in

Gamez-ამ ახალი წიგნი გამოუშვა — „წიგნი დუდლისა“


რას იტყოდით ისეთ წიგნზე, რომლის მკითხველიც თანაშემოქმედი ხდება? რომელშიც ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებისა და ეპოქის ნიმუშებია თავმოყრილი, იქნება ეს ილუსტრაციები, კედლის მხატვრობა, გრაფიკული დიზაინი, კომიქსი, კარიკატურა, ფოტოგრაფია, უნიკალური საავტორო ტექსტები თუ სხვა სახალისო კონტენტი… მოკლედ ამ საინტერესო ამბის ავტორი მხატვარ-გრაფიკოსი გამეზა გახლავთ და რასაც უნდა ელოდოთ, ალბათ, უკვე იცით…

„წიგნი დუდლისა Gamez-ას მრავალწლიანი შემოქმედების ბევრ სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს — დუდლი, როგორც სიმბოლო, მხატვრობის უმარტივეს ფორმას ასახავს, დუდლინგი კი პროცესს, როცა გააზრების გარეშეც შეგიძლია ვიზუალის შექმნა. ამრიგად, ნებისმიერს შეუძლია ამ პროცესში მონაწილეობა. ამაზე გვესაუბრება ნინო ქუთათელაძეც, Gamez Art Studio-ს თანადამფუძნებელი:

„წიგნის შექმნის იდეა GAMEZ ART STUDIO-ს საგამომცემლო ხაზის გააქტიურებასთან ერთად გაჩნდა. გამეზას სურდა, გაეკეთებინა უნივერსალური სახატავ-გასართობი კრებული, სადაც ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად ასაკისა თუ ტიპაჟისა, მიიღებდა შთაგონებას, შეძლებდა საკუთარი ხელწერის და შტრიხის შეტანას. ამ ტიპის წიგნის შექმნაც თავისთავად შემოქმედებითი პროცესია, რომელმაც გააჩინა სიუჟეტურ-სტილისტური მრავალფეროვნების შეტანის საჭიროება.

ორგანიზებული ქაოსი, რომელიც წიგნის ხასიათს ქმნის, ავტორის პროფესიული კარიერის გამოძახილია… საბოლოოდ მივიღეთ სრულყოფილი საავტორო მხატვრული კატალოგი, სადაც შეგვიძლია აღმოვაჩინოთ სხვადასხვა ეპოქის და სიტუაციის ამსახველი ნამუშევრები. გამეზას არტის საბაზისო ენერგეტიკა განზოგადებაა, ხელოვნება ყველასთვის. ნებისმიერი ნახატი, რომელსაც დახატავს, არის ყველასთვის. რამდენადაც ინდივიდუალური და უნიკალური ხელწერა აქვს, იმდენად საყოველთაოა მისი არსი. „წიგნი დუდლისა გაგრძელებაა ამ იდეის, პრაქტიკულ კონტექსტში, ავტორი გვაძლევს საშუალებას, ვიპოვნოთ ან განვავითაროთ არტისტი საკუთარ თავში,.

გამოცემა ერთდროულად სამაგიდო Artbook, სასაჩუქრე კატალოგი და გასARTობი წიგნია ოჯახისთვის, ერთგვარი შთაგონების წყარო დაინტერესებული დამთვალიერებლისთვის. წიგნში აღმოაჩენთ ბევრ ნაცნობ ნახატს, პერსონაჟს, ადგილსა თუ დეტალს. ეს ყველაფერი სხვადასხვა დროსა და სივრცეში მიმოფანტულია, თუმცა, ერთიანი ენერგიის ნაწილია, ოღონდ ამ შემთხვევაში „წიგნი დუდლისა ბეჭდურ ფორმატში გვთავაზობს ამ თავგადასავალში მონაწილეობას.

ავტორი: მაკუნა ჯუღელი


ძაღლი-რობოტები ილონ მასკისა და მარკ ცუკერბერგის თავებით — რა ხდება?

რატომ და როგორ უნდა შევქმნათ კარუსელი Instagram-ზე