in

როგორ გამოიძინოთ, თუ გვიან დაძინება გირჩევნიათ

თანამედროვე სამყაროში ბევრი ადამიანისთვის ღამის საათები ყველაზე აქტიური პერიოდია. როდესაც გარშემო ყველაფერი მშვიდდება, ფხიზლად ყოფნის ჩვევა ხშირად მოზარდობიდან იწყება და ზრდასრულ ასაკშიც გრძელდება. თუმცა ძილის კვლევები სულ უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებს იმ რისკებზე, რაც გვიან ძილის რეჟიმს ახლავს თან.

არასწორი ძილის ჩვევები სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების რისკებს ზრდის, აფერხებს პროდუქტიულობას და ფიზიკურ ჯანმრთელობას აზიანებს. ბოლოდროინდელი ნაშრომები გვიან ძილს მენტალურ სირთულეებთან და პირადი ცხოვრებისა და სამუშაოს ბალანსის დარღვევასთან აკავშირებს. საინტერესოა, რომ უარყოფითი შედეგები მათაც კი უვლინდებათ, ვისაც საკმარისი საათები სძინავს, მაგრამ გვიან იძინებს. მათთვის, ვისი ბიოლოგიური რიტმიც ბუნებრივად საღამოს აქტიურობას ერგება, რეჟიმის მკვეთრად შეცვლა მარტივი ამოცანა არ არის.

ღამის რეჟიმის ფარული სირთულეები

სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევამ, რომელმაც 70000-ზე მეტი ზრდასრული ადამიანის მონაცემები შეისწავლა, გვიან დაძინება მენტალური ჯანმრთელობის გაუარესებას დაუკავშირა. ერთ-ერთ განმსაზღვრელ მიზეზად სოციალური იზოლაცია სახელდება. ღამის სამ საათზე ფხიზლად მყოფი ადამიანი მარტო რჩება იმ დროს, როდესაც დღის განმავლობაში დაგროვილი სტრესი და ფიქრები განსაკუთრებით აქტიურდება. დილის ხუთ საათზე გაღვიძებული ადამიანიც მარტოა, თუმცა მისი გონებრივი რესურსი დილით ბუნებრივად განახლებულია.

ბუნებრივი რიტმები და რეალობა

თითოეული ადამიანის ცირკადულ რიტმს გენეტიკური საფუძველი გააჩნია, რასაც ქრონოტიპს უწოდებენ. მედიცინის მკვლევრები აღნიშნავენ, რომ გვიან დაძინებისა და გვიან გაღვიძების ბუნებრივი მიდრეკილება დარღვევად არ მიიჩნევა, თუ ადამიანი თავს კარგად გრძნობს. თუმცა მკაფიო ზღვარი არსებობს ბუნებრივ ქრონოტიპსა და ისეთ დარღვევებს შორის, როგორიცაა უძილობა, ძილის აპნოე თუ მოუსვენარი ფეხების სინდრომი, რაც სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.

საკუთარი ბუნებრივი რიტმის წინააღმდეგ წასვლა სირთულეებს ქმნის, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმის მოქნილობაც მცირდება. გარდა ამისა, დიდი სხვაობაა საყვარელი საქმიანობის გამო გვიანობამდე ყოფნასა და სამუშაო ვადების გამო ღამის გათენებას შორის. როდესაც ადამიანი დროებით ენერგიას სასიამოვნო აქტივობას უთმობს, ემოციური გადაღლა ნაკლებია, ხოლო თუ გვიან დაძინების მიზეზი სტრესი და შფოთვაა, ეს სრულიად განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს.

პრაქტიკული ნაბიჯები ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად

გენეტიკური მოცემულობის შეცვლა შეუძლებელია, თუმცა ჩვევების კორექტირებით ძილის ხარისხის საგრძნობლად გაუმჯობესება სრულიად რეალურია.

პირველი ფაქტორი სინათლის სწორი მართვაა. დღის სინათლე შინაგან ბიოლოგიურ საათს აწესრიგებს. ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი დილით მზის სათვალით გადის გარეთ, მთელ დღეს ხელოვნური განათბის მქონე შენობაში ატარებს და ბუნებრივ დღის სინათლეს საერთოდ ვერ ხედავს. ეს გარემოება, ღამით ეკრანების კაშკაშა განათებასთან ერთად, ძილის ციკლს სრულად არღვევს.

მეორე ნაბიჯი ციფრული მოწყობილობების დროული გამორთვაა. სოციალურ ქსელებში ინფორმაციის დაუსრულებელი თვალიერება და ეკრანების ლურჯი ნათება ტვინს მოსვენების საშუალებას არ აძლევს. მოწყობილობების გვერდზე გადადება ჩაძინების პროცესს საგრძნობლად აჩქარებს.

მესამე რეკომენდაცია კოფეინის შეზღუდვას უკავშირდება. ყავას ორგანიზმში ნახევრად დაშლის ხანგრძლივი პერიოდი აქვს, რაც ხუთიდან ექვს საათამდე და მეტხანსაც გრძელდება. ნაშუადღევს მირთმეული ყავა ხშირად ღამის ძილის დარღვევის შეუმჩნეველ მიზეზად იქცევა.

მეოთხე ინსტრუმენტი მელატონინის სწორი გამოყენებაა. როგორც დროებითი დამხმარე საშუალება, მას ძილის გრაფიკის კორექტირება შეუძლია, თუმცა აუცილბელია მისი მიღების დროის სწორად შერჩევა. თუ ადამიანი ღამის სამ საათზე იძინებს, პრეპარატის ორი საათით ადრე მიღება სასურველ შედეგს ვერ მოიტანს, ამასთან, ნებისმიერი დანამატის გამოყენებამდე ექიმის კონსულტაცია აუცილებელია.

დღიდან ღამეზე ეტაპობრივი გადასვლა კიდევ ერთი გადამწყვეტი პრინციპია. მთელი დღის განმავლობაში მაღალი სტრესის ქვეშ ყოფნის შემდეგ, უშუალოდ მოსვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე დამშვიდება თითქმის შეუძლებელია. რეკომენდებულია დღის განმავლობაში მცირე პაუზების გაკეთება და ემოციური დაძაბულობის თანდათანობითი განმუხტვა. რაც უფრო დაბალია სტრესის საწყისი დონე საღამოსთვის, მით უფრო მარტივად ახერხებს ორგანიზმი სრულფასოვან მოდუნებასა და ენერგიის აღდგენას.

წყარო: Fastcompany

AI კოდს წერს, პროგრამისტები კი მის გაგებას ვეღარ ასწრებენ

AI-აგენტების საყვარელმა ვიზუალმა არ მოგატყუოთ! დაუკვირდით, რა მონაცემებზე უხსნით წვდომას