in

გამოიყენეთ ხელოვნება თქვენი გუნდის მოტივაციის აღსადგენად

შემოქმედებითი ტექნიკის გამოყენებით, თანამშრომლების “გამოცოცხლებაა” შესაძლებელი

რადგანაც სახლიდან მუშაობის ერთ წლიან ნიშნულს მივაღწიეთ, დისტანციური გუნდები მოტივაციის დაკარგვის რისკის წინაშე იმყოფებიან. თუმცა შემოქმედებითი ტექნიკის გამოყენებით, ლიდერებს შეუძლიათ, თანამშრომლები “გამოაცოცხლონ”, ახალი იმპულსი წარმოქმნან და ინოვაციებს დაუდონ სათავე. მაგალითად, კვლევებმა აჩვენა, რომ ჯაზის მუსიკოსების იმპროვიზაციული უნარები ტვინში მომატებული სენსორული აქტივობით, შემეცნებითი კონტროლის ფუნქციების დეაქტივაციით მიიღწევა, რაც თვითგამოხატვის წარმოუდგენელ პროცესს გამოიწვევს.

თუმცა “დინების მდგომარეობა” არ არის ის, რასაც მხოლოდ ჯაზის შემსრულებლები აღწევენ. იგი მუსიკის ფარგლებს გარეთაც არსებობს და შეგიძლიათ, სახლსა თუ ოფისებში მოიყენოთ. ის ყველასათვის ხელმისაწვდომია, ჩვეული საზღვრების მიღმა იდეების შესადგენად. სტატიაში მოცემული ხუთი მხატვრული დისციპლინის ტექნიკამ შესაძლოა, თქვენი გუნდის შემოქმედებითი აზროვნება გაააქტიუროს და დისტანციური მუშაობის ერთფეროვნება დაამსხვრიოს.

ახალი პერსპექტივების დახატვა ვიზუალური ხელოვნების საშუალებით

ვიზუალიზაცია გონების წარმოდგენების საშუალებით მუშაობს – ნეირონები გამოსახულებებს ისეთ ინტერპრეტაციას ანიჭებს, თითქოს რეალურ ცხოვრებაში ხდება მოქმედება. ეს ნიშნავს, რომ როდესაც რაღაცის ვიზუალიზაციას ვახდენთ, ჩვენი ტვინის უჯრედები ისევე მოქმედებს, როგორც ეს რეალური მოქმედების შემთხვევაში იქნებოდა. ალბათ, გსმენიათ გამოთქმა: “დანახვა არის რწმენა”, მაგრამ სინამდვილეში, დანახვა არის ქმედება.

შეგვიძლია, რეალური მაგალითიც მოვიხმოთ. ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლებს ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალის დროს დაევალათ, წარმოედგინათ, რომელ ნომინაციებში იყვნენ წარდგენილნი და რომელი ჯილდო მიიღეს. ეს მათ დაეხმარა, გაეცნობიერებინათ, რისი მიღწევა შეეძლოთ რეალურად. სცენარის ვიზუალიზაციამ საშუალება მისცა, გაეცნობიერებინათ, როგორი ტიპის რეორგანიზაცია იყო საჭირო, მიზნების მისაღწევად. იმის დანახვა, თუ რისი მიღწევა გსურთ, საბოლოო მიზნის მდგომარეობაში გაყენებთ.

კიდევ ერთი სავარჯიშოა ბიზნესის პრობლემებზე პასუხის გაცემა. ხატვა შემოქმედებითი მხარის გასახსნელად, საუკეთესო გზაა. როდესაც ადამიანებს მოუწოდებთ, შეცვალონ გამოხატვის გზები, მათ გარკვეული მიმართულებაც სჭირდებათ. მაგალითად, შესაძლოა, “ნამდვილი” ხატვის ნაცვლად, პასუხად დიაგრამები შემოგთავაზონ…

ამიტომ, შეგიძლიათ, გუნდს უთხრათ, რომ 2000 წლის შემდეგ ანთროპოლოგი მათ მიერ დახატულ გამოქვაბულის ნახატებს შეხვდება. სთხოვეთ, საკმარისი დრო დაუთმონ ილუსტრაციის შესრულებას, რათა რეალობა ერთ მხატვრულ გამოხატულებაში ასახონ, ნაცვლად მრავალი დეტალისა. შესაძლოა, ზოგიერთმა მათგანმა ემოციური, სენსორული გზით ინტერპრეტაცია ამჯობინოს, რაც ზოგადად იშვიათია სამუშაო დღის განმავლობაში.

გაერთეთ, დაიმუხტეთ და გახდით თეატრალური

ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იმპროვიზაციაა, რადგან ის კოლექტიური მოქმედებაა და ერთიან სცენარში აქცევს ყველას. ის ადამიანებს ეხმარება, ისწავლონ მინიშნებების კითხვა, იცინონ საკუთარ თავზე, უფრო ყურადღებით მოუსმინონ და განიმუხტონ. შეგიძლიათ, გაითვალისწინოთ და გამოიყენოთ იმპროვიზაციის ელემენტები გუნდურ შეხვედრებში.

მაგალითად, ონლაინ ზარის დროს ინდივიდებს სთხოვეთ, სახლში ერთი წუთი დაუთმონ საგანს, რომელიც სამუშაოსთან ან კლიენტთან იქნება დაკავშირებული, შემდეგ კი არჩევანი გუნდს გაანდონ. შეზღუდული რესურსების ფარგლებში მოქმედება ხელს უწყობს პიროვნების გონებრივ ვარჯიშს. ასევე, ფიზიკური ობიექტის სახით აბსტრაქტული პრობლემის გამოხატვა საკითხის ახალი პერსპექტივიდან დანახვას უწყობს ხელს.

კიდევ ერთი სავარჯიშო გულისხმობს წარმოდგენად, თითქოს გუნდი ახალ კომპანიას უდებს სათავეს, რომლის მიზანიც ამჟამინდელი ბიზნესის გადალახვაა. მათ ყველანაირი საჭირო რესურსი აქვთ, მთავარია, აღწერონ, როგორ გახსნიან ახალ ორგანიზაციას, განსხვავებული ხასიათით. უბიძგეთ, ყურადღება გაამახვილონ გამოგონილი ბრენდის ხასიათისა და მიდგომის დეტალებზე. დააკვირდით, არიან ისინი სუბიექტურები საკითხში, რომელშიც თქვენი ამჟამინდელი კომპანია ობიექტურობას ინარჩუნებს? არიან ისინი შემტევები იქ, სადაც თქვენი კომპანია ფრთხილობს? თქვენი საწინააღმდეგო მოდელის შექმნა საშუალებას გაძლევთ, გააცნობიეროთ სისუსტეები და უფრო გაძლიერდეთ.

და ნუ დაივიწყებთ იმპროვიზაციის კლასიკურ თამაშ. “დიახ, და…”, რომელიც ბევრი ადამიანის ჩართულობას იწვევს. თამაში მოთამაშეებს ყველა იდეის მიღებას ასწავლის – მათ ყოველი აზრი უნდა მიიღონ, დააკავშირონ და შეადგინონ რაღაც, მხოლოდ რეფლექსების გამოყენებით. ვიღაც დაიწყებს წინადადებას, შემდეგ კი თითოეული ადამიანი განაგრძობს მას “დიახ, და…”.

შექმენით ჰარმონია სახლიდან მუშაობის დროს ცეკვის საშუალებით

დისტანციური მუშაობის დროს ბევრი წუხს, რომ საკმარისად არ მოძრაობს სახლში. მითუმეტეს, აღმოიფხვრა კოლეგებთან ერთად ყავის დასალევად გასვლა. ამ უმოძრაო საქმიანობამ შესაძლოა, დროთა განმავლობაში თანამშრომლების ენერგია და მოტივაცია შეამციროს.

ფიზიკური მოძრაობა ენდორფინების გამოყოფას იწვევს, რომლებიც თავის ტვინის რეცეპტორებთან ურთიერთქმედებს და პოზიტიურობას ასტიმულირებს. შესაბამისად, სულ მცირე მოძრაობასაც კი, იქნება ეს საკონფერენციო დარბაზიდან კაბინეტში დაბრუნება, თუ ლანჩზე გასვლა, დადებითი გავლენა აქვს ჩვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. პანდემიის პირობებში კი შესანიშნავი ალტერნატივაა სასეირნოდ გასვლა ჯგუფური ზარით, სადაც ყველა მონაწილე საუბრის პარალელურად სეირნობს.

ასევე, შეგიძლიათ, საცეკვაო წვეულება მოაწყოთ Zoom-ში, სადაც სხვადასხვა სიმღერის ფონზე ერთად გაერთობით. რა თქმა უნდა, კამერის ჩართვა არ არის აუცილებელი. ვირტუალური “კაფე დისკო” შესაძლოა, უხერხულობით დაიწყოს, მაგრამ ეტაპობრივად გახალისდებით.

აუცილებლად გაითვალისწინეთ შეზღუდული შესაძლებლობების პირებიც, რომლებსაც ასევე ჩართავთ მსგავსი ტიპის გართობაში.

გამოიყენეთ პოეზია, შემოქმედებისა და კონტენტის შერწყმისთვის

ზოგჯერ ყველაზე დიდი ენერგეტიკული მოზღვავება მაშინ მოდის, როდესაც შთაგონებული ხართ და იდეების უსასრულო სტრიქონებს გამოთქვამთ. პოეზია ადამიანებს ეხმარება, აზრები საკუთარი თავის ჩაღრმავებით გამოათავისუფლონ. საქმე არ ეხება მხოლოდ მაღალფარდოვან ლექსებსა და პოემებს… პოეზია შესაძლოა, ისეთივე აბსტრაქტული და სისულელე იყოს, როგორც თავად მოგესურვებათ.

სცადეთ დილის პოეზიის სესიის განხორციელება, რასაც მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება. ეს შესაძლოა, ცნობიერების ნაკადის ხმა, ექვსსიტყვიანი რეაგირება მოთხოვნაზე ან ფრთხილად სტრუქტურირებული პოემა. ნუ აიძულებთ ადამიანებს, საკუთარი “შემოქმედება” აუცილებლად გაუზიარონ სხვებს.

თუ თანამშრომლები კარგად რეაგირებენ ამ პოეზიურ სესიებზე, შეგიძლიათ, რეგულარული სახე მისცეთ, რათა ხალხმა გამოხატვის თავისუფლებისთვის საკმარისი სივრცე მიიღოს. ეს კომუნიკაციის ახალი, ექსპერიმენტული სახეა.

იმპროვიზაცია ახალი კონცეფციებისა და მუსიკასთან კავშირების საშუალებით

ჯაზის მუსიკოსებს დინების მდგომარეობა საშუალებას აძლევს, წვდომა ჰქონდეთ ტვინის სხვადასხვა ნაწილზე და სრულყოფილი, ცვალებადი და დენადი მანერით შეასრულონ კომპოზიცია. ნებისმიერი ტიპის ნაკადის მსგავსად, ის იმპულსს იძენს პროგრესირებისთანავე, მაგრამ არანაირი მოლოდინი არ არსებობს – ეს წმინდა რეაქციულია.

როდესაც საქმე შეხვედრებს ეხება, გამოიყენეთ მუსიკა, როგორც ენერგიის წყარო. შეგიძლიათ, მოამზადოთ მელოდიების სია, როდესაც ყველა თანამშრომლის ჩართვას ელით. მუსიკას შეუძლია, ადამიანს მოდუნებაში დაეხმაროს და სასიამოვნოდ გაატაროს ჩაფიქრების მდგომარეობა. ასევე, შეგიძლიათ, სხვებსაც შესთავაზოთ სიაში სასურველი კომპოზიციის დამატება, განწყობისა და რეკომენდაციების შესაბამისად.

მუსიკას თანდაყოლილი უნარი გააჩნია, დააკავშიროს ადამიანები და მისცეს საკუთარი თავის გაზიარების შესაძლებლობა. რადგანაც მუსიკა უნივერსალური უნდა იყოს, გაითვალისწინეთ სმენადაქვეითებულების ფაქტორიც და შესთავაზეთ ფუნქციები, როგორიცაა ტრანსკრიფცია, მუსიკის ვიზუალიზატორი ან სპეციფიკური სიხშირის სიმღერები.

ხელოვნებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ბიზნესში. ის არ არის მხოლოდ გართობის საშუალება, არამედ თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, აზრები და ემოციები კონსტრუქციულად გააზიარონ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დისტანციურად მომუშავე გუნდებისთვის, რომლებიც მოწყენილობასა და დაღლილობას განიცდიან.

წყარო: HBR



„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ რებრენდინგი

Starlink-ის სერვისს მსოფლიოში ყველაზე ცუდი ინტერნეტ კავშირის მქონე ქვეყანა მიიღებს