in

“შეეცადე, იყო სულელი” – გამეზას შფოთსაწინააღმდეგო ხელოვნება

“არა, კი, იასნია, რავი, ჰო, აბა რა, რატო არა, კი კი, ყველა პონტში, რა თქმა უნდა, მოსულა, უეჭველი, ცხადია, მართლა, უსათუოდ, ცვეტში, ბაზარი არარი, ალბათ” – სიტყვების ეს უჩვეულო თამაში გიორგი გამეზარდაშვილს, იგივე გამეზას ეკუთვნის. სტრიტ არტისტი, სიტყვების თამაშის გარდა, სახალისო ილუსტრაციების სერიებითა და პროექტებითაც გამოირჩევა. როგორც თავად ამბობს, მთელი მისი შემოქმედება სპონტანურობაზეა დაფუძნებული, დაუფიქრებლად აკეთებს იმას, რაც აინტერესებს და ჰყოფნის გამბედაობა, უარი თქვას ყველაზე მიმზიდველ წინადადებაზეც კი, თუკი თავს თავისუფლად ვერ იგრძნობს. სამყაროში, სადაც ბევრს უნდა იყოს სხვაზე ჭკვიანი, გამეზამ ფრაზა “შეეცადე, იყო სულელი” (Try to Be Stupid) საკუთარი ცხოვრების სტილად აქცია. მისი შემოქმედების ნაწილია “გასიმფსონებული პერსონაჟები”, კარიკატურებისა და კომიქსების სერია, კარის მანიფესტი… გამეზას სახელთანაა დაკავშირებული პროექტი “ანტიშფოთი”, სადაც ხელოვანმა თავისი ილუსტრაციებით გაფორმებული აქსესუარების მაღაზია და გასართობი სივრცე გააერთიანა და “ჯოკრის ჩემპიონატიც”, რომელიც ბნელი ტკბილი 90-იანების საყვარელი თამაშის გაცოცხლებას ისახავს მიზნად. მარკეტერი გამეზას შემოქმედებით დაინტერესდა…

M: როგორ იქმნება გამეზას სტრიტ არტი?

პირველ რიგში, ვთქვათ, რა არის სტრიტ არტი. ჩემი გაგებით, სტრიტ არტი არის არტისტის ყოვლად ინდივიდუალური თვითგამოხატულება. ესაა კომუნიკაციის ერთგვარი ფორმა. მაგალითად, ფიროსმანის “გასიმფსონებული” მეთევზე. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩემთვის და საზოგადოებისთვის საინტერესო პერსონაჟები ერთმანეთს დაემთხვა.

ძალიან მომწონს, რომ ნახატის მთავარი პერსონაჟი ფიროსმანია, ამდენად, ნამუშევარში პატრიოტული და საამაყო ადამიანიც ჩნდება. სასიამოვნოა, რომ მისი ნახატი 2018 წელსაც აქტუალურია, ამ შემთხვევაში, ჩემი მეშვეობით. რაღაცნაირად, ამ ენერგიის თანამედროვეობასთან დამაკავშირებელი ვარ. ესაა ჩემთვის ძალიან მამოტივირებელი ფაქტორი.

მეთევზის გარდა, ილუსტრაციების მთელი სერია მაქვს გასიმპსონებულ პერსონაჟებზე.

M: რას ანიჭებ დიდ მნიშვნელობას შენს შემოქმედებაში?

ვფიქრობ, გარდა კონტენტის შექმნისა, მთავარია კომუნიკაცია, არამატერიალური ღირებულებები. მხოლოდ ვიზუალური პროდუქტი არაა საკმარისი. მას თან განწყობა უნდა ახლდეს, ენერგია უნდა მოჰქონდეს. როგორც დრო და სტატისტიკა გვიჩვენებს, იუმორთან ერთად ხდება ყველაფერი. ნებისმიერ უცნაურ თუ არასასაცილო სიტუაციაშიც კი, იუმორი წინა პლანზეა. ახლა რაც მახსენდება, ყველაზე აქტუალური პერსონაჟების გასიმფსონება იყო. ალბათ, ეს სიმფსონების თემა მუდამ აქტუალურია, ბოლო ოცდაათი წლის მანზილზე, ბევრმა იცის და საერთოსაც ხედავს თავის თავთან. ესაა სტატუსებისა და კონდიციების, განსხვავებული ადამიანების გაერთიანება.

მიყვარს ცხოველები, მათი პერსონიფიცირება. ისეთი რამეების კეთება მიყვარს, რაც უნივერსალურია, რასაც ყველა ასაკის ადამიანი გაიგებს.

ამასთან, ყველაფერი არის დაუგეგმავი და კეთების პროცესში შევიცნობ. სერიებიც ამავე პრინციპით კეთდება. დამოკიდებულია სამყაროს უკუკავშირზე. ჯერ ჩემთვის ვაკეთებ რაღაცას, გავაზიარებ და თუ მოეწონებათ, მოგცემენ გაგრძელების სტიმულს, მაშინ ვაკეთებ მეორეს, მესამეს და ა.შ. ამაზეა აგებული ჩემი „კონტემპორარი“ დამოკიდებულება, სრულ სპონტანურობაზე. სამაგიეროდ, კომერციული თვალსაზრისით ხშირად არაა მომგებიანი.

M: სხვა პროექტებზე რას იტყვი? მაგალითად, კარის მანიფესტი, კომიქსები…

“კარის მანიფესტი” კონკრეტული ბრენდის პროექტია. იდეა მათი იყო. კომუნიკაციაზეა აგებული და ადამიანების შინაგან ხმას გამოხატავს. ამის ფიზიკურ დეტალად ავიღეთ კარი, როგორც შესასვლელი ადამიანების სამყაროში. კარის პატრონებთან კონსულტაციით, მათი იდეების გათვალისწინებით, შევქმენით ილუსტრაციები.

რაც შეეხება კომიქსებს… საქართველოს ბანკში რომ ვმუშაობდი, ერთ დილას, გამოვჭრი თეთრი ფურცლისგან კარიკატურის ღრუბელი, სადაც ტექსტი იწერება ხოლმე და რაღაც ფრაზა დავწერე. ვიფიქრე, ვინმეს ამ სტიკერთან ფოტოს გადავუღებ-მეთქი. ბანკში გადავუღე ოპერატორს. გახალისდა იქაურობა: “აბა, მანახე… უი, რას ვგავარ” და ა.შ. კარგი განწყობა მოიტანა. შემდეგ სხვა სტიკერებიც მოყვა. ეს ისეთი რამეა, რომ უცებ ითვისებენ და შენც გიხარია, რაღაც ახალს რომ აკეთებ. შემდეგ, ამ ფრაზებით ჰუდებიც შევქმენი. საბოლოოდ, ალბათ, მაინც ისეა მომართული ჩვენი გონება, რომ იქმნება პროდუქცია, რისი გაყიდვაც შეიძლება. საინტერესოც ესაა, რომ ეს ყველაფერი წინასწარი გათვლების გარეშე მოხდა.

თუკი ვიღაცისთვის საინტერესო და სახალისოა ის, რასაც ვაკეთებ, თუნდაც ვიწრო წრისთვის, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

M: გამეზა ბანკში ცოტა რთული წარმოსადგენია…

2015 წელს მივედი საქართველოს ბანკში, ილუსტრატორად. დიზაინერებთან ვიყავი მიმაგრებული და საჭიროების შემთხვევაში, ვხატავდი ილუსტრაციებს. ვმონაწილეობდი კრეატივში, “ნეიმინგში”.

საქართველოს ბანკში ბევრი ჩემი მეგობარი მუშაობს, კოპირაიტერები, დიზაინერები, კრეატიული დირექტორი. როდესაც ბანკში ილუსტრატორის აყვანის საჭიროება გაჩნდა, მე გამიწიეს რეკომენდაცია.

M: კიდევ, სად გიმუშავია?

სულ სამგან მაქვს ნამუშევარი: გამომცემლობაში “სიესტა”, ტელევიზიაში“GDS” და საქართველოს ბანკში.

პირველი სამსახური იყო გამომცემლობა “სიესტა”. სტუდენტი ვიყავი, იქ რომ დავიწყე მუშაობა. ჩემ გარშემო, მგონი, თანატოლი არავინ მუშაობდა, მე კიდევ მთელი ორასი ლარი მქონდა ხელფასი. გამომცემლობაში ყველაფერს ვაკეთებდი: დიზაინი, ილუსტრაცია, მუშა, მძღოლი, ნათურების გამომცვლელი…

ჯგუფური გამოფენა გვქონდა სტუდენტებს თარხნიშვილზე, ლიტერატურულ კაფეში, სადაც მოხვდა გამომცემლობის რედაქტორი და სამსახური შემომთავაზა.

გამომცემლობაში ერთ წელს ვიმუშავე. მწყინდება ხოლმე ერთი და იმავეს კეთება. ყოველდღე სადღაც რომ უნდა მიხვიდე, ძალიან მოსაწყენია. ზოგადად, თავიდანვე ისე ვალაგებდი ხოლმე ყველაფერს, რომ არ მქონოდა გრაფიკი დაზუსტებული, როდის მივიდოდი. უფრო დედლაინების რეჟიმი მერჩივნა, მაგალითად, აი, ამას სამ დღეში გავაკეთებ. ასე “ვქაჩავდი”, სხვანაირად ვერ ვიმუშავებდი. საქმიან ხალხთან ახლაც ამას ვაფიქსირებ ხოლმე პირვე რიგში, რომ საქმე რომ არ გავუფუჭო. თუ თანახმა არიან, შემდეგ ვიწყებთ თანამშრომლობას.

ბანკშიც ასე იყო. თავიდანვე შევათანხმე, რომ 12 საათამდე არ მივიდოდი. თუ საქმე არ მექნებოდა, შემეძლებოდა წასვლა და იქაც დედლაინებით ვმუშაობდი. თუ რაღაც დასახატი მქონდა ორ დღეში, აუცილებლად გავაკეთებდი ორ დღეში.

M: როგორ ფიქრობ, ასეთ გამბედავად უნდა დაიბადო?

შეიძლება, მაგრამ აქამდე მისვლაც უნდა. ათი წლის წინ, გამომცემლობაში ასე ვერ ვიტყოდი. იქ მაინც დავდიოდი, მაგრამ რაღაც გამოცდილების შემდეგ, თავდაჯერებულობა გემატება და ხვდები, რა გირჩევნია და რა – არა. კომფორტი ისე მაქვს შექმნილი ჩემი თავისთვის, რომ მაინც და მაინც, ხელფასზე არ ვიყო დამოკიდებული. ამიტომ, როგორც კი მომბეზრდა, ვთქვი, რომ მივდივარ. ამ დროს, არის ბევრი ადამიანი, რომელიც ნერვიულობს, რომ უსამსახუროდ რჩება.

M: როგორ ხვდებოდნენ ბანკში შენს განსხვავებულობას?

ის ფაქტი, რომ სადღაც ყოველდღიურად დავდიოდი სამუშაოდ, მე თვითონაც მიკვირდა. თუმცა, აბსოლუტურად ამოვარდნილი ვიყავი ვიზუალური კონტექსტიდან – მზერებს რომ გრძნობ, რომლებსაც უკვირთ, ასე ჩაცმული ტიპი ყოველდღე ბანკში სამუშაოდ მოდის?! ორი თვის შემდეგ გაბაზრდა, რომ იქ ვმუშაობდი.  კრეატივის დეპარტამენტი ისედაც გიჟებად მიაჩნდათ. ამას ვემატებოდით,  “პიჯაკიზებული” და “საროჩკიზებული” საშუალო ასაკის თანამშრომლებისთვის სრულიად გაურკვეველი, მე და ჩემი ერთი-ორი პირსინგიან-ტატუებიანი მეგობარი. ზოგისთვის კრიტიკის საგანიც ვიყავით. ზოგადად, ჩემთვის საერთოდ არ ნიშნავს, რომ ჩემი განსხვავებული ვიზუალით ვიღაცაზე ნაკლები ვარ. ამ დროს, ვიღაცას შეიძლება ეგონოს, რომ “დრესკოდიზებული” და საქმიანი იმიჯი თუ აქვს, კაი ტიპია. ეს ერთგვარი პროტესტიცაა. ადამიანის ბუნება, პოტენციალი და არაფერი არ უნდა განსაზღვრო ვიზუალის მიხედვით. ესაა უბრალოდ ინდივიდუალობა. შემდეგ, გავიცანი ეს ხალხი, დავმეგობრდით და გავუგეთ ერთმანეთს. ბევრი “ანტიშფოთშიც” მოდიოდა. ასწორებს.

M: ალბათ, ეგ შენს გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს… მარცხზე რას იტყვი?

მარცხი საერთოდ არ მახსენდება… ყველაფერი სირთულეა, თუ ასე შეხედავ, ხან ამინდი, ხან განათება, ფინანსები… მეორე მხრივ, ყველაფერი შეიძლება ინსპირაციის წყარო გახდეს, რაც გადაწონის და გახდება რაღაცის შექმნის ენერგია. რთულ სიტუაციაში როცა ხვდები, იწყებ შეცნობას და ესაა საინტერესო.

M: „ანტიშფოთი“ როგორ შეიქმნა?

„ანტიშფოთის“ იდეა სულ არსებობდა. უბრალოდ, ერთ დღეს ძალიან გააქტიურდა ჩემი შფოთვის თემა. თავიდან „ანტიშფოთი“ ელექსირის სახით გაჩნდა. შემდეგ, უკვე ყველაფერი, რასაც ვაკეთებ გახდა შფოთისგან გათავისუფლების საშუალება – „ანტიშფოთი“. მომდევნო ეტაპზე, უკვე ამავე სახელწოდების ბრენდი შევქმენით, რომლის სლოგანიც გახდა try to be stupid. ეს ფრაზა, ჩემი საყვარელი ბრენდის, „დიზელის“ სლოგანისგან Be Stupid.

უკვე თვითონ სიტყვა გეუბნება, რა არის „ანტიშფოთი“. ეს იდეა არის ყველასი. ყველას შეუძლია გამოიჩინოს ინიციატივა და გააკეთოს ის, რაც უნდა. კონცეფცია იყო მაღაზია, ჩემი არტ-პროდუქციით: ტანსაცმელი, აქსესუარები… ამ სივრცეს მიება ბარი.

“ანტიშფოთში” არის შეუზღუდავი ასაკისა და კონდიციისთვის. ნებისმიერი რამის გაკეთება შეგიძლია. ხომ არის ხოლმე, რომ ადამიანებს აქვთ რაღაც იდეები, რასაც არასდროს იტყვიან. უნდა დაელაპარაკო და გაეცნო, გაუგო. ამას ვცდილობდი სლოგანითაც “Try to Be Stupid”. “შეეცადე, იყო სულელი” – ეს არაა მარტივი, ლაღი, მშვიდი, რაც საკმაოდ რთულია, რომ იკითხო, ყველა ჭკვიანები არიან (ვართ).

M: რა სჭირდება “ანტიშფოთს”, რომ ისევ გახდეს ყველასთვის მისაწვდომი პროექტი?

ანტიშფოთის მომავალს არ ვხედავ. ამაზე არ ვფიქრობ საერთოდ. ვიცი ის, რომ განწყობა იქნება იგივე, თავისუფლებისკენ, კრეატივის გავრცობისკენ მიმართული. მაქსიმალურად შეუზღუდავი სიტუაცია – ესაა „ანტიშფოთის“ მთავარი იდეა. ესეც ახლა გავიაზრე, შენთან საუბრისას, აქამდე არ მიფიქრია, უბრალოდ, ვაკეთებდი. ამ მომენტში, ბრენდ “ანტიშფოთს” სჭირდება სივრცე, რომ სადღაც იყოს ფიზიკურად ხელშესახები, სადმე, ადეკვატურ ლოკაციაზე და ალბათ, ცოტა ფინანსებიც.

M: ჯოკრის ჩემპიონატზეც გვიამბე…

ჯოკრის ჩემპიონატის იდეა გაჩნდა სათამაშო ბანქოდან, რომელიც ჩემი დიზაინით გავაკეთე. ეგაა მთელი მუღამი. დიდი ხანია მინდოდა გამეკეთებინა სათამაშო კარტი. როდესაც დავხატე ილუსტრაციები, გაჩნდა ჩემპიონატის ჩატარების იდეაც. აზარტული თამაშები დიდად არ მიყვარს, მაგრამ ჯოკერი ყველასთვის ნაცნობი თამაში იყო ჩვენს ბავშვობაში. აი, დიდიან-პატარიანად, ყველა რომ თამაშობდა, ისეთი. ჯოკერი ურთიერთობასავით იყო და დადებით მოგონებებთან ასოცირდებოდა. ამიტომაც, მისთვის ახალი სიცოცხლის “შთაბერვა” გადავწყვიტეთ. ჩემპიონატში ოცდათორმეტი მონაწილე უნდა ყოფილიყო. ეს ჩემპიონატი კარგი ხარისხით რომ ჩატარდეს, ორგანიზება სჭირდება. მინდა, ახლო მომავალში ჩავატაროთ. შეიძლება მოჰყვეს სხვა სამაგიდო თამაშების ორგანიზებაც მოჰყვეს, მაგალითად, ნარდი, ჭადრაკი, დომინო, რაც თბილისში საკმაოდ კოლორიტული იყო. ეს უბრალო “Board Game” არ არის, ამას ბევრი პლუსი აქვს.

M: გავიხსენოთ გამეზას „სიტყვების თამაში“, როგორ დაიწყე ე.წ. Wording?

იმ დროინდელი ამბავია, პირველი ტელეფონები რომ გამოჩნდა, ნოკია თუ რაღაცები, აი, მესიჯობის პერიოდი რომ იყო. მეგობართან მქონდა მიმოწერა და იქიდან დამეწყო. სიმბოლოებით ვანაცვლებდით სიტყვებსა და ასოებს. ერთმანეთს რომ ვწერდით, გვესმოდა, თუმცა, სხვა ალბათ ვერ გაიგებდა. ამას დაემატა მხატვრობა, სიმბოლიკები, ეს უკვე ჩემთვის ორგანული ნაწილი გახდა, გაფართოვდა და “ვორდინგის” ფორმა მიიღო, თარგმანებისა და სინონიმების თამაში. შემდეგ უკვე გავრცელდა და ვიღაცებმა კომერციული დატვირთვაც მისცეს. ესეც რაღაც დონეზე ბიძგია, ტონუსში გამყოფებს, რომ ახალი რაღაცები მოიგონო.

M: ბოლოს, შენს უახლესს სერიაზეც გვიამბე…

ესეც ისე გაჩნდა, როგორც “იმასქენის” სტიკერები. “ანტიშფოთის” ტერიტორიაზე ეყარა ფიცრები და გვერდით საღებავები ეწყო.  ვიფიქრე, რამეს დავხატავ მეთქი. ავიღე, გადავღებე. შემდეგ, მარკერით ღილაკები რომ მივახატე, ტელეფონს დაემსგავსა. ნოსტალგიური დატვირთვა აქვს – ბავშვობაში, ჩვენს დროს, არ იყო ტელეფონები და ასეთი რამეებით ვთამაშობდით. ესაა კავშირი ახლო წარსულთან. ამგვარად, დიდებს ვახსენებ იმ დროს, ბავშვებს კიდევ – ვაცნობ. საბოლოოდ, ამ ხის ნაჭრებს კედლებზე გამოუჩნდათ ადგილი და თავისი ახალი ნიშა იპოვა. უბრალო, პატარა სიმბოლო წარსულიდან.

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

მინიატურული ხეები, რომლებიც ნაყოფს ისხამს – ალექსანდრე მესხის ბონსაი

„კოკა-კოლას“ ქარხანა ნატახტარში