მართალია, ზაფხული უკვე მიიწურა, მიუხედავად ამისა, თბილი ამინდები კიდევ იძლევა იმის საშუალებას, რომ საზოგადოება ღია კაფეებში ჯდომით, კარგი მუსიკითა და ცივი სასმელით დატკბეს. თუმცა, როგორი იქნება გამაგრილებელი სასმელი ყინულის გარეშე? ორგანიზაცია WWF-მა საინტერესო ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა, რომელიც ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილის მატარებელიც აღმოჩნდა. ერთ ცხელ დღეს, ჩვეულებრივ კაფეში შესულ მომხმარებელს სასმელი ყინულის გარეშე მიართვეს და თან ახსნა-განმარტებითი ბროშურაც მიაყოლეს. ის დაუდევარი ქმედებები, რომლებიც, ძირითადად, ბუნების გაუფრთხილებლობასა და დაბინძურებას გულისხმობს, კატასტროფულად აისახება კლიმატზე, იწვევს მის ცვლილებას, რასაც შედეგად არაერთი უნიკალური ცხოველის გადაშენება მოსდევს. კამპანიის განხორციელებაზე, ორგანიზაციასთან ერთად, სააგენტო Bruketa & Zinic-მა იზრუნა.