in

როგორ აქცია Ambavi Creators-მა მაყურებელი სპექტაკლის მთავარ გმირად?

თეატრალური გამოცდილება, ტრადიციულად, ერთი უცვლელი რიტუალით იწყება: შუქი ქრება და მაყურებელს მობილური ტელეფონების გამორთვას სთხოვენ, თუმცა „ქალაქის თეატრში“ სრულიად საპირისპირო რამ ხდება. ინტერაქციულ, დეტექტიური ჟანრის სპექტაკლში „თამაშის თეორია“, სმარტფონი არა ხელისშემშლელი ფაქტორი, არამედ სიუჟეტის მართვის მთავარი ინსტრუმენტი ხდება.

ეს „ამბავი კრეატორსისა“ და „ქალაქის თეატრის“ ერთობლივი პროექტია, რომლის იდეა რეჟისორ კოკო როინიშვილს ეკუთვნის. იმის გასაგებად კი, როგორ იქცა ტექნოლოგიური ექსპერიმენტი სეზონის ჰიტად და რა ხდება კულისებში, მაყურებლისთვის დაფარული პროცესის მექანიკასა და დეტალებზე ამბავი კრეატორსის გუნდი გვიყვება.

ყველა ინოვაციური გადაწყვეტა არსებული ჩარჩოების დარღვევით იწყება. ამ შემთხვევაში კი ახალი ფორმის ძიების ნაცვლად, გუნდისთვის მთავარი ამოსავალი წერტილი მაყურებლის პროცესში ჩართვა და მისთვის განსხვავებული გამოცდილების შექმნა იყო.

„კითხვა დავსვით, როგორია მაყურებლის გამოცდილება თეატრში? არა ის, თუ რა ხდება სცენაზე, არამედ რა გამოცდილებას გავდივართ, სანამ სპექტაკლი დაიწყება? ყველას პირველ რიგში გაგვახსენდა ეს თხოვნა: „გთხოვთ, გამორთოთ მობილური ტელეფონები“ და ვთქვით მოდი, ყველაფერი ავაგოთ ტელეფონზე. ეს ტექნიკურადაც სწორი გადაწყვეტა აღმოჩნდა და საშუალება მოგვცა, ჩართულობის მასშტაბი გაგვეზარდა“, – აღნიშნავს ტორესა მოსი, ამბავი კრეატორსის კრეატიული დირექტორი.

ორი მოქმედება და ხელოვნური ინტელექტი სცენაზე

სპექტაკლის სტრუქტურა ორ რადიკალურად განსხვავებულ ნაწილად იყოფა. პირველი მოქმედება ტრადიციულ კალაპოტში მიედინება: ხუთი მეგობარი საერთო აგარაკზე ნაცნობი გოგონას ცხედარს პოულობს. გასაღები მხოლოდ მათ აქვთ, შესაბამისად, მკვლელიც ერთ-ერთი მათგანია. მეორე მოქმედებაში კი საქმეში გამომძიებელი (ვანიკო თარხნიშვილი) ერთვება და სპექტაკლის მართვას სრულად მაყურებელი იბარებს.

როგორ მუშაობს ეს ტექნიკურად და რა გზას გადის მაყურებლის გადაწყვეტილებები მისი მობილური ტელეფონიდან სცენამდე, ამბავი კრეატორსის ტექნიკური დირექტორი თედო მახარაძე გვიხსნის:

„პირველი, რასაც მაყურებელი ირჩევს სპეციალური აპლიკაციით, დაკითხვების თანმიმდევრობაა. შემდეგ იწყება თავად დაკითხვები, სადაც აუდიტორიას ეძლევა შესაძლებლობა, რეალურ დროში დასვას კითხვები. სწორედ აქ ასრულებს მთავარ როლს პროგრამული უზრუნველყოფა და ხელოვნური ინტელექტი. გამომძიებლის ამოცანაა, პროცესი წარმართოს, მაგრამ მას არ შეუძლია რეალურ დროში გაფილტროს ასობით კითხვა. ამიტომ, საქმეში სპეციალურად დატრენინგებული ხელოვნური ინტელექტი ერთვება. ის მაყურებლის კითხვებს ფილტრავს რელევანტურობისა და უცენზურობის ტესტით, რათა უშინაარსო ან უცენზურო აზრის მქონე კითხვები არ შეუშვას სისტემაში… გამომძიებელი, როდესაც პლანშეტს უყურებს, უკვე მზა, გაფილტრულ და დახარისხებულ კითხვებს ხედავს“.

მსახიობები ზუსტად გაწერილი ტექსტების გარეშე

ასეთი ფორმატი რთული გამოწვევაა სამსახიობო გუნდისთვის (გიორგი მახარაძე, ნოდარ ძოწენიძე, შაკო მირიანაშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე, ბექა ხაჩიძე და სანდრო ქასრაშვილი). მეორე მოქმედებაში, თითოეული თამაშობს პიესის იმ ვერსიას, სადაც თვითონ არის დამნაშავე, თუმცა საბოლოო ჯამში ამბავი როგორ შეიკვრება, ეს არავინ იცის.  მათ არ იციან, რა კითხვას დასვამს მაყურებელი და არ აქვთ შეცდომის დაშვების უფლება.

ეს ცვალებადი დინამიკა სცენოგრაფიაშიც აისახება. თეატრის მხატვარ ბარბარე ასლამაზისა და ამბავი კრეატორსის არტ დირექტორის ანრი ლომიას მიერ ერთობლივად შექმნილი ვიზუალები პერსონაჟების პერსპექტივას მიჰყვება და დაკითხვის ოთახის გარემოს რეალურ დროში ცვლის. 

“თუ პირველ მოქმედებაში ყველაფერი მყარია, მათ შორის დეკორაცია და სცენის მხატვრობა, მეორე მოქმედებაში გარემო პერსონაჟთან და სიუჟეტის განვითარებასთან ერთად იცვლება. ამისთვის გამოვიყენეთ პროექციის მეფინგი. მისი დახმარებით მეორე მოქმედებაში სცენაზე ვიზუალურად ჩვენ ვხედავთ არა მყარად მოცემულ ობიექტურ რეალობას, რომელიც ყველასთვის ერთია, არამედ რეალობას, რომელიც მუდმივად იცვლება ამბის განვითარების და პერსონაჟის შინაგანი მდგომარეობის მიხედვით” – გვიზიარებს ანრი ლომია, ამბავი კრეატორსის თანადამფუძნებელი და არტდირექტორი. 

როდესაც, რაღაც ახალს ქმნი, არ არსებობს გამოცდილება, რომელსაც შეგიძლია დაეყრდნო. ამიტომ ყველაფრის წინასწარ განსაზღვრა და რისკების მინიმუმამდე დაყვანა იყო ამოცანა, რომელიც ამბავი კრეატორსის, ქალაქის თეატრისა და სამსახიობო გუნდს ერთობლივად უნდა გაეკეთებინა.

„მსახიობებისთვის უჩვეულო იყო, ეთამაშათ როლი ისე, რომ ბოლომდე არ სცოდნოდათ, რას თამაშობენ. სპექტაკლის დასრულებამდე არავინ იცის, რომელი ვერსია გამოვიდა საბოლოოდ, ანუ წარმოდგენის ამ ვერსიაში, რომელი მათგანი იყო რეალურად მკვლელი? ყველაზე დიდი ბარიერი ამ ყველაფერში ის იყო, რომ რამდენი ტესტიც არ უნდა გაგვეკეთებინა, შეუძლებელი იყო ზუსტი წინასწარმეტყველება, როგორ მიიღებდა მაყურებელი ამ ყველაფერს. რა მოხდებოდა, დარბაზი რომ არ ჩართულიყო პროცესში? ან თუ საერთოდ არ დაუკავშირდებოდნენ აპლიკაციას?”, – ამბავი კრეატორსის CEO თინათინ ყიფიანი. სწორედ მისი პასუხისმგებლობა იყო, პროცესი ისე ემართა, რომ რისკები მინიმუმამდე შემცირებულიყო.

ამასთან, დეტექტივის ჟანრის მთავარი მტერი, სიუჟეტის წინასწარ გათქმა, ამ სპექტაკლში ფიზიკურად შეუძლებელია. სწორედ ეს ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომ ყიდულობს ერთი და იგივე მაყურებელი ბილეთს განმეორებით.

„ტექნიკურად შეუძლებელია, დაასპოილერო ვინმე. პროცესი ცოცხალია. რომც მოინდომო, რომელიმე ვერსიას სრული სიზუსტით ვერ გაიმეორებ. ამისთვის საჭირო იქნება მაყურებელიც ზუსტად იდენტური იყოს, ყველამ იგივე არჩევანი გააკეთოს და ზუსტად იდენტური კითხვები დასვას. ეს უბრალოდ შეუძლებელია. ეს არის თამაში, შეძლებ თუ არა დააფიქსირო, როდის გასცემს პერსონაჟი საკუთარ თავს? როდის დაიბნევა? სწორედ ეს აზარტი აბრუნებს ადამიანებს კიდევ და კიდევ თეატრში და სწორედ ამან აქცია სპექტაკლი სეზონის აბსოლუტურ ბესტსელერად“, – განმარტავს ამბავი კრეატორსის გაყიდვების ხელმძღვანელი მარიამ ურუმაშვილი.

„თამაშის თეორიის“ კომერციულმა და საოპერაციო წარმატებამ აჩვენა, რომ აუდიტორია მზად არის ახალი ტიპის ჩართულობისთვის. Ambavi Creators, რომელიც ასევე აქტიურად მუშაობს, როგორც B2B კომპანია, ბრენდებსა და საგანმანათლებლო ინსტიტუციებთან თანამშრომლობისას, ამ მიდგომას არსებული სივრცეების ტრანსფორმაციის იარაღად მიიჩნევს. როგორც თინათინ ყიფიანი ამბობს:

„ჩვენ არ ვხედავთ საკუთარ საქმეს ისე, როგორც ახალ დამოუკიდებელ ინდუსტრიას. უბრალოდ უკვე არსებულ ინდუსტრიებს ვაძლევთ შესაძლებლობას, საკუთარ პროდუქტს ან მომსახურებას დაუმატონ რაღაც, რაც ადამიანის ჩართულობის ხარისხს ზრდის. ადამიანი პასიური დამთვალიერებლიდან ამბავში ჩართულ მოქმედ გმირად იქცევა. ასეთია „თამაშის თეორიაც“ – ის ჯადოქრობაა, რომლის თანამონაწილეც თავად ხდები“.

თეატრალური სეზონი მალე განახლდება, შესაბამისად, ამბავი კრეატორსი და „ქალაქის თეატრი“ ოქტომბრიდან „თამაშის თეორიის“ სცენაზე დასაბრუნებლად ემზადებიან. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, წინა სეზონის გამოცდილებით ამ სპექტაკლზე ბილეთები ძალიან სწრაფად იყიდებოდა, ამიტომ გირჩევენ, თვალი ადევნოთ ქალაქის თეატრის აფიშას და წარმოდგენაზე დასასწრებად თადარიგი დროულად დაიჭიროთ. 

Google კრეატიული დიზაინის ახალ ინსტრუმენტს, Google Pics-ს უშვებს

თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია