in

ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმში გამოფენების სერია გრძელდება

6 სექტემბრიდან ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გამოჩენილი ქართველი მხატვრის, ირაკლი გამრეკელის გამოფენა გაიხსნა, რომელიც მხატვრის 130 წლის იუბილეს ეძღვნება.

ირაკლი გამრეკელი იყო ფერმწერი და გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს ფუტურისტი, კონსტრუქტივისტი მხატვარი. ის ქართული ავანგარდული სცენოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებლია. მისი შემოქმედება ცნობილია ექსპრესიონისტული და არტნუვოსთვის დამახასიათებელი აშკარა ნიშნებით.

1894 წელს გამრეკელი ქალაქ გორში დაიბადა. სწავლობდა თბილისის ნიკოლოზ სკლიფასოვსკის ხატვისა და ფერწერის სკოლაში, სამედიცინო ფაკულტეტზე სხვადასხვა უნივერსიტეტში, რის შემდეგაც სწავლა ისევ სახვით ხელოვნებაზე  განაგრძო თბილისის სამხატვრო აკადემიაში.

1921 წელს, როდესაც ცნობილმა რეჟისორმა, კოტე მარჯანიშვილმა გამოფენაზე ნახა მისი ნამუშევრები „მალარია” და „სიკვდილის ცეკვა”, იგი თეატრში მიიწვია ოსკარ უაილდის „სალომეას” დადგმის მხატვრული გაფორმებისთვის.

ირაკლი გამრეკელი ქართული სასცენო დიზაინის რეფორმატორად ითვლება. ის აქტიურად მუშაობდა ორ დიდ რეჟისორ-რეფორმატორთან, კოტე მარჯანიშვილთან 1923-1943 წლებში და 1926 წლიდან კი სანდრო ახმეტელთან შოთა რუსთაველის თეატრში.

გამრეკელი არის ქართული მემარცხენე მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მუშაობდა ისეთი ფუტურისტული ჟურნალების დიზაინერად, როგორიცა H2SO4 და „მემარცხენეობა”, არის იონა ვაკელის, გრიგოლ რობაქიძის, სიმონ ჩიქოვანის წიგნების დიზაინერი (1926, 1927 წწ.) 1928 წელს მხატვარ სიდამონ-ერისთავთან ერთად მუშაობდა კოტე მიქაბერიძის ექსპრესიონისტულ ფილმზე „ჩემი ბებია”, რომელიც შემდგომში, ათწლეულების განმავლობაში იყო აკრძალული.

მრავალფეროვანი მოღვაწეობის მიუხედავად, ირაკლი გამრეკელის შემოქმედების ძირითადი სფერო მაინც სასცენო დიზაინია. 1920-იანი წლებიდან მისი თეატრის მხატვრობა ფუტურისტულია, მოგვიანებით უკვე მემარცხენე კონსტრუქტივიზმთან შერწყმული. ამ დროს ის აქტიურად თანამრომლობს თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის თეატრთან, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან, ლენინგრადის დიდ დრამატულ თეატრთან, ოდესის ოპერისა და ბალეტის თეატრთან. ასევე, თბილისის კინოსტუდიასთან.

ნამუშევრები თეატრისა და კინოსათვის:

გრიგოლ რობაქიძის „ლონდა” (1922) და „მალშტრემი” (1923-24), ერნსტ ტოლერის „კაცი მასსა” (1923), ფრანც ვერფელის Spiegelmensch, უილიამ შექსპირის „ჰამლეტი” (1925), ანატოლი გლებოვის „ზაგმუკი” (1926), ნიკო შიუკაშვილის „ამერიკელი ძია” (1926), ბორის ლავრენევის „რღვევა” (1928); სადრო შანშიაშვილის „ანზორი” (1928) 1929 წელს ვალტერ ჰაზენკლევერის „საქმის კაცი”, 1930 წელს – გრიგოლ რობაქიძის „ლამარა”, 1931 წელს შალვა დადიანის „თეთნულდი”, 1933 წელს ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღები”, 1937 წელს – „ოტელო”, 1940 წელს ალექსანდრ კორნეიჩუკის „ბოგდან ხმელინცკი” და სხვა. ფილმები: „არსენა (1937), „გიორგი სააკაძე” (1942-1943).

ალექსანდრე ჭავჭავძის სახლ-მუზეუმში წარმოდგენილი ექსპოზიცია, რომელიც 1 თვის განმავლობაში დარჩება, აერთიანებს მხატვრის 20-ამდე ნამუშევარს რუსთაველის ეროვნული თეატრის კოლექციიდან.

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გამოფენების სერიები კომპანია „სილქნეტის” მხარდაჭერით იმართება. ღონისძიებების მასპინძელია „სილქ ჰოსფითალითი”.

[პარტნიორის კონტენტი]

ერთად გარემოს დასაცავად – საქართველოს ბანკის და კომპანია „ტენეს“ ერთობლივი პროექტი

ბაზისბანკი ADB-ს დაჯილდოებაზე „მცირე და საშუალო ბიზნესის წლის საუკეთესო გარიგების“ გამარჯვებულია