in

5 გამომგონებელი ქალი ავტოინდუსტრიიდან, რომლებსაც მადლობა უნდა გადავუხადოთ

როდესაც საუბარს იმ ნოვატორებსა და გამომგონებლებზე იწყებენ, რომლებმაც საავტომობილო სამყარო შექმნეს, უმეტესად ყველა ერთსა და იმავე სახელებს ასახელებს: ჰენრი ფორდი, ნიკოლა ტესლა ან კარლ ბენცი. ბევრმა არ იცის, რომ თანამედროვე მანქანებისა და მათი შემადგენელი ნაწილების უკან ხშირად ქალი გამომგონებლებიც იდგნენ, რომლებმაც, თავიანთი ბრწყინვალე გონებით, ინოვაცია შემატეს ინდუსტრიას.

ამ სტატიის დასაწერად რამდენიმე ასეთ ისტორიას გადავხედეთ და მათ თქვენც გაგიზიარებთ.

მერი ანდერსონი და შარლოტა ბრიჯვუდი

ეს ორი ქალი რომ არა, წვიმის დროს გადაადგილება რთული იქნებოდა. წარმოგიდგენიათ, რომ მათ გამოგონებამდე, წვიმის დროს ადამიანებს მანქანის ფანჯრიდან თავის გამოყოფა უწევდათ, რათა გზა დაენახათ?

მერი ანდერსონს საქარე მინების საწმენდი მოწყობილობის იდეა გაუჩნდა. ეს იყო ხელით მოქმედი ბერკეტი მანქანაში, რომელიც შექმნილია თოვლის ან წვიმის გასასუფთავებლად უკეთესი ხილვადობისთვის. თუმცა, სამწუხაროდ, მის დაპატენტებულ იდეას 1920 წელს ვადა ამოეწურა და მან ვერ გამოიმუშავა ფული საკუთარი იდეით.

რამდენიმე წლის შემდეგ შარლოტა ბრიჯვუდმა გააუმჯობესა მერი ანდერსონის ორიგინალური მექანიკური დიზაინი და 1917 წელს დააპატენტა პირველი ელექტრული საქარე მინის ავტომატური საწმენდები, სახელწოდებით “Storm Windshield Cleaner”. მიუხედავად იმისა, რომ ბრიჯვუდის იდეასაც გაუვიდა საპატენტო ვადა, ამის შემდეგ საქარე მინის გამწმენდის დიზაინი ფართოდ იქნა მიღებული და გახდა მანქანების სტანდარტული ფუნქცია.

ბერტა ბენცი

ბერტა კარლ ბენცის მეუღლე იყო. იგი 1888 წელს გაემგზავრა მანქანით მსოფლიოს გარშემო, რათა თავისი ქმრის გამოგონება – უცხენო ეტლი (ავტომობილი) ფართო საზოგადოებისთვის გაეცნო და საჯაროობა მოეპოვებინა. იგი თავის ორ თინეიჯერ შვილთან მგზავრობდა და 200 კმ-მდე დაფარა. 

მოგზაურობა წარმატებული გამოდგა, რადგან წყვილმა არა მხოლოდ მანქანის შეკვეთების მიღება დაიწყო, არამედ ბერტამ რამდენიმე საყურადღებო აღმოჩენა გააკეთა ამ გზაზე, რამაც განაპირობა დღევანდელი მანქანების სტანდარტული მახასიათებლები.

მაგალითისთვის, როდესაც ის მიხვდა, რომ დიდი ხნის ტარების შემდეგ ხის მუხრუჭები გაცვდა, მან ფეხსაცმლის მწარმოებელს ტყავის ძირები დააყენებინა და შექმნა სამუხრუჭე ხუნდების პირველი ნაკრები. ამას გარდა, ბერტას და მათ შვილებს პრობლემები შეექმნათ ბორცვებზე ასვლის დროსაც, რამაც გადაცემათა სისტემის იდეა გააჩინა.

ფლორენს ლოურენსი

მიუხედავად იმისა, რომ იგი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი პირველი კინოვარსკვლავი, ფლორენს ლოურენსი ასევე იყო გამომგონებელი – ისევე როგორც მისი დედა შარლოტა ბრიჯვუდი, რომელიც ზემოთ უკვე ვახსენეთ. 1914 წელს ლოურენსმა გამოიგონა მანქანის პირველი მექანიკური მოხვევის მაჩვენებელი.

მოხვევის მაჩვენებელი და სამუხრუჭე შუქები სტანდარტია დღევანდელ მანქანებში, მაგრამ ლოურენსს არასოდეს გაუკეთებია პატენტი ამ მნიშვნელოვანი გამოგონებებისთვის და არასოდეს მიუღია ფული თავისი მუშაობისთვის.

ჰეიდი ლამარი

ჰეიდი ლამარი იყო ავსტრიელი წარმოშობის ამერიკელი მსახიობი, რომელმაც ჰოლივუდის ოქროს ხანაში დიდება მოიპოვა, თუმცა ეს არ არის მისი ერთადერთი დამსახურება. ლამარი თვითნასწავლი გამომგონებელი იყო, რომელმაც გამოიგონა სიხშირეზე გადასვლის ტექნოლოგია, რომელიც განიხილება როგორც წინამორბედი GPS, Bluetooth-სა და Wi-Fi-სთვის. 

იგი შთაგონებული იყო მოკავშირეების დახმარებით, ტექნოლოგიის შესაქმნელად მას შემდეგ, რაც გერმანულმა ნავებმა დაიწყეს თავდასხმა სამოქალაქო გემებზე მეორე მსოფლიო ომის დროს. ლამარმა და მისმა მეგობარმა ჯორჯ ანტეილმა გამოიგონეს ჯემ-რეზისტენტული სიხშირეზე გადახტომის სიგნალი მოკავშირეთა ტორპედოებში გამოსაყენებლად, რათა მტრებს არ დაეშიფრათ შეტყობინებები. მათ მიიღეს პატენტი “საიდუმლო კომუნიკაციის სისტემისთვის” 1942 წელს და მიუხედავად იმისა, რომ გამოგონება მაშინვე არ განხორციელებულა, მან საფუძველი ჩაუყარა ტექნოლოგიას, რომელიც გამოიყენება სამხედრო კომუნიკაციების, მობილური ტელეფონების და სხვა ტექნოლოგიების შესაქმნელად.

მარგარეტ უილკოქსი

შემდეგ ჯერზე, როცა ზამთარში მანქანაში სიცივე შეგაწუხებთ და გათბობას ჩართავთ, შეგიძლიათ მადლობა გადაუხადოთ მარგარეტ უილკოქსს. ის პროფესიით ინჟინერი იყო და გამოიგონა სისტემა, რომელიც ელექტროენერგიის გარეშე მანქანის გასათბობად გამოიყენებოდა.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

„თეგეტა გრინ პლანეტმა“ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ პარტნიორებისთვის პრეზენტაცია გამართა

ფინანსური განათლების სახალისო გაკვეთილები ბავშვებისგან – ეროვნული ბანკის ვიდეოების სერია