ხშირად ამბობენ, რომ გამარტივება ხელმისაწვდომი ბრენდის შექმნის საფუძველია, მაგრამ დიდებული ბრენდები დრამატიზებული დეტალებისგან შეიქმნა და არა, აბსტრაქტული მახასიათებლებისგან. უფრო სწორად რომ ვთქვათ, ძლიერი ბრენდის შექმნის ძირითადი პრინციპი შეტყობინების ფოკუსირებაა და ის, რაც მას ადვილად გასაგებს ხდის. თანაც ადამიანები, როგორც წესი, კომუნიკაციებსა თუ რეკლამებს დიდ ყურადღებას არ აქცევენ… გამოდის, ყველაფერი, რასაც იტყვით, აუცილებლად მარტივი, გასაგები და დასამახსოვრებელი უნდა იყოს. ეს თქვენს ბრენდსაც უნდა უკავშირდებოდეს და მასზე გარკვეულ მოგონებას ქმნიდეს.
ისიც უნდა ვთქვათ, რომ ზოგიერთი კატეგორიისთვის ეს მარტივი ამოცანაა. თუ გაქვთ ის, რაც სხვებს, მაგრამ ერთი მცირე განსხვავებით, უთხარით ყველას ამის შესახებ. თუმცა კომპლექსური და ინოვაციური პროდუქტებისთვის გამარტივების საჭიროება ხშირად შეტყობინების ხარისხის დაქვეითებას გვაძლევს შედეგად…
ამ მხრივ ფიქრობენ, რომ ინოვაციების ზუსტი დეტალები ძალიან რთულია იმისათვის, რომ ყურადღება მიიპყროს — შესაბამისად, მის შემცირებას ამჯობინებენ. აი, აქ იმალება ერთი თავსატეხი — დიდი სხვაობაა შინაარსის გამარტივებასა და მის შემოკლებას შორის. ინოვაციური ბრენდების უმეტესობამ კი ეს უკანასკნელი აირჩია. ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომლებიც საერთოდ არ განასხვავებთ კონკურენტებისგან.
თუმცა ეს მხოლოდ ბიზნესის პრობლემას არ წარმოადგენს. ნაშრომში, რომელიც სამეცნიერო სტატიების გასაგებ ენას ეძღვნებოდა, ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ აკადემიური მკვლევრები ნაკლებად მკაფიოდ წერდნენ, რადგან მათ დაავიწყდათ, რომ თავიანთ კვლევაზე მკითხველებზე მეტი იციან. კონკრეტული საგნის სიღრმისეული ცოდნა კი კომუნიკატორებს მეტად აბსტრაქტულს, ტექნიკურსა და პასიური წერისკენ მიდრეკილს ხდის… ხოლო, თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ ბევრი ინოვაციური პროდუქტი უნივერსიტეტებისგან მოდის, არც ის გაგვიკვირდება, კონკრეტულმა პრობლემამ ბიზნესშიც რომ იჩინა თავი.
ასეთ ინოვატორებს უნდა ახსოვდეთ, რომ დიდებული ბრენდები საინტერესო ამბებით არის აგებული. მთლიანი პროდუქტის გამარტივების ნაცვლად, ბრენდებმა, რომლებიც კომპლექსური პროდუქტებისა და მომსახურებების ირგვლივ ოპერირებენ, უნდა იპოვონ საინტერესო დეტალები და მათ „დრამატიზებას“ მიმართონ. თუმცა როცა ძალიან ახლოს ხართ დეტალებთან, შეიძლება ნამდვილად გამოწვევას ჰგავდეს იმის დანახვა, თუ რა აქცევს თქვენს ბიზნესს განსაკუთრებულად, ამიტომ ამ საქმის გასამარტივებლად ორ მეთოდს შემოგთავაზებთ:
იპოვეთ განსხვავებები და მოტივაციები
გახდით პროდუქტისა და ბრენდის მკვლევარი, რომელიც მოტივაციებს, პროდუქტსა და კონკურენტებს დეტალურად აანალიზებს. დაყავით თქვენი მიგნებები კლასტერებად, რომლებიც თქვენი კატეგორიისთვის რელევანტურია და არ შეეშვათ მანამ, სანამ რაღაც უნიკალურს არ იპოვით, თუნდაც ეს ძალიან პატარა რამ იყოს. არც ის არის მნიშვნელოვანი, რომ ეს თქვენი ტექნოლოგიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდეს, უბრალოდ იგი საინტერესო ამბის საფუძველი უნდა გახდეს.
მიმართეთ განსხვავების დრამატიზებას
მას შემდეგ, რაც განმასხვავებელ ფაქტორს იპოვით, იგი უცხოდ და მიმზიდველად წარმოაჩინეთ. აჩვენეთ, ამის შედეგად რამდენად განსხვავებული ხდება თქვენი აუდიტორიის სამყარო. მართალია ხშირად გვეუბნებიან, რომ ბრენდის შექმნის პროცესი კითხვით „რატომ?“ უნდა დავიწყოთ, მაგრამ აქ ექსპერტები კითხვის „მერე რა?!“ დასმას გვთავაზობენ.
ამის მაგალითად კი PsiQuantum-ს ასახელებენ — თუ კონკურენტები კვანტური გამოთვლების კონკრეტულ მეთოდებზე ფოკუსირდებიან, იგი საკუთარ თავს გვაცნობს, როგორც პირველ გამოსადეგ კვანტური კომპიუტერის ავტორს — მარტივი, მაგრამ ეფექტურია, ფოკუსირდება აუდიტორიის საჭიროებებზე და თამამად იწვევს მკითხველს, დასვას კითხვა: რატომ არის მათი პროდუქტი გამოსადეგი მაშინ, როცა სხვების პროდუქტებს ვერ იყენებენ…
და კვლავ გავიმეოროთ, ამ მარტივი ნაბიჯების პრაქტიკაში დანერგვა იმ წერტილამდე მისვლაში დაგეხმარებათ, სადაც კომპლექსური პროდუქტები დამსახურებულ ყურადღებას იპყრობს რაღაცების ღირებულებისა თუ შინაარსის დაქვეითებით კი არა, არამედ დეტალების დრამატიზებით…












