in

რა არჩევანი აქვთ ინვესტორებს? – აქციების ტიპები საფონდო ბირჟაზე

istoriebi
istoriebi

ფინანსური წარმატებისთვის, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური აქციების შეძენა და მათში ფულის დაბანდებაა. როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს, წინა სტატიაში უკვე გიამბეთ. ახლა კი მოგიყვებით, რა ტიპის აქციები არსებობს საფონდო ბირჟაზე. შევეცდებით, ამ კლასიფიკაციით, გაჩვენოთ თითოეულის დადებითი მხარეები, ასევე – განსხვავებები მათ შორის.

აქციების ტიპები

  • ჩვეულებრივი აქციები (Common stocks)
  • პრივილეგირებული აქციები (Preferred stocks)
  • მაღალი კაპიტალიზაციის მქონე აქციები (Large-Cap stocks)
  • საშუალო კაპიტალიზაციის მქონე აქციები (Mid-Cap Stocks )
  • მცირე კაპიტალიზაციის მქონე აქციები (Small-Cap Stocks)
  • ლოკალური აქციებით (Local Stocks)
  • საერთაშორისო აქციები (International Stocks)
  • მზარდი აქციები (Growth Stocks)
  • ღირებული აქციები (Value Stocks)
  • IPO აქციები (Initial Public Offering Stocks)
  • დივიდენდური აქციები (Dividend Stocks)
  • არა-დივიდენდური აქციები (Non-Dividend Stocks)
  • ციკლური აქციები – (Cyclical stocks)
  • არა-ციკლური აქციები (Non-cyclical stocks)
  • უსაფრთხო აქციები (Safe Stocks)
  •  ESG აქციები (Environmental, Social, Governance Stocks)
  • ლურჯი ჩიპის აქციები (Blue-Chip Stocks)
  • იაფი აქციები (Penny stocks)

მოდით, ახლა თითოეული მათგანი განვიხილოთ.

ჩვეულებრივი და პრივილეგირებული აქციები

ინვესტიციებისთვის, უმეტესწილად, ჩვეულებრივ აქციებს ირჩევენ. ამ ქაღალდების შეძენით, აქციონერი კომპანიის ნაწილობრივი მფლობელი ხდება. გარდა ამისა, აქვს უფლება, დაშლის შემთხვევაში, მისი დანარჩენი აქტივების ღირებულების პროპორციული წილი მიიღოს. ჩვეულებრივი აქციები, თეორიულად, განუსაზღვრელი ზრდის საშუალებას იძლევა. თუმცა, არსებობს რისკი, ინვესტორმა ყველაფერი დაკარგოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კომპანია ფინანსურ კრახს განიცდის და ყოველგვარი აქტივების გარეშე დარჩება.

რაც შეეხება პრივილეგირებულ აქციებს, ისინი ცოტა განსხვავებულად „მუშაობს“. მაგალითად, მფლობელებს გაცილებით მეტი პრივილეგია აქვთ – კომპანიის დაშლის შემთხვევაში, განსაზღვრული თანხა [კომპენსაციის მსგავსი] უბრუნდებათ. პრივილეგირებულ აქციონერებს, ასევე, აქვთ უფლება ჩვეულებრივ აქციონერებზე ადრე მიიღონ დივიდენდები. ინვესტიციის ეს ფორმა უფრო მეტად ჰგავს ობლიგაციებში ფულის ჩადებას, რომელსაც ფიქსირებული შემოსავალი მოაქვს.

კომპანიებს, უფრო ხშირად, ჩვეულებრივ აქციები გამოაქვთ გასაყიდად, რადგან, როგორც წესი, მათზე უფრო დიდი მოთხოვნაა.

მაღალი, საშუალო და მცირე კაპიტალიზაციის მქონე აქციები 

აქციები, როგორც წესი, მათში შემავალი ყველანაირი წილის საერთო ღირებულების მიხედვით კლასიფიცირდება. ამას, ფინანსურ სამყაროში, საბაზრო კაპიტალიზაცია [კაპიტალად გარდაქმნა] ჰქვია. ყველაზე დიდი საბაზრო კაპიტალიზაცია დიდ კომპანიებს აქვთ, შესაბამისად, მათი აქციები მაღალი კაპიტალიზაციის მქონე აქციებია. ამას მოჰყვება საშუალო და მცირე კაპიტალის აქციები, რომლებიც ამავე ზომის კომპანიებს გამოაქვს ბირჟაზე.

თუმცა, არ არსებობს რაიმე ზუსტი ზღვარი ამ კატეგორიების დასაყოფად, კომპანიების კლასიფიკაცია, ციფრებითა და მაჩვენებლებით ხდება ხოლმე. მაგალითად, აქციები $10 მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციით დიდი კაპიტალის, $2-დან $10 მილიარდამდე – საშუალო კაპიტალის, $2 მილიარდამდე –  მცირე კაპიტალის აქციებია.

აქვე, უნდა გაითვალისწინოთ ერთი ფაქტორიც – თუ ორი კომპანია ერთსა და იმავე კატეგორიაში ხვდება, მაგალითად, ორივე დიდი კაპიტალის აქციების მფლობელია, ეს არ ნიშნავს, რომ მომავალშიც იდენტურად განვითარდებიან და ერთნაირ ფინანსურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. შესაბამისად, არ არსებობს გარანტია, რომ მათი აქციები ერთნაირად მოგებიანი იქნება ინვესტორებისთვის.

ლოკალური და საერთაშორისო აქციები 

აქციების კლასიფიკაცია მათი ლოკაციის მიხედვითაც შეიძლება – არსებობს ლოკალური და საერთაშორისო აქციები. თუმცა, გეოგრაფიული კატეგორია აპრიორი არ ნიშნავს, რომ მისი პროდუქცია მხოლოდ იმ ქვეყანაში იყიდება, სადაც სათავო ოფისი მდებარეობს. რაღაც მომენტში, ბიზნეს-ოპერაციებისა და ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, რთულია, ზუსტად განსაზღვრო, საერთაშორისო აქციებთან გაქვთ საქმე, თუ ადგილობრივთან. განსაკუთრებით თუ მასშტაბურ ტრანსნაციონალურ კომპანიაზეა საუბარი.

ამოსავალი წერტილი მაინც სათავო ოფისის მდებარეობაა. სადაც კომპანიაა დაფუძნებული იმ ქვეყნისთვის, მისი ფასიანი ქაღალდები ლოკალური აქციები იქნება, დანარჩენი ბაზრისთვის კი – საერთაშორისო.

ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იქნება Philip Morris, რომლის სათავო ოფისიც აშშ-ში მდებარეობს, თუმცა თამბაქო და სხვა პროდუქცია მთელს მსოფლიოში გააქვს. შესაბამისად, ამერიკისთვის მისი ფასიანი ქაღალდები ლოკალური, სხვა ქვეყნების და მათ შორის საქართველოსთვისაც – საერთაშორისო აქციებია.

მზარდი და ღირებული აქციები 

ეს აქციების კლასიფიკაციის კიდევ ორი, პოპულარული მეთოდია. მზარდი აქციების მსურველები, როგორც წესი, ისეთ კომპანიებს ეძებენ, რომელთა გაყიდვები და მოგება ძალიან სწრაფად იზრდება. მართალია, ამ ტიპის ფასიანი ქაღალდების ყიდვას ყოველთვის მეტი რისკი ახლავს, მაგრამ მიღებული პოტენციური შემოსავლის ოდენობაც გაცილებით მიმზიდველია. მზარდ აქციებზე დიდი მოთხოვნაა და როგორც წესი, დიდი კონკურენციაც. თუმცა, ეს ყოველთვის კარგი არ არის – „დამარცხებული“ კომპანია სწრაფად კარგავს პოპულარობას, წყვეტს ზრდას და მისი აქციების ფასი დაეცემა. ხშირად, ისეც ხდება, რომ კომპანია ვითარდება, ოღონდ არა ძველი რიტმით და ესეც ფასის ვარდნას იწვევს.

ღირებული აქციები კი ინვესტირების უფრო კონსერვატიულ ფორმად ითვლება. როგორც წესი, ამ დროს საუბარია განვითარებულ, ჩამოყალიბებულ და ყველასათვის ცნობილ კომპანიებზე, რომლებიც თავისი მიმართულების ლიდერები არიან, საკმარისადაც გაიზარდნენ და სამომავლოდ გაფართოების სივრცეც ნაკლებად აქვთ. მათი უპირატესობაა, რომ გაუძლეს დროს, აქვთ ჩამოყალიბებული, მრავალგზის გამოცდილი ბიზნეს – მოდელი. შესაბამისად, ინვესტორებისთვის, ვინც სტაბილური ზრდისა და ამავდროულად, დამატებითი დადებითი ეფექტების მოლოდინშია, ყველაზე მეტად მიმზიდველი, შესაძლოა, ღირებული აქციები აღმოჩნდეს.

IPO (initial public offer) აქციები 

ეს საინვესტიციო ბაზარზე ახლად გამოჩენილი კომპანიების აქციებია, რომელთათვისაც ასევე სიახლეა ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე სავაჭროდ გამოტანა. IPO აქციები, ხშირად, იმ ინვესტორებს აინტერესებთ ხოლმე, ვინც პერსპექტიულ ბიზნეს – კონცეფციებს ეძებს. თუმცა, ამ ტიპის ქაღალდებს თან ახლავს არასტაბილურობა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ინვესტიციებით მოვაჭრე საზოგადოებაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, მათი მფლობელი კომპანიისა და შესაბამისად, შემოსავლების ზრდის პერსპექტივაზე.

დივიდენდური და არა-დივიდენდური აქციები 

ეს არის აქციები, რომლებსაც დივიდენდები მოაქვს და აქციები, რომლებსაც დივიდენდები არ მოაქვს. რა სხვაობაა მათ შორის?

დივიდენდური აქციებიდან ინვესტორები რეგულარულად იღებენ დამატებით შემოსავალს, იგივე დივიდენდებს.  ამიტომ, ამ ტიპის აქციები, ინვესტორთა გარკვეულ წრეებში, დიდი პოპულარობით სარგებლობს. კომპანია, ერთ აქციაში $0.01-ის გადახდითაც კი, დივიდენდური აქციების მფლობელად ითვლება.

არა-დივიდენდური აქციებიდან, ინვესტორები, არანაირ დამატებით შემოსავალს არ იღებენ, სამაგიეროდ,  შეიძლება, მისი ღირებულება იზრდებოდეს სტაბილურად. ამიტომ, ინვესტორთა გარკვეულ წრეებში, აქციების სწორედ ეს ტიპია პოპულარული.

ციკლური და არა-ციკლური აქციები 

ციკლური აქციები ისეთ კომპანიებს აქვთ, რომლებიც წარმოების, მოგზაურობის, ძვირფასეულობისა და ძვირადღირებული ნივთების ბაზარზე ოპერირებენ. მათზე ეკონომიკური ვარდნა დიდ გავლენას ახდენს, ფინანსური კრიზისის გამო, მომხმარებლებს, როგორც წესი, უბრალოდ აღარ აქვთ ძვირადღირებული პროდუქტების შეძენის საშუალება. თუმცა, თუ ეკონომიკა ძლიერია, რყევების შემდეგაც კი, სწრაფად ახერხებენ ასეთი კომპანიები ძალების აღდგენას. ბუნებრივია ეს, მათ აქციებზეც აისახება.

არა-ციკლური აქციების (იგივე სეკულარული, თავდაცვით აქციები) ღირებულება გარემო ფაქტორებსა და ცვლილებებზე ასეთი დამოკიდებული არ არის. მაგალითად, საკვები და პირველადი მოხმარების პროდუქტების მაღაზიათა ქსელი – როგორი კრიზისიც არ უნდა იყოს, კვება ყველას უნდა. ამიტომ, მათი აქციები, ეკონომიკური ვარდნის პერიოდშიც, მეტ-ნაკლებად სტაბილურია.

არა-ციკლური აქციები, როგორც წესი, უკეთ მუშაობს ბაზარზე ვარდნების დროს, ციკლური აქციები კი პირიქით – სტაბილური, ჯანსაღი ვითარებისა და ეკონომიკური აღმავლობის პერიოდში.

უსაფრთხო აქციები

ეს ისეთი აქციებია, რომელთა ფასებიც, საერთო საფონდო ბირჟაზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, იცვლება, მაგრამ უმნიშვნელოდ – მცირედით იკლებს, ან იმატებს. შესაბამისად, ასეთ ფასიან ქაღალდებს ძალიან დაბალი მერყეობა ახასიათებს. მაგრამ არც მათგან მიღებული შემოსავალია დიდი. უსაფრთხო აქციებიდან, ინვესტორები, დივიდენდებსაც იღებენ და როგორც წესი, ეს ფაქტორი აბალანსებს ხოლმე, მაგალითად, რთულ ფინანსურ პერიოდში, არც თუ ისე დიდი სარგებლის კიდევ უფრო შემცირებას.

ESG (Environmental, Social, Governance) ინვესტიციები

ინვესტიციის ეს სახეობა უფრო კონკრეტული ფილოსოფიის მიმდევრებისთვის არის აქტუალური. უფრო კონკრეტულად კი მათთვის, ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკოლოგიური, სოციალური და მმართველობის/კორპორაციული პრობლემები. ამ შემთხვევაში, ინვესტორები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ აგენერირებს თუ არა კომპანია მოგებას, ან დროის რა მონაკვეთზეა გათვლილი მისი შემოსავლების ზრდა. აქ მთავარია, როგორ უდგება აქციების მფლობელი მმართველობის/კორპორაციულ, ეკოლოგიურ და სოციალურ საკითხებს.

ლურჯი ჩიპის და იაფი აქციები

არსებობს აქციების კატეგორია, რომლებიც მომხმარებლის შესაძლებლობების და კომპანიების რეპუტაციისა  თუ ხარისხის მიხედვით აღიქმება.

მაგალითად, ლურჯი ჩიპის აქციები, როგორც წესი, საქმიან წრეებში, ინვესტიციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა – მათ ისეთი კომპანიები წარმოადგენენ, რომლებიც თავიან ინდუსტრიაში ლიდერებად ითვლებიან და წლების მანძილზე, ძალიან კარგი რეპუტაცია გააჩნიათ. როგორც წესი, ასეთი აქციები არ უზრუნველყოფს აბსოლუტურ მაქსიმალურ მოგებას, თუმცა, მათი სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის, ვისაც რისკი საერთოდ არ უყვარს.

იაფი აქციები კი პირიქით არის – მათ განვითარებისა და ხარისხით დაბალ საფეხურზე მდგარი კომპანიები წარმოადგენენ. ამიტომ, ასეთი ფასიანი ქაღალდები ძალიან იაფია და როგორც წესი,  ფასი 1 დოლარზე ნაკლებია. მაგრამ ასეთი მოთამაშეები ხშირად სპეკულაციურ ბიზნეს – მოდელს ირჩევენ, ამიტომ არის დიდი რისკი, თქვენი ინვესტიცია სულ დაკარგოთ.

 

ამ სტატიაში, შევეცადეთ, დეტალურად განგვეხილა აქციების ყველა ტიპი, გვეჩვენებინა თითოეული მათგანის დადებითი და უარყოფითი მხარეები. და თუ ახლა, თქვენ ფიქრობთ, ინვესტიციის რომელი გზა აირჩიოთ, ჩვენი რჩევა იქნება, კარგად გააანალიზოთ ეს მახასიათებლები, აწონ-დაწონოთ რისკები, თქვენი მოთხოვნები და ზუსტად ჩამოაყალიბოთ მოლოდინები. მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ შეიძლება, კონკრეტული არჩევანის გაკეთება, რა თქმა უნდა, თქვენი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებითა და დაცვით.

 


ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.

რუბრიკას წარმოგიდგენთ „გალტ & თაგარტი“, წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, რასაც Global Finance-ს მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.

Digitalvoice.ge – პლატფორმა, რომელიც ხმების შერჩევასა და აუდიორგოლის შექმნას ამარტივებს

600 ლარამდე თანხა, ძველი საათის სანაცვლოდ! – TI’ME-მა TRADE IN პროექტი წამოიწყო