in

კავშირი მარტოსულობასა და „სამეფო კარის თამაშებს“ შორის — კვლევა

M2
M2

ახალი კვლევის მიხედვით, რაც უფრო მარტოსულია ადამიანი, მით მეტადაა დაკავშირებული გამოგონილ პერსონაჟებთან. მეცნიერების დაკვირვებით, ამგვარი შეფასება რეალობას შეესაბამება — განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე Game of Thrones-ის თაყვანისმცემლებს ეხებათ.

კვლევის ფარგლებში, მონაწილეებს ტვინის სკანირება ჩაუტარდათ. პარალელურად კი ტესტის მიხედვით აფასებდნენ, რამდენად მარტოსულები იყვნენ. ასევე, თითოეული მათგანი „სამეფო კარის თამაშების“ დიდი მოყვარული იყო — შესაბამისად, სკანირების დროს სთხოვეს, სწორედ ამ შოუს გმირებზე ეფიქრათ, შემდეგ კი რეალურ მეგობრებზე გადაეტანათ ყურადღება. როგორც აღმოჩნდა, რაც უფრო მარტოსული იყო მონაწილე, მით უფრო მსგავს დამოკიდებულებას ავლენდა გამოგონილი და ნამდვილი ადამიანების მიმართ. „სანაცვლოდ, მკაფიო საზღვრები გამოიკვეთა ნაკლებად მარტოსულ ინდივიდებში — მათთვის სრულიად სხვადასხვაგვარად აღიქმებიან სერიალის პერსონაჟები და ნამდვილი მეგობრები“.

მარტივად რომ ვთქვათ, ავტორების დასკვნა ასეთია: მარტოსული, მარტოხელა ადამიანები გამოგონილ პერსონაჟებს ისე აღიქვამენ, თითქოს მათი მეგობრები იყვნენ. ამ შეფასების მისაღებად, მკვლევრებმა მედიალური პრეფრონტალური ქერქი შეისწავლეს — ტვინის ის უბანი, რომელიც საკუთარ თავზე ან სხვებზე ფიქრის დროს აქტიურდება. მარტოხელა ადამიანებისთვის ნერვული აქტივობა საოცრად მსგავსი იყო, მიუხედავად იმისა, თუ სერიალის გმირების რომელი ფოტო იყო ნაჩვენები. ამრიგად, მონაწილეებისთვის პერსონაჟების ყურება ისე აღიქმება, თითქოს თითოეული მათგანი რეალური იყოს.

რა თქმა უნდა, სატელევიზიო გმირებს აქვთ პოტენციალი, დიდი გავლენა იქონიონ იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ ცხოვრებას და ჩვენს გამოცდილებას. როგორც ჩანს, ზოგჯერ ადამიანები იმდენად მარტოსულნი არიან, რომ გამოგონილი პერსონაჟები მათში ისეთ ნერვულ აქტივობას იწვევენ, როგორიც მხოლოდ მეგობრებთანაა დაკავშირებული… ამის გათვალისწინებით, მარტოობა იმდენად დიდ როლს თამაშობს ზოგიერთის ცხოვრებაში, რომ მათ სჭირდებათ პერსონაჟები, რათა ურთიერთობებში არსებული ხარვეზები შეავსონ.

ზოგადად, როდესაც ადამიანი მეგობრობის ნაკლებობას განიცდის, ტვინში ფერმკრთალდება ზღვარი, თუ ვინ არის რეალური და ვინ — არა. მეცნიერები 21-ე საუკუნის „მარტოობის ეპიდემიაზეც“ საუბრობენ, რომელსაც უამრავი ჩვენგანი განიცდის. მხატვრული ლიტერატურა და კინემატოგრაფია კი ერთგვარ თავშესაფრად იქცა.

ტურინელი გამომგონებლის იდეა, რომელმაც ალპინისტების ყოველდღიურობა შეცვალა

betlive წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ გენერალური სპონსორია!