in

„გალტ & თაგარტმა“ საქართველოს ელექტრონული კომერციის სექტორზე კვლევა გამოაქვეყნა

„გალტ & თაგარტმა“ ელექტრონული კომერციის შესახებ უახლესი კვლევის შედეგები წარადგინა. დოკუმენტში განხილულია ამ სექტორში მიმდინარე ტენდენციები, პანდემიის გავლენა და განვითარების პერსპექტივები.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ COVID-19 პანდემიის პერიოდში, „ონლაინ“ ვაჭრობის ზომა მთლიან გაყიდვებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა მთელს მსოფლიოში და გამონაკლისი არც საქართველოა – აქ ადგილობრივი ბაზრის წილი, 2020 წელს, წლიურად 3,2-ჯერ, 138 მლნ ლარამდე გაიზარდა. სწრაფი ზრდის მიუხედავად, საქართველოში ელ. კომერციის წილი საცალო ვაჭრობაში 1,1%-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება განვითარებული ბაზრების დონეს. მაგალითად, ეს მაჩვენებელი ევროპაში 12%-ია. საქართველოში ასევე დაბალია ერთი მომხმარებლის საშუალო წლიური დანახარჯი „ონლაინ“ ვაჭრობაზე – 950 ლარი 2020 წელს, რაც ევროპის ქვეყნების მაჩვენებელს 3-ჯერ ჩამორჩება.

კვლევის მიხედვით, საქართველოში ადგილობრივი ელ. კომერციის ყველაზე პოპულარული კატეგორია არის ელექტრონიკა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და მოწყობილობები, რაც „გალტ & თაგარტის“ შეფასებით, 2020 წელს, გაყიდვების 65%-ს შეადგენდა. სიდიდით მე-2 კატეგორიაა ტანსაცმელი და აქსესუარები, რომელსაც მოსდევს ავეჯი და მოსაპირკეთებელი მასალები.

„გალტ & თაგარტის“ პროგნოზით, საქართველოში ადგილობრივი ელ. კომერციის ბაზრის ზომა 1,1 მილიარდ ლარამდე გაიზრდება 2025 წელს (138 მლნ ლარი 2020 წელს). იგივე პერიოდში მოსალოდნელია საცალო გაყიდვებში ელ. კომერციის წილის ზრდა 1,1%-დან 4,7%-მდე.

„კვლევის მიხედვით, სექტორის ზრდას ხელს შეუწყობს „ონლაინ“ მოვაჭრეთა რაოდენობის ზრდა, ერთ მომხმარებელზე საშუალო წლიური „ონლაინ“ დანახარჯის ზრდა და ადგილობრივი „ონლაინ“ მაღაზიების მიერ უცხოური პლატფორმებიდან მოვაჭრეთა მოზიდვა.

მომსახურების გაუმჯობესებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სექტორის განვითარებისათვის, რადგან მოსახერხებელი „ონლაინ“ ვაჭრობის შეთავაზება მთავარი გამოწვევაა. შედეგად, ქართველები 3,3-ჯერ მეტს ხარჯავენ საერთაშორისო ონლაინ მაღაზიებში, ვიდრე – ადგილობრივში. ამასთან, ვაჭრობის სრული პროცესის გაუმჯობესება (ძებნიდან – მიწოდებამდე) მოითხოვს დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსს. შესაბამისად, მასშტაბის ეკონომია ელ. კომერციის განვითარების აუცილებელი პირობაა, რაც მესამე მხარის მიერ ორგანიზებული პლატფორმების ზრდის ძლიერ პოტენციალზე მიუთითებს.

გარდა ამისა, აუცილებელია ციფრული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ინტერნეტ/მობილური ბანკინგის გამოყენების გაზრდა და ლოგისტიკის განვითარება. ამ მხრივ საქართველომ უნდა გამოიყენოს ისეთი არსებული უპირატესობები, როგორებიცაა: განვითარებული საბანკო სექტორი, ინტერნეტზე მაღალი ხელმისაწვდომობა და ქვეყნის შედარებით ახალგაზრდა მოსახლეობა“.

„გალტ & თაგარტი“ აგრძელებს საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორების დაფარვას და ბიზნესისთვის სხვადასხვა სექტორში არსებული საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ანალიზზე დაფუძნებული კვლევების მიწოდებას.

„მსოფლიოში „ონლაინ“ ვაჭრობის წილი მთლიან გაყიდვებში მნიშვნელოვნად გაიზარდა COVID-19 პერიოდში. დარგის ექსპერტების აზრით, „ონლაინ“ ვაჭრობაზე მოთხოვნის ზრდა კრიზისის გადავლის შემდგომაც გაგრძელდება, რადგანაც ამ კრიზისით შეცვლილი მომხმარებლის ქცევა მომავალშიც შენარჩუნდება. საქართველოშიც იგივე ტენდენცია გამოიკვეთა და მომდევნო წლებში მოსალოდნელია „ონლაინ“ ვაჭრობაზე გადასვლის პროცესის დაჩქარება. შესაბამისად, ჩვენი კვლევის მიზანია ელ. კომერციის სექტორის წარმომადგენლებს, ინვესტორებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს გაუზიაროთ „გალტ & თაგარტის“ ხედვა სექტორში არსებული ვითარების, შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ“, – ამბობს „გალტ & თაგარტის“ კვლევების დეპარტამენტის უფროსი ევა ბოჭორიშვილი.

P.S. ელექტრონულ კომერციაზე ჩატარებული კვლევა ხელმისაწვდომია ინგლისურ და ქართულ ენებზე, „გალტ & თაგარტის“ ვებგვერდზე.

 

[R]

„საქართველოს ბანკი“ მომხმარებელს სესხის აღების კიდევ უფრო გამარტივებულ პროცესს სთავაზობს  

„ალდაგში“ ავტოდაზღვევის კამპანია დაიწყო – დააზღვიე და მზად ხარ!