in

Gallery Artbeat-მა უკრაინისადმი მხარდაჭერა საერთაშორისო ხელოვნების გამოფენაზე გამოხატა


ხელოვნება რომ მიმდინარე მოვლენების იდეალურად ამსახველი „სარკეა“, ამაში არაერთხელ დავრწმუნდით კაცობრიობის ისტორიის მანძილზე. ამას ახლაც ვხედავთ, როგორ ცდილობენ ხელოვანები უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას — მათ შორისაა ნათია ბუკია, Gallery Artbeat-ის დამფუძნებელი. იგი ახლო აღმოსავლეთის წამყვან საერთაშორისო ხელოვნების გამოფენაზე Art Dubai დახვეწილი და მამაცი პოლიტიკური ვიზუალური განცხადებით წარსდგა…

უფრო კონკრეტულად, ნამუშევრებთან ერთად, ნათიამ თავისთვის გამოყოფილ სივრცეში განათავსა მაგიდა, რომელზეც უკრაინის დროშა იყო გადაფარებული. თავად კი ლურჯ-ყვითელი სამოსი ეცვა.

„ჩემთვის ძალიან რთული იყო ასეთ სიტუაციაში ხელოვნების ბაზრობაზე გამგზავრება და ჩვეულ რიტმში ჩაბმა, იმდენად მოცული ვიყავი 10 დღე უკრაინაში ომის ამბებით, მაგრამ ვალდებულება მქონდა. ნამუშევრებიც იქ იყო და აუცილებლად უნდა წავსულიყავი. რაც მომაფიქრდა იყო ის, რომ ჩვენი უკრაინისადმი მხარდაჭერა და ემოციური მდგომარეობა ასეთი ფორმით გამომეხატა, ჩამეცვა უკრაინის დროშის ფერებში და დროშა გვქონოდა სტენდზე. მეგობარმა გამატანა თავისი ხელით შეკერილი დროშა და მეორე მეგობარმა მაგიდაზე გადაფარების იდეა მომაწოდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ამის გაკეთება ემირატებში, ქვეყანაში, რომელიც ნეიტრალურ პოზიციას იჭერს და რომელსაც ყოველთვის ძალიან ბევრი რუსი სტუმრობს. თან, რადგან უკრაინული გალერეა არ მონაწილეობდა ბაზრობაზე, ჩვენ გვინდოდა მათი წარმომადგენლებიც ვყოფილიყავით“, — ამბობს ნათია ბუკია.

რა თქმა უნდა, ნათია ნერვიულობდა იმაზე, თუ როგორი რეაქცია ექნებოდათ  ორგანიზატორებს… თუმცა ისიც იცოდა, რომ თავის პოზიციებს არ დათმობდა. საბედნიეროდ, მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, არავის გამოუთქვამს პრეტენზია. პირიქით, ადამიანები მიდიოდნენ და მადლობას უხდიდნენ პოზიციის გამოხატვის გამო — ძირითადად, ექსპატები. „უკრაინელი გოგოც მოვიდა მადლობის სათქმელად. ცრემლები მოსდიოდა და მეც კინაღამ ვიტირე. დიდი მოლოდინი, გარდა ამ ინდივიდუალური მადლობებისა, არ მქონდა. თურმე, ასეთ მცირე რაღაცებიც მოქმედებს…“. 

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „არტ დუბაის“ ორგანიზატორებს ნეგატიური კომენტარი არ გაუკეთებიათ მომხდართან დაკავშირებით. როგორც თავად ამბობენ, არავის შეუზღუდავენ უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვის უფლებას და მეტიც, გაყიდული ბილეთებიდან 25% უკრაინელ დევნილებს გადაერიცხებათ. „The Art Newspaper-ის ჟურნალისტმა მითხრა, დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება შენი ჟესტის გამო მიიღესო, რაც საოცრად სასიამოვნოა…“.

ეს ყველაფერი არ არის, Gallery Artbeat კვლავ გეგმავს სხვა პროექტების გაკეთებას, რათა მთელი ჩვენი ქვეყნების უახლეს ისტორიას მიექცეს ყურადღება და ჩვენნაირ ქვეყნებს საერთაშორისო პლატფორმები გაუჩნდეთ.

ავტორი: ქეთია ბელქანია


გაერომ პლასტმასას შემცირებისთვის რეზოლუცია მიიღო

CROSTY უკრაინის მხარდასაჭერად – ქართულმა ბრენდმა უკრაინელ ხალხს თავისი პროდუქტი გაუგზავნა