ბევრ ქვეყანაში სიგარეტის კოლოფების დიზაინის განუყოფელ ნაწილს საგანგებო გაფრთხილებები წარმოადგენს — მათზე დატანილია მინიშნებები, თუ რა ზიანი მოაქვს თამბაქოს ადამიანის ორგანიზმისთვის. ახლა კი მალე კანადა გახდება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც სიგარეტის თითოეულ ღერზე დაიპრინტება შესაბამისი გაფრთხილებები.
რეგულაციები, რომლებიც უკვე გამოაცხადა Health Canada-მ, ძალაში შევა 2023 წლის 1 აგვისტოდან და ეტაპობრივად ამოქმედდება. გაფრთხილებები პირველად გამოჩნდება „King-sized“ სიგარეტებზე, რომლებიც ბაზარზე 2024 წლის ივლისისთვის გამოჩნდება.
ამის შემდეგ, 2025 წლის აპრილის ბოლოდან, ეტიკეტები გამოსახული იქნება ჩვეულებრივი ზომის სიგარეტებზე და პატარა სიგარებზე. Health Canada-მ განმარტა, რომ ცალკეული სიგარეტის ქაღალდის ეტიკეტირებისას, მწეველებისთვის სიფრთხილის უგულებელყოფა „ფაქტობრივად შეუძლებელი“ გახდება. კომპანიის წარმომადგენლების აზრით, ამგვარი მიდგომა კიდევ უფრო გაამარტივებს ზიანის მასშტაბების აღქმას და საბოლოოდ, ნიკოტინის მოხმარების დონის შემცირებაზეც დადებითად აისახება.
„თამბაქოს მოხმარება ყოველწლიურად კლავს 48 000 კანადელს. ამიერიდან მსოფლიოში პირველი ქვეყანა ვიქნებით, რომელმაც ინდივიდუალურ სიგარეტზე ჯანმრთელობის გამაფრთხილებელი შეტყობინებების ეტიკეტირება დაიწყო. ეს გაბედული ნაბიჯი ფაქტობრივად გარდაუვალს გახდის ჯანმრთელობის გამაფრთხილებელი შეტყობინებებისთვის ყურადღების მიქცევას“, — განაცხადა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და დამოკიდებულების მინისტრმა, კაროლინ ბენეტმა.