in ,

გალერია თბილისი – ქალაქის გული რომელიც მალე აძგერდება!

BOG
BOG

ძალიან მალე თბილისის გული ახალი შემართებით აძგერდება! გალერია თბილისი მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრია, რომელიც ქალაქის შუაგულში, რუსთაველის გამზირზე დაიდებს ბინას. მოსამზადებელი სამუშაოები მალე დასრულდება და საზეიმო გახსნა 2017 წლის შემოდგომისთვის იგეგმება. მარკეტერი პროექტის და ბრენდის ავტორებს დაუკავშირდა.

პროექტის კონცეფცია ითვალისწინებს ქალაქის ცენტრში, ერთ სივრცეში სხვადასხვა მიმართულებების გაერთიანებას, რაც გალერია თბილისს ყოველდღიური დანიშნულების ადგილად აქცევს. სერვისების მრავალფეროვნება, უნიკალური ბრენდები, საკვები ობიექტების ფართო არჩევანი, სუპერმარკეტი, ფიტნესდარბაზი, უახლესი კინოდარბაზები, ბოულინგი, ბავშვთა გასართობი ცენტრი და ორი თეატრი(“ალ. გრიბოედოვის სახელობის თეატრი” და “თავისუფალი თეატრი”), რომელიც სავაჭრო ცენტრის შენობაშია ინტეგრირებული, ქალაქს ახალი ენერგიით ყოველდღიურად  შეავსებს.  

ეკო ჩუბინიძე, გალერია თბილისის ბრენდ მენეჯერი:  “გვჯერა, რომ პროექტის კონცეფციიდან გამომდინარე, გალერია თბილისი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი ადგილი გახდება, სადაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში იგრძნობთ თბილისის რიტმს. ზუსტად ამ იდეას გამოხატავს ჩვენი სლოგანი – ქალაქის გული! ყოველთვის ღია და დინამიური ადგილი, რომელიც სტუმრებს ყოველდღიური ენერგიით ამარაგებს. 

ბრენდის პლატფორმაზე კომპანიის მენეჯმენტთან ერთად იმუშავეს ბრენდის სპეციალისტებმა თაკო სულაქველიძემ, ნინო დათიაშვილმა და რუსუდან ბარათაშვილმა. ბრენდის იდეას ვიზუალურად კი Leavingstone-მა შთაბერა სული.

გიორგი ავალიანი, Creative Director, Leavingstone “გალერია თბილისი ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ადგილზე იხსნება და უკვე ქალაქის განუყოფელ ნაწილად მოვიაზრებთ. ლოგოტიპსა და საერთო ვიზუალურ სახეზე ფიქრისას, ვცადეთ ამოცანა სწორედ ქალაქის ზოგადი კონტექსტიდან დაგვენახა და შთამაგონებლად მოგვერგო გალერია თბილისის მთავარი კონცეფციისთვის.

მთელი თბილისის გაერთიანებისა და გამოცოცხლებისთვის ბრენდების სიუხვე და მოსახერხებელი ადგილმდებარეობა მშვენიერი საფუძველია, მაგრამ გალერია თბილისის მთავარი ძალა მისი სტუმრებია. მათ გარეშე, გრანდიოზული სავაჭრო ცენტრი უბრალოდ ერთი წერტილია ქალაქის რუკაზე. გალერია თბილისის არსებობას სწორედ თბილისელები და ქალაქის სტუმრები სძენენ აზრს.”

ნიკოლოზ კუმბარი, Art Director, Leavingstone “რადგან გალერია თბილისს სტუმრები აცოცხლებენ, გადავწყვიტეთ, ჩვენი ლოგოც უშუალოდ მათ შექმნან. გალერია თბილისის ვიზუალური ბრენდის საწყისი წერტილი ლოგოტიპია, უნიკალური წარწერა, რომელიც კომუნიკაციის ძირითად ტონს ეფუძნება, მაგრამ ცოცხალი ლოგოს ფორმა, ზომა და ფერი კონკრეტულ მომენტში სავაჭრო ცენტრის სტუმრების რაოდენობის მიხედვით იცვლება.

ცოცხალი ლოგო მუდმივად განახლებადი ინფორმაციის ერთგვარი ვიზუალიზაციაა. ამ ხერხით ბრენდი პირდაპირ უკავშირდება მომხმარებელს.  სტუმრების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას შენობის შესასვლელებში დამონტაჟებული მთვლელები გვაწვდიან და ვიზუალის real-time ცვლილების ჩვენებას ვგეგმავთ, როგორც გალერია თბილისში განთავსებულ მონიტორებზე, აგრეთვე ონლაინ. ვიზუალიზაციისას თითო სტუმარს თითო ანთებული ბურთულა შეესაბამება და მათი რაოდენობის ზრდასთან ერთად წერტილების ფერის გრადაციაც ბრენდის ფერების მიხედვით იცვლება.”

Leavingstone გუნდიდან ბრენდის ვიზუალურ სრულყოფაზე ანანო მიმინოშვილმა იმუშავა, წარწერა და გალერია თბილისის უნიკალური ქართული ფონტები აკაკი რაზმაძეს ეკუთვნის და პროექტს ოსტატურად მართავდა ქეთევან მეფარიძე. დიდი მადლობა ჰარისა და ჰარალეს შესავალი ვიდეოს ჰარმონიულად აჟღერებისთვის.

ბრენდის ვიზუალური ხასიათის მთლიანობაში შესაცნობად, თვალი გადაავლეთ სრულ პრეზენტაციას ბიჰანსზე. https://www.behance.net/gallery/54842591/Galleri-Tbilisi-Brand-Identity – BEHANCE PRESENTATION

via GIPHY

მინიმალისტური ტატუები წყვილებისთვის, როგორც საქორწინო ბეჭდების ალტერნატივა

პატარა, კომფორტული Smart-ი დიდ გადატვირთულ ქალაქებში – ბრენდის პრინტ კამპანია