in

როგორ აფრიალდა „თოდუას კლინიკის“ გამარჯვების დროშა კრეატიულ ფესტივალებზე

ონკოლოგიურ დიაგნოზზე ფიქრს ადამიანები, როგორც წესი, თავს არიდებენ. ბუნებრივია, როცა არ გინდა ამაზე ფიქრი, გეშინია უცხო ტკივილის და ისედაც დამღლელ ყოველდღიურობაში ნებისმიერ მძიმე ამბავს თვალს ვარიდებთ. ასეთ დროს, რთულია მარკეტინგული კომუნიკაციაც. მაინც, როგორ უნდა მოუყვე ჯანმრთელ ადამიანს სხვის გასაჭირზე ისე და ამავდროულად, უთხრა, რომ ბრძოლას აზრი აქვს? „თოდუას კლინიკის“ კამპანიამ თავისი მიდგომით სწორედ ეს ბარიერი გაარღვია. შემოქმედებითმა გუნდმა მაყურებლის ყურადღება მიმართა იმ წარმოუდგენელი სიმტკიცისკენ, რომლითაც ონკოპაციენტები ამ ურთულეს გზას გადიან. პროექტის მთავარი ვიზუალური მეტაფორა ის ნივთი გახდა, რომლითაც პაციენტები ქიმიოთერაპიის კვალს მალავენ – მკურნალობის რეალური თავსაბურავები მათ ხელში გამარჯვების დროშებად გარდაიქმნა.

იდეამ ჯერ Ad Black Sea 2026-ის ჟიურის წევრების მოწონება დაიმსახურა და ფესტივალზე ოთხი ჯილდო მოიპოვა, შემდეგ ბალტიკბესტიდან დაბრუნდა ჯილდოებით. თუმცა ამ ისტორიაში საფესტივალო წარმატებაზე ბევრად მნიშვნელოვანი ის ცოცხალი ემპათია აღმოჩნდა, რაც ვიდეოს გამოჩენას მოჰყვა – დროული დიაგნოსტიკის შეხსენებითა და ერთმანეთის გამხნევებით.

რა იმალება ამ კამპანიის კადრს მიღმა, რატომ გადაწყვიტეს პაციენტებმა საკუთარ გამოცდილებაზე ღიად საუბარი და როგორ იქცევა პირადი ბრძოლა სხვების გადარჩენის მთავარ იმედად – ინტერვიუში თოდუას კლინიკის  მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნატალია დარჩიაშვილი, Holy Motors-ის კრეატივ დირექტორი გიორგი ავალიანი, სამხატვრო ხელმძღვანელი ანასტასია ბეჟიტაძე და კამპანიის მონაწილე ეკატერინე ლაზარეიშვილი გვიამბობენ.

„ჩვენი კამპანიის საფესტივალო ცხოვრება Ad Black Sea-დან დაიწყო და იმედი გვაქვს, კიდევ ბევრ სცენას შეძრავს დროშებად გადაქცეული თავშლების სიმბოლო. სულ ბოლო სიხარული ბალტიკბესტის ჯილდოების ფორმით მოგვევლინა. ბალტიკბესტი განსაკუთრებული სარეკლამო ფესტივალია ლატვიიდან, სადაც მხოლოდ პატარა ქვეყნების ნამუშევრები ეჯიბრებიან ერთმანეთს. „გამარჯვების დროშებმა“ სახელოვნად გაიბრწყინა – ოქრო ინტეგრირებულ კამპანიებში, ვერცხლები ფილმ კრაფტში, ფილმსა და სოციალური მედიის კატეგორიებში და ბრინჯაო კონტენტ მარკეტინგში. ჩვენი გულითადი ჩანაფიქრია, კამპანიამ სიცოცხლე გააგრძელოს და კამპანიად არ დარჩეს, არამედ ხანგრძლივ პლატფორმად გასცდეს საქართველოს საზღვრებს,“ – ამბობს გიორგი ავალიანი.

M: მიმოვიხილოთ კამპანიის დეტალები – რატომ გადაწყვიტეთ ისეთ რთულ თემაზე საუბარი, რომელსაც საზოგადოება ხშირად გაურბის და თავს არიდებს, და რა გახდა ამ ფორმის შერჩევის პირველი ბიძგი?

ანასტასია ბეჟიტაძე: პირველი ბიძგი პირადი გამოცდილება იყო. ამ თემაზე ფიქრი დედაჩემის ამბავმა დამაწყებინა. როცა პირადად უყურებ, რას გადის ქალი ამ რთულ პერიოდში, ძალიან კარგად ხვდები, რა სჭირდებათ მათ.

სწორედ ამიტომ, ამ თემაზე გამარჯვების პერსპექტივიდან უნდა გველაპარაკა – არა იმაზე, რამდენად რთულია ეს გზა, არამედ იმ სიმტკიცესა და სიძლიერეზე, რომლითაც ქალი ყველა ამ გამოწვევას გადის. რაც მთავარია, ეს გამარჯვებები ამტკიცებს, რომ სამყაროში ყველაზე რთულ მეტოქესთან გამარჯვება შესაძლებელია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ახლა გადის ამ პერიოდს. სხვისი გამარჯვების ნახვა დიდი მოტივაციისა და იმედის წყაროა.

ნატალია დარჩიაშვილი: ონკოლოგიაზე საუბარი უდიდესი გამოწვევაა. მთავარი სირთულე იმ საკომუნიკაციო ენის პოვნა იყო, რომლითაც პაციენტების ტკივილსა და განცდებსაც ზუსტად გადმოვცემდით და ჯანმრთელ საზოგადოებასაც არ დავამძიმებდით. ერთის მხრივ, პაციენტებს ვეუბნებით, რომ კიბო განაჩენი არ არის და ბრძოლა უნდა გააგრძელონ, მეორეს მხრივ კი, ჯანმრთელ ადამიანებს დროული დიაგნოსტიკის სასიცოცხლო მნიშვნელობას ვახსენებთ. „თოდუას კლინიკის“ გამოცდილებამ და ჩართულობის მაჩვენებლებმა აჩვენა, რომ მიდგომა სწორია – როცა პაციენტების რეალურ ამბებს სრული გულწრფელობითა და ემპათიით ჰყვები, ეს ორივე მხარეს თანაბრად აღწევს.

M: რა სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა თავსაბურავების გამოყენებას და როგორ იქცა მკურნალობის თანმდევი ეს დეტალი გამარჯვების ნიშნად?

ანასტასია ბეჟიტაძე: ქალებისთვის თავსაბურავი მკურნალობის განუყოფელი ნაწილია. ის უბრალოდ აქსესუარი არ არის – ამ რთულ გზას მათთან ერთად გადის, ამ პერიოდის ისტორიას ინახავს და ბრძოლის ნაწილად იქცევა. სწორედ თავსაბურავებით მალავენ დაავადების კვალს. კიბო ის თემაა, რომელსაც საზოგადოება ხშირად გაურბის, არ ვსაუბრობთ, არ გვინდა მოსმენა, რადგან მძიმეა და დისკომფორტს გვიქმნის. სწორედ ამიტომ გვინდოდა, ის, რაც ამ პერიოდში მალვასა და სირთულესთან ასოცირდება, თავად ქალებს გამარჯვების სიმბოლოდ ექციათ.

ნატალია დარჩიაშვილი: კრეატიული თვალსაზრისით მთავარი მიგნება სწორედ ის იყო, რომ ქიმიოთერაპიის დროს გამოსაყენებელი თავსაფარი საბოლოოდ გამარჯვების სიმბოლოდ ვაქციეთ. მსოფლიო პრაქტიკაც მოვიძიეთ და მსგავსი მეტაფორა არსად ყოფილა გამოყენებული. ეს უნიკალური ხედვა აღმოჩნდა, რამაც პროექტს როგორც საფესტივალო, ისე სოციალური თვალსაზრისით დიდი ძალა შესძინა.

ეკატერინე ლაზარეიშვილი: მთელი ცხოვრება გრძელ თმას ვატარებდი, თუმცა მისი დაკარგვა მეორეხარისხოვანი აღმოჩნდა იმ ურთულეს გზასთან შედარებით, რასაც ადამიანი ამ დროს გადის. ჩემს თავს ვუთხარი: „არა უშავს, უფრო გრძელი თმა მექნება-მეთქი“. მანამდე კი მუდმივად თავსაბურავს ვატარებდი, ოპერაციაზეც კი. ჩემთვის ეს თავსაფარი სიხარულის, ყოველდღიური იმედისა და იმის სიმბოლოა, რომ ეს ყველაფერი დასრულდა. მჯერა, სხვა ქალებიც სიამაყით ააფრიალებენ საკუთარი გამარჯვების დროშებს.

M: რატომ იყო გადამწყვეტი პაციენტების პერსპექტივის ჩვენება და რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული მათი დარწმუნება?

ნატალია დარჩიაშვილი: ჩვენში ჯერ კიდევ ძლიერია სტიგმა და ადამიანებს უჭირთ ტკივილის საჯაროდ გაზიარება. რთულია, დაითანხმო ადამიანი საუბარზე და ეკრანზე გამოაჩინო მაშინ, როცა მკურნალობის გამო გარეგნობა შეცვლილი აქვს. ამ პროცესში მკურნალი ექიმები გვეხმარებიან. მთავარი არგუმენტი ისაა, რომ მათი ერთი ფოტო თუ ვიდეო უდიდესი იმედია სხვებისთვის, ვისაც ბრძოლის რწმენა დაკარგული აქვს და ხელის ჩაქნევას აპირებს.

ეკატერინე ლაზარეიშვილი: დიაგნოზის გაგებისას შოკირებული ვიყავი, ტირილი დავიწყე – 32 წლის ასაკში ამას ვერაფრით წარმოვიდგენდი. სიმსივნემ ყველა გეგმა ამირია. ყველას ეგონა, რომ მეშინოდა, მე კი პირველივე დღიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ დავამარცხებდი. ექიმთან პირველივე ვიზიტისას საოცარი ნდობა გამიჩნდა. მომცა პირობა, რომ დეკემბერში უკვე ჯანმრთელი ვიქნებოდი – და შეასრულა კიდეც. გამოჯანმრთელების დასტური რომ გავიგე, თითქოს თავიდან დავიბადე. თუ ქიმიოთერაპიაზე მისვლისას კიბეზე ძლივს ავდიოდი, იმ ფურცლით ხელში კიბეები სიხარულით თავპირისმტვრევით ავირბინე.

ვიცოდი, რომ ძლიერი ვიყავი, მაგრამ საკუთარ თავს ასეთ ძალას მაინც ვერ წარმოვიდგენდი. შესაძლებლობა რომ მქონდეს, ჩემს ენერგიას მათ გავუნაწილებდი, ვინც ამ გზას ახლა გადის. ეს მართლა არ არის განაჩენი – მთავარია, მორალურად არ გატყდე, რადგან შენ ნაცვლად ამ ბრძოლას ვერავინ გაივლის.

M: როგორ უკავშირდება პაციენტების გამარჯვების ისტორიები კამპანიის უმთავრეს გზავნილს – დროულ დიაგნოსტიკას?

ანასტასია ბეჟიტაძე: გამარჯვება არ არის მხოლოდ ამ დაავადების დამარცხება. გამარჯვებისკენ პირველი ნაბიჯი დროული დიაგნოსტიკაა და ამაზე უკვე გამარჯვებული ქალების ისტორიებით ვისაუბრეთ. მათმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ დროული აღმოჩენა ამ გზას ცვლის – რაც უფრო ადრე იწყებ ბრძოლას, მით უფრო ახლოს ხარ გამარჯვებასთან.

ნატალია დარჩიაშვილი: დაგვიანებული დიაგნოსტიკა უდიდესი პრობლემაა და ამ მხრივ საქართველო მსოფლიოს საგრძნობლად ჩამორჩება. ადამიანები ვიზიტს ხშირად შიშის გამო დებენ – ეშინიათ მძიმე პასუხის გაგების და მიზეზად უფინანსობასა თუ უდროობას ასახელებენ. ჩვენი კამპანიის უმთავრესი გზავნილიც სწორედ ესაა: ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი დაავადება სრულ განკურნებას ნიშნავს, დაგვიანების შემთხვევაში კი საქმე მხოლოდ სიცოცხლის გახანგრძლივებაზე ზრუნვა ხდება.

M: Ad Black Sea 2026-ზე კამპანიამ ოთხი ჯილდო მოიპოვა – თუ ელოდით ასეთ აღიარებას და რას ნიშნავს ეს წარმატება პროექტისთვის?

ნატალია დარჩიაშვილი: დიდი მოლოდინი არ გვქონია, რადგან თემა მძიმეა და ვღელავდით, რამდენად სწორად მიიღებდა მას ფესტივალის ახალგაზრდა აუდიტორია. თუმცა ავთენტურობამ და რეალურმა ისტორიებმა თავისი გააკეთა. კამპანიამ ოთხი ჯილდო მოიპოვა – მთავარი პრიზი ახალგაზრდა შემოქმედების კატეგორიაში იდეის ავტორს, ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, რადგან საქართველოდან ონკოლოგიის თემაზე შექმნილმა პროექტმა ასეთ საერთაშორისო წარმატებას პირველად მიაღწია.

ანასტასია ბეჟიტაძე: ამ კამპანიას შეუძლია რეალური იმედი მისცეს ქალებს, რომლებიც ახლა გადიან ამ რთულ პერიოდს. ამიტომ თითოეული გამარჯვება ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანის მიღწევის შესაძლებლობა გვეძლევა. რაც უფრო დიდია პროექტის მიმართ ყურადღება, მით უფრო მეტი შანსია, რომ გაფართოვდეს, მეტ ადამიანამდე მივიდეს და კიდევ უფრო მეტი ქალი დააფიქროს ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე.

ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს იდეა მხოლოდ ერთი ქვეყნისთვის არ შექმნილა. ის დაფუძნებულია უნივერსალურ ადამიანურ ემოციაზე, იმედზე და გამარჯვების სურვილზე. ამიტომ გვჯერა, რომ ამ იდეას ბევრად უფრო დიდი მასშტაბის მიღწევა შეუძლია.

M: როგორია კამპანიის რეალური სოციალური შედეგი უშუალოდ აუდიტორიასთან მიმართებაში?

ნატალია დარჩიაშვილი: კამპანიის დაწყებიდან ონკოლოგიის დეპარტამენტში მომართვიანობა გაზრდილია. თუმცა მთავარი მაჩვენებელი ის სოლიდარობაა, რაც სოციალურ ქსელებში გაჩნდა: ონკოპაციენტები ერთმანეთს ამხნევებდნენ და საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ, ჯანმრთელი ადამიანები კი გზავნილის სისწორეს აღნიშნავდნენ. თუ ამ კამპანიით ერთ ადამიანს მაინც გადავარჩენთ და დროულად მივიყვანთ გამოკვლევაზე, ეს უკვე ყველაზე დიდი შედეგია.

მთავარი ისაა, რომ ჩვენმა მიდგომამ გაამართლა – ინდუსტრიამ დაინახა, რომ პროექტი რეალურ პრობლემას ზუსტი ინსაიტით პასუხობს. ისეთ რთულ თემაზეც კი, როგორიც ონკოლოგიაა, სწორი და გულწრფელი კომუნიკაცია ყოველთვის ყველაზე ეფექტურია.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს

ვინ იღებს AI-სგან ყველაზე მეტ სარგებელს?