2
Aug
2019

როგორ შეიქმნა გალერია თბილისის მანათობელი ინსტალაცია?

2 Aug 2019

თბილისის გულში, გალერია თბილისის წინ, ინსტალაცია გამოჩნდა. გულის ფორმის მანათობელი ინსტალაცია კვარცხლბეკზე დგას, ხოლო სარკისებური მეტალი გულის ფორმებით უსასრულობის სიმბოლოს ქმნის. ინსტალაციამ გამვლელების ყურადღება მიიპყრო და სოციალურ ქსელშიც, მასთან გადაღებული სელფები მალევე გავრცელდა. რას ემსახურება ეს ინსტალაცია და რისი თქმა სურდათ მის ინიციატორებს, გალერია თბილისის ბრენდის მენეჯერი, სალომე კვირკველიძე გვესაუბრა:

“გვინდოდა შეგვექმნა ინტერაქტიული ინსტალაცია, რომელთანაც ადამიანები ფოტოებს გადაიღებდნენ, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე ტურისტები. გალერია თბილისი მდებარეობს ქალაქის შუა გულში, სწორედ ამიტომ, ჩვენი სლოგანიც ეს არის: ქალაქის გული. გვსურს, რომ ჩვენი კომუნიკაციით ეს სლოგანი კიდევ უფრო გამყარდეს, შესაბამისად მთავარი მოტივიც ეს იყო. გული ადამიანის ორგანიზმის ცენტრალური და მთავარი სასიცოცხლო ორგანოა, რომელიც ამარაგებს მას ყოველდღიური ენერგიით, განსაზღვრავს მის რიტმს და ყველაფერს ამუშავებს ჰარმონიულად. მეტაფორულად, გალერია თბილისიც იმავე როლს ასრულებს ქალაქისათვის. მთავარი სათქმელიც ეს არის, გალერია თბილისში, როგორც გულში, თავმოყრილია ულევი ენერგია და დადებითი ემოცია, რომელსაც ცვლის ჩვენს ვიზიტორებთან.

ინსტალაციაზე დოდოშკა ჩხეიძემ იმუშავა, რადგან ვთვლით, რომ საინტერესო ხედვა აქვს, რაც აძლევს საშუალებას განსხვავებული და გამორჩეული პროდუქტი შექმას. ვიმუშავეთ რამოდენიმე მიმართულებაზე, მაგრამ საბოლოოდ არსებულზე შევჯერდით.”

[R]

განხილვა