in

„საქართველოში, E-Commerce ბაზარი, 2025 წლისთვის, ₾1.1 მილიარდამდე გაიზრდება“ – Galt & Taggart-ის კვლევა

კვლევას „გალტ & თაგარტის“ უფროსი ანალიტიკოსი ნინო პერანიძე აფასებს

„გალტ & თაგარტის“ უფროსი ანალიტიკოსი და ელექტრონული კომერციის სექტორზე კვლევის თანაავტორი ნინო პერანიძე

COVID-19-ის პანდემიამ, ბიზნესის განვითარება და მისი პრიორიტეტები, მთელს მსოფლიოში, შეცვლა. ბუნებრივია, გამონაკლისი არც საქართველოა. ბევრ სირთულესა და გამოწვევასთან ერთად, ბოლო წელიწად-ნახევარში, ახალი შესაძლებლობებიც გაჩნდა. ერთ-ერთი ასეთი ელექტრონული კომერციის განვითარებაა. „გალტ & თაგარტის“ ბოლო კვლევის თანახმად, 2020 წელს, ჩვენს ქვეყანაში, „ონლაინ“ ვაჭრობა გასამმაგდა და დაახლოებით, ₾138 მილიონამდე გაიზარდა. ამავე მონაცემებით, საქართველოში, ელ. კომერციის ბაზრის ზომა, 2025 წლამდე, ₾1.1 მილიარდს მიაღწევს. კიდევ რა მიგნებებია და ზოგადად, რა მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა ეს კვლევა?! – Marketer.ge  „გალტ & თაგარტის“ უფროს ანალიტიკოსსა და ელექტრონული კომერციის სექტორზე კვლევის თანაავტორს ნინო პერანიძეს ესაუბრა:

„ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, ბიზნესებს მივაწოდოთ საინვესტიციო პოტენციალის შესახებ მაქსიმალურად ზუსტი, მონაცემებზე დაყრდნობილი ინფორმაცია, რომ შემდეგ, მათ სწორი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღება შეძლონ. პანდემიის პირობებში, მომხმარებლებიცა და მიმწოდებლებიც იძულებულები გახდნენ, ციფრულ სივრცეში გადასულიყვნენ. შესაბამისად, ელექტრონული კომერცია განსაკუთრებით საინტერესო გახდა ბიზნესისთვის“, – ამბობს ნინო პერანიძე.

მისი თქმით, სრულყოფილი სურათის შესაქმნელად, სხვადასხვა წყაროს ინფორმაცია და მონაცემთა ბაზები გამოიყენეს. მათ შორისა: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ეროვნული ბანკი, რომელიც აფასებს და ითვლის ზოგადად, ციფრული გადახდების სტატისტიკას. ასევე – საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ათავსებენ სხვადასხვა ქვეყანაში ციფრულ თუ ლოგისტიკური ინფრასტრუქტურას და ა.შ.

ნინო პერანიძე: გადავწყვიტეთ, საქართველოს მდგომარეობა შეგვეფასებინა და ბიზნესისთვის, სახელმწიფო სტრუქტურების თუ მომხმარებლებისთვის დაგვენახებინა სრული სურათი, რა მდგომარეობაშია ეს სექტორი, რომ თითოეულმა მათგანმა საინვესტიციო, საოპერაციო თუ სხვა მიმართულებით სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს.

რა საერთო სურათი გამოიკვეთა ამ კვლევის შედეგად? 

ჩვენი კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიგნება არის ის, რომ COVID-19-ის პანდემიამ დააჩქარა მანამდე დაწყებული, ისედაც გარდაუვალი პროცესები. დღეს, საქართველო, რამდენიმე ათეული წლით ჩამორჩება მსოფლიოს ელექტრონული კომერციის განვითარების ტრენდს, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა ვითარება. ადგილობრივ ბაზარზე დანახარჯები გასამმაგდა – გაიზარდა 138 მილიონ ლარამდე. თუმცა, ეს მაინც ცოტაა, რადგან მთლიანი საცალო გაყიდვების, დაახლოებით, 1.1%-ია. იგივე მაჩვენებელი 12-ჯერ მეტია ევროპაში. ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ დაჩქარების მიუხედავად, სექტორი აუთვისებელია და სამომავლოდ, ზრდის ძალიან მაღალი პოტენციალი აქვს. არა მხოლოდ საშუალო ვადაში, არამედ გრძელვადიან პერიოდშიც. ჩვენი კვლევის მეორე მნიშვნელოვანი მიგნება არის ის, რომ ქართველები ქვეყნის გარეთ 3-ჯერ უფრო მეტ თანხას ვხარჯავთ, ვიდრე ქვეყნის შიგნით. განვითარებულ ბაზრებზე მსგავს პრაქტიკას ვერ შევხდებით. არა და, სხვა ქვეყნიდან პროდუქტის გამოწერა დაკავშირებულია უფრო მეტ დროსთან და ტრანსპორტირების ხარჯებთან.

ანუ საქართველოში, ელ. კომერციაზე მოთხოვნა უფრო დიდია, ვიდრე – მიწოდება. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ინფორმაცია ადგილობრივი ბიზნესისთვის? 

დიახ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ბაზარი ვერ აკმაყოფილებს ადგილობრივ მოთხოვნას, ანუ მიწოდება ჩამორჩება მოთხოვნას. კომპანიების მხრიდან მეტი ნაბიჯია გადასადგმელი, რომ მოხდეს მოთხოვნის დაკმაყოფილება. ბაზარს ამის პოტენციალი აქვს.

ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ეს ძალიან საყურადღებოა. ასევე მათთვის, ვისაც შემოაქვს პროდუქტი და შემდეგ, ფიზიკურ მაღაზიაში ყიდის. ანუ ყველასთვის, ვისთვისაც შესაძლოა, „ონლაინ“ პლატფორმები საინტერესო იყოს.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ საქართველოში, ადგილობრივი ელ. კომერციის ბაზრის ზომა, წლიურად, 3.2-ჯერ გაიზარდა 2020 წელს და 137.9 მლნ ლარი შეადგინა . . . 

ზუსტად ეს იყო პანდემიის ეფექტი. დინამიკაში კარგად ჩანს, როგორც კი გამოცხადდა ე.წ. ლოქდაუნი (მეორე კვარტალში), ზრდის ტრაექტორია გარდატყდა და სწრაფად დაიწყო მატება. ასევე, იზრდებოდა იმ პერიოდებში, როდესაც შეზღუდვები არც თუ ისე მკაცრი იყო. ეს ნიშნავს, რომ თუ მომხმარებლის ჩვევაში ჯდება „ონლაინ“ შესყიდვები, ის შენარჩუნებული იქნება პოსტპანდემიურ პერიოდშიც, ანუ არ არის დროებითი მოვლენა. ეს გარდაუვალი და შეუქცევადი პროცესია, რაც საკუთარ სტრატეგიებში გრძელვადიანად უნდა ჩაწერონ კომპანიებმა, როგორც განვითარების გზა და არა – პანდემიაში გადარჩენის საშუალება.

კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში, ადგილობრივი ელ. კომერციის ბაზრის ზომა 1.1 მილიარდ ლარამდე გაიზრდება, 2021-2025 პერიოდში. ამ მიგნების საფუძველს რა მონაცემები გაძლევთ?

პროგნოზებს არსებული დინამიკის საფუძველზე ვაფუძნებთ და იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს შესადარის ქვეყნებში. საქართველო, ელ. კომერციის მიმართულებით, 2025 წელს მივა იმ დონეზე, სადაც ახლა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებია. თუ დღეს, საცალო ვაჭრობის წილი 1.1%-ია, 2025 წელს წელიწადში ეს მაჩვენებელი 4.7% იქნება. ამ პერიოდში ავითვისებთ იმ პოტენციალს, რაც სექტორს აქვს და მინდა, აღვნიშნო, რომ გრძელვადიანი პოტენციალი გაცილებით უფრო დიდია.

კვლევის მიხედვით, პანდემიის დადგომისთანავე, ადგილობრივი ელ. კომერციის ყველაზე პოპულარული კატეგორიები გახდა საკვების მიტანა და ელექტრონიკა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა თუ მოწყობილობები. საკვების შემთხვევა გასაგებია. ტექნიკას რაც შეეხება,  ალბათ, ყველა ცდილობდა, დისტანციურად მუშაობისთვის, მეტ-ნაკლებად მომზადებულიყო ტექნიკურად. . . 

დიახ, ტექნიკაზე „ონლაინ“ შესყიდვის ზრდის პირველი მიზეზი სწორედ ეს იყო. თუმცა, აქვე შეიძლება, კიდევ ორ ფაქტორზე ვისაუბროთ – ტექნიკის გამყიდველ კომპანიებს პანდემიამდეც ჰქონდათ „ონლაინ“ მომსახურება და პანდემიის დროს, უბრალოდ, გააძლიერეს ეს მიმართულება. შესაბამისად, მომხმარებელიც ადვილად შეეგუა ამ სიახლეს. მესამე – ტექნიკის სპეციფიკა ისეთია, რომ „ონლაინ“ ადვილად იძებნება მის შესახებ ინფორმაცია. ამიტომ, მარტივია მისი დისტანციურად შერჩევა და ყიდვა, მომხმარებელს მეტი ნდობა აქვს ამ სეგმენტის პროდუქციის „ონლაინ“ შეძენისას.

რაც შეეხება სურსათს, პირდაპირ „ლოქდაუნებს“ უკავშირდება. არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც, სურსათით ელექტრონული ვაჭრობა ყველაზე ნაკლებად განვითარებული იყო პანდემიამდე და ყველაზე მეტად გაიზარდა პანდემიის პერიოდში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დღესაც, ყველაზე პატარა წილი აქვს საცალო გაყიდვებში და ზრდის ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია

კიდევ რაზეა მოთხოვნა და რა ნიშაა თავისუფალი ადგილობრივ ელ. კომერციაში?

ჩვენ რასაც დავაკვირდით, ელექტრონული სექტორის პენეტრაცია იმდენად მცირეა ყველგან, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მოთხოვნა აღემატება მიწოდებას. თუმცა, ვფიქრობთ, განსაკუთრებით ტანსაცმლის, აქსესუარებისა და კოსმეტიკის მწარმოებელ თუ შემომტან კომპანიებს შეუძლიათ ამ მიმართულებით განვითარება. აქ სერიოზული პოტენციალია, რადგან ქართველები ძალიან დიდ თანხას ვხარჯავთ ამ ყველაფერში, საზღვარგარეთ. თუ ადგილობრივი ბაზარი განვითარდება, უკვე არსებული მომხმარებლის მოზიდვა უფრო მარტივია, ვიდრე სხვა სექტორში, ახალი მომხმარებლის ჩართვა ელ. კომერციაში.

კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ 2020 წელს, ქართველების ელ. კომერციის დანახარჯები საზღვარგარეთ, 459 მილიონი ლარი იყო. ადგილობრივ კომპანიებს აქვთ პოტენციალი, რომ ამ თანხის, თუნდაც, ნაწილი საქართველოში იხარჯებოდეს? 

2020 წელს ამ მიმართულებით ადგილობრივი ბაზრის წილი, თითქმის, გაორმაგდა – 12-დან 23%-მდე ავიდა. 2021 წლის პირველ 4 თვეში უკვე 34%-ზეა. ეს ნიშნავს, რომ საკმაოდ მზარდია ადგილობრივი ბაზარი და მისი ზრდის ტემპი. ჩვენ ვამბობთ, რომ 2025 წლისთვის, მთლიანი დანახარჯების ნახევარზე მეტი მაინც უნდა მოდიოდეს ადგილობრივ მიმწოდებლებზე და ეს აბსოლუტურად რეალურია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთიდან გამოწერილ პროდუქციას, ადრესატამდე მისასვლელად, გარკვეული დრო სჭირდება, მომხმარებელს კი მალე უნდა შეძენილი ნივთების მიღება. თუ ადგილობრივი კომპანიები ამ მხრივ მომსახურებას გააუმჯობესებენ, პოტენციალი ნამდვილად ძალიან დიდია.

ქვეყანაში ელექტრონული კომერციის განვითარებაზე, გარემო ფაქტორებიც მოქმედებს, ვგულისხმობ, როგორც ხელშემწყობ, ისე ხელის შემშლელ ფაქტორებს . . . 

დიახ, გარდა იმისა, რომ კომპანიებმა თავად უნდა მოინდომონ და იმუშაონ, რომ განავითარონ ელ. პლატფორმები, არსებობს ბუნებრივი გარე ფაქტორები, რაც ხელს უწყობს ან პირიქით, ხელს უშლის სექტორის განვითარებას. საქართველოში 84%-ია შინამეურნეობების წვდომა ინტერნეტზე, რაც ევროპის მაჩვენებელთან ახლოს არის და ეს ძალიან კარგია. გარდა ამისა, ელ. კომერციას ხელს უწყობს საბანკო სექტორის განვითარება. საქართველოში ანგარიშებისა და საბანკო ბარათების მფლობელების პროცენტულობა საკმაოდ მაღალია. ამის გარეშე „ონლაინ“ ნივთის შეძენა უბრალოდ შეუძლებელია. მესამე – ევროპასთან შედარებით, ახალგაზრდა მოსახლეობა გვყავს, ანუ მეტი მიმღებლობა გვაქვს ტექნოლოგიების მიმართ. რაც შეეხება ხელის შემშლელ ფაქტორებს, საქართველოში, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა დაბალია. ეს არა მხოლოდ ელ. კომერციის, არამედ ბევრი სხვა სექტორის განვითარებას უშლის ხელს. გარდა ამისა, ლოჯისტიკური გარემო გვაქვს საკმაოდ არაეფექტური, რთულია, მართო პროდუქციის ტრანსპორტირება და დასაწყობება, რაც ხელს უშლის ადგილობრივ, თუ საერთაშორისო ელ. კომერციას. ასევე გამოვყოფდი ურბანიზაციას –  საქართველოში 60%-მდე ცხოვრობს ქალაქად, დანარჩენი კი – სოფლად. ეს ართულებს გადაზიდვებს, ხარჯიანს ხდის მიწოდებას და საბოლოო ჯამში, ზრდის „ონლაინ“ პროდუქტის შეძენის ღირებულებასაც.

როგორც უფროს მკვლევარს, მიღებული შედეგებით, რა დასკვნის გაკეთება შეგიძლიათ? 

გვაქვს ძალიან დიდი ასათვისებელი ბაზარი, რომელიც კომპანიების დიდი ნაწილისთვის ჯერ კიდევ წარმოადგენს არა გრძელვადიან სტრატეგიას და მთავარ მისიას, არამედ პანდემიაში გადარჩენის საშუალებას. ეს არასწორი მიდგომაა და ვფიქრობ, მცირე თუ მსხვილი მეწარმეები უნდა დაფიქრდნენ ამ ყველაფერზე, ბიზნესი სწორი მიმართულებით რომ განავითარონ. პირველ რიგში, იმ სივრცის გაციფრულებით უნდა დაიწყონ, სადაც ახლა საქმიანობენ, შემდეგ ბიზნესის განვითარების პროცესში, თვითონვე მიხვდებიან, რა მიმართულებით არის უფრო მეტად მოთხოვნა. თუ დღეს კომპანია ყიდის სურსათს ან ტექნიკას, ხვალ უნდა ეცადოს და გააფართოოს თავისი პროდუქტების ნაირსახეობა, შესაბამისი მოთხოვნის შესაბამისად. გარდა ამისა, კომპანიები, მაქსიმალურად, ფართოდ უნდა იყვნენ წარმოდგენილები ციფრულ სივრცეში. თითოეულმა მათგანმა, ეს შეიძლება გააკეთოს საკუთარი რესურსითა და პლატფორმების განვითარებით, ან გამოიყენოს უკვე არსებული „მარკეტფლეისები“, რომლებიც იგივე მცირე ბიზნესებს აძლევს საშუალებას, საკუთარი ფულადი სახსრების გარეშე, მარტივად განათავსონ პროდუქტები „ონლაინ“ და ამ გზით მიიტანონ ისინი მომხმარებლამდე.

 

[R]

ასტრონომები სამყაროს ყველაზე დეტალური 3D რუკის შექმნაზე მუშაობენ

ბრენდი 20 წლიანი წარსულით – კონამი Pro Evolution Soccer-ს სახელს უცვლის