აფასებენ „გალერია თბილისის“ ფუნქციური კონკურენტები მისი გახსნის საკითხს, აღიქვამენ თუ არა ახალ კომპლექსს კონკურენტად და რა უპირატესობები აქვთ მასთან მიმართებაში – ამ საკითხებზე მარკეტერი „ისთ ფოინთისა“ და „თბილისი მოლის“ წარმომადგენლებს ესაუბრა:

„ისთ ფოინთი“

თეიკო ლომინაძე – „ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორი:
ნებისმიერ შემთხვევაში, კონკურენციის გაზრდა ინდუსტრიისთვის კარგია, ამიტომ, კოლეგიალურად ველოდებით „გალერია თბილისის“ გახსნას. უფრო ვიტყოდი, რომ კოლეგები ვართ, ვიდრე კონკურენტები, რადგან თვისობრივად, განსხვავებულ რამეს ვთავაზობთ მომხმარებელს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვართ უფრო მრავალფუნქციური. გვაქვს რეგიონში ყველაზე დიდი ბავშვთა გასართობი ცენტრი, მულტი პლექსის სისტემა, ასევე, ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი ყველა ადგილობრივი თუ უცხოური ბრენდი ერთ სივრცეში. „ისთფოინთი“ არის უფრო მასშტაბური, კომპლექსური და უფრო ფართო ასორტიმენტსაც სთავაზობს მომხმარებელს ნებისმიერ კატეგორიაში, იქნება ეს ელექტრონიკა, ჰიპერმარკეტი თუ სხვა. ბავშვის ტანსაცმლის ყველა ბრენდი, რომელიც ქართულ ბაზარზე არის წარმოდგენილი, თავმოყრილია ჩვენთან. ადამიანს რომელიც აქ მოდის, ხვდება 3000 მანქანაზე გათვლილი პარკინგი, შოპინგობს ყველაფერს ერთ სივრცეში, კომპლექსურად. მე ვფლობ ინფორმაციას „გალერია თბილისზე“, რაც დღეისათვის გამოქვეყნებულია, ბრენდების კუთხით. ვხედავთ რამდენიმე ახალ ბრენდს, ვხედავთ იგივე ბრენდებს, რაც ჩვენთან არის თავმოყრილი, ამიტომ, ცოტა მიჭირს სრულფასოვანი კომენტარის გაკეთება, რადგან ინფორმაცია ჯერ სრულად არ არის გავრცელებული. ადგილმდებარეობის კუთხით, არსებობს პრაქტიკა მსოფლიოში, რომ ნებისმიერი მრავალფუნქციური კომპლექსი არის ცენტრიდან მოშორებით, ამას აბალანსებს ის, რომ არის კომფორტული საპარკინგე სივრცე. როგორც ვფლობ ინფორმაციას, პარკინგის მხრივ, გალერიას არ აქვს მსგავსი შესაძლებლობა.

„თბილისი მოლი“

ნატა გოგოლაძე – „თბილისი მოლის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
„გალერია თბილისის“ გახსნას დადებითად ვაფასებთ, სასიხარულოა ის, რომ ქალაქში იხსნება კიდევ ერთი ასეთი ტიპის სავაჭრო ცენტრი და მით უმეტეს, შემოყავს ბევრი განსხვავებული ბრენდი, რაც ძალიან კარგია. იზრდება კონკურენცია და ამით მომხმარებელი მეტ სარგებელს იღებს. ვულოცავთ ქალაქს, კიდევ ერთი სავაჭრო წერტილის გახსნას და წარმატებას ვუსურვებთ „გალერია თბილისს“. უპირატესობას რაც შეეხება, ჩვენთან ავტოსადგომი 2700 მანქანაზეა გათვლილი და ნებისმიერ დროს რომ მობრძანდეთ, იცით, რომ დაგხვდებათ ადგილი. როგორც ვიცი, გალერიას შეზღუდული აქვს ავტოსადგომი და გათვლილია უფრო ფეხითმოსიარულე საზოგადოებაზე, რომელიც ამ უბანში მოძრაობს. მეექვსე წელია ბაზარზე ვართ და ძალიან ბევრი ლოიალური მომხმარებელი გვყავს, დღეში, დაახლოებით, 23000 ადამიანი დადის „თბილისი მოლში“, ამიტომ, რომ გითხრათ, განსაკუთრებული მოლოდინები გვაქვს, რომ რამეს შეგვიცვლის ეს მოვლენა, ასე არ არის. მთავარ კონკურენტად ვერ ვხედავთ. ვფიქრობთ, გალერია თბილისი იქნება ტურისტულ სეგმენტზე გათვლილი, რადგან ისევ ავტოსადგომის მხრივ, ცოტა არის ადგილი, უბანში გარშემო, მანქანის გაჩერება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ჩვენ იმდენად შორიშორს ვართ, რომ კვებაში ან გართობაშიც ვერ გაგვიწევს კონკურენციას. შოპინგის მხრივ, ჩვენთან 245 სავაჭრო ობიექტია განთავსებული და ტერიტორიულადაც, დიდი ფართობი უჭირავს ჩვენს მოლს.

განხილვა