in

მეცნიერებმა მთვარეზე აღმოაჩინეს გამოქვაბული, რომელიც ასტრონავტების თავშესაფარი იქნება

მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ მთვარეზე აღმოაჩინეს გამოქვაბული. ის იმ ადგილიდან არც თუ ისე შორს მდებარეობს, სადაც 55 წლის წინ ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი დაეშვნენ. ისინი ეჭვობენ, რომ ახლომახლო, შესაძლოა, ასობით მსგავსი ობიექტი არსებობს, რომლებსაც მომავალი ასტრონავტები თავშესაფრებად გამოიყენებენ.

M2
M2

ჯგუფმა, რომელსაც იტალიელი მეცნიერები ხელმძღვანელობენ, განაცხადა, რომ არსებობს მტკიცებულება დიდი გამოქვაბულის არსებობის შესახებ და მასში შესვლა თანამგზავრზე არსებული ყველაზე ღრმა ორმოდანაა შესაძლებელი. ის მდებარეობს სიმშვიდის ზღვაზე, აპოლო 11-ის მთვარის მოდულის დაშვების ადგილიდან სულ რაღაც 400 კილომეტრის დაშორებით.

მკვლევრებმა გააანალიზეს NASA-ს მთვარის სადაზვერვო ორბიტერის რადარის გაზომვები. მათი აზრით, რადარის მონაცემები ასახავს გამოქვაბულის მხოლოდ საწყის ნაწილს. მათი შეფასებით, მისი სიგანე მინიმუმ 40, ხოლო სიგრძე რამდენიმე ათეული მეტრის ტოლია. კვლევის შედეგები ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.

„მთვარის გამოქვაბულები საიდუმლოდ რჩებოდა 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ამიტომაც, ამაღელვებელია, რომ საბოლოოდ მათი არსებობის დამტკიცება შევძელით“, — წერენ ლეონარდო კარერი და ლორენცო ბრუცონე ტრენტოს უნივერსიტეტიდან.

ორმოების უმეტესობა მდებარეობს მთვარის უძველესი ლავის დაბლობებზე. ასევე, შესაძლოა, რამდენიმე ორმო იყოს მთვარის სამხრეთ პოლუსზეც, სადაც ამ ათწლეულის ბოლოს ნასას ასტრონავტები დაეშვებიან. ამ ორმოებიდან სხვადასხვა გამოქვაბულში შეიძლება შესვლა. ახალი აღმოჩენის ავტორები იმასაც ვარაუდობენ, რომ ასეთ ადგილებს ასტრონავტები თავშესაფრებად გამოიყენებენ. გამოქვაბული მათ დაიცავს კოსმოსური სხივებისგან და მზის რადიაციისგან. ასევე, მთვარეზე მიკრომეტეორიტის დაცემის შემთხვევაშიც უსაფრთხოდ იქნებიან. 

ამ გამოქვაბულებში არსებული კლდეები და სხვა მასალა — უცვლელი მკაცრი ზედაპირული პირობებით — მეცნიერებს დაეხმარება უკეთესად შეისწავლონ როგორ განვითარდა მთვარე, განსაკუთრებით მისი ვულკანური აქტივობის პერიოდში.

Holy Motors-ის შემოქმედებითი დირექტორი თორნიკე არეშიძე (Tokareshka) გახდა

რატომ არ შეიძლება იყოს ხანდაზმულობა პოსტის დატოვების საფუძველი