in

100 მილიონი წვდომა! – როგორი იყო კამპანიის „გამომყევი აჭარაში“ ორთვიანი თავგადასავალი

„გამომყევი აჭარაში“ – ამ მთავარი გზავნილით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მასშტაბური კამპანია წამოიწყო. პროექტის ფარგლებში, ფოტოგრაფებს, ვიდეოგრაფებს, კონტენტ კრეატორებს, ბლოგერებს, ინფლუენსერებსა და სხვა დაინტერესებულ ადამიანებს შეეძლოთ მონაწილეობა და აჭარის მრავალფეროვნების ფართო აუდიტორიისთვის გაზიარება. პრიზი კი ნამდვილად შთამბეჭდავი იყო – პირველი ადგილისთვის – 100,000 ლარი, მომდევნო ტოპ ხუთეულისთვის კი 20,000-20,000 ლარი. კამპანიაში ჩართვა ძალიან მარტივი იყო – ონლაინ პლატფორმა followajara.ge-ზე რეგისტრაციის შემდეგ, მონაწილეები შემთხვევითი პრინციპით ირჩევდნენ ადგილმდებარეობებს, სადაც ორი თვის განმავლობაში უნდა შეექმნათ ვიზუალური კონტენტი და ფართო აუდიტორიისთვის გაეზიარებინათ. კამპანიაში მოსანახულებელი ადგილები აჭარის ტურისტული ანბანის მიხედვით იქნა განაწილებული, რომელიც რეგიონის ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების წარმოჩენის მიზნით შეიქმნა. კამპანიის მთავარი პრიზის მოსაგებად აუცილებელი იყო, რომ მონაწილის მიერ შექმნილ კონტენტს, საერთო ჯამში, 10 მლნ-იანი წვდომისთვის (Reach) მიეღწია. კამპანიის ფარგლებში, ფართო აუდიტორიამ გაიცნო აჭარის ტურისტული მარშრუტები და პროდუქტები.

კონკურსი დასრულდა, მიმდინარეობს შედეგების შეჯამება, გამარჯვებულები კი 12 ნოემბერს გამოვლინდებიან. კამპანიის მიმოხილვისთვის, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, თინათინ ზოიძეს მივმართეთ.

თინათინ ზოიძე: „აჭარის რეგიონი შიდა ტურიზმის თვალსაზრისით, ყოველთვის საინტერესოა. ამ კამპანიის საშუალებით, გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ აჭარაში ჩამოსვლა საინტერესოა ოთხივე სეზონის განმავლობაში. კამპანია „გამომყევი აჭარაში“, ერთი მხრივ, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევდა მონაწილეობის საშუალებას, მეორე მხრივ, გვინდოდა კამპანია ყოფილიყო ბუნებრივი და ადამიანების ემოციებზე დაფუძნებული. მთლიანობაში, ვთვლი, რომ კამპანია არის ძალიან წარმატებული. აჭარის 33 ტურისტულ ადგილს აშუქებდნენ ადგილობრივი ბლოგერები, ინფლუენსერები და კონტენტ კრეატორები. კამპანიის ჯამურმა წვდომამ 100 მილიონს გადააჭარბა. საქართველოს მოსახლეობამ მაღალმთიან აჭარაში მდებარე ძალიან ბევრი ადგილი გაიცნო. ჩვენი მიზანიც ეს იყო – განსხვავებული აჭარა გვეჩვენებინა მათთვის, ვისაც მთაში მოგზაურობა უყვარს. პროექტმა გაამართლა. აჭარის რეგიონს 2 მილიონამდე შიდა ვიზიტორი სტუმრობს ყოველწლიურად და ვფიქრობთ, შევასრულებთ ახალ სტრატეგიას, რომლის მიხედვითაც აჭარა ოთხსავე სეზონზე საინტერესო ადგილად გვინდა ვაქციოთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კამპანიის ყველა მონაწილეს. შიდა ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბლოგერებისა და ინფლუენსერების ჩართულობა.“

აჭარული თავგადასავლები დაუვიწყარი იყო თავად კონტენტ კრეატორებისთვის, რომლებმაც შეძლეს და ფართო აუდიტორიას გაუზიარეს თავიანთი შთაბეჭდილებები. კამპანიის „გამომყევი აჭარაში“ მონაწილეები თავიანთ გამოცდილებაზე გვიყვებიან:

გიორგი ჯობავა: „როდესაც ამ კამპანიის შესახებ გავიგე, გამიკვირდა, დაუჯერებლადაც კი მომეჩვენა საქართველოში მსგავსი წამახალისებელი კამპანია. მივესალმები ამ ინიციატივას და ყოჩაღ, მის ავტორებს. მსგავსი პროექტები რომ სხვა რეგიონებშიც იყოს, ძალიან წინ წავიდოდა ქვეყანა.

ეს თავგადასავალი ძალიან საინტერესო იყო ჩვენთვის, როგორც მოგზაურების მოყვარულებისთვის. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო იმიტომ, რომ მასთან ძალიან ბევრი რამ გვაკავშირებს. თან, იმ დროისთვის დასრულდა ჩვენი სახლ-მანქანის მშენებლობა და პირველი მოგზაურობა იყო ჩვენთვის, ამ ფორმით. მიუხედავად იმისა, რომ კამპანიასი შედარებით გვიან ჩავერთეთ, მოლოდინები მაინც გავამართლეთ, რადგან ჩვენ მიერ შექმნილ კონტენტს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა აუდიტორიის მხრიდან და ვფიქრობთ, დავიმსახურეთ გამარჯვება.

საიტზე რეგისტრაციისთანავე დავიძარით და მთელი სექტემბრის განმავლობაში გაუჩერებლად ვიარეთ. იმ დროისთვის, უკვე ძალიან ბევრ კრეატორს ჰქონდა გადაღებული და საკმაოდ წინ იყვნენ წასულები, ნახვებიც ბლომად ჰქონდათ დაგროვებული. სამოგზაურო გეგმა არ გვქონია. ვაკეთებდით იმას, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს და მოტივაციას გვაძლევდა ის, რომ ჩვენი შრომა შეიძლება დაფასდეს. გვამხნევებდა ადამიანების კომენტარები ჩვენს კონტენტზე. სრული ფორს-მაჟორი იყო. საოცარი ენერგია და მუხტი გვამოძრავებდა. მაღალმთიან აჭარაში არაერთხელ ვყოფილვარ, თუმცა ამჯერად სრულიად სხვა გამოცდილება იყო. ესაა ადგილი, რომელსაც უნდა დაუთმო დრო, ერთი დღე მის სანახავად ვერ გეყოფა. ენით აუწერელი სიამოვნება იყო ეს მოგზაურობა, დაუვიწყარი ემოცია, რომელიც ყოველთვის გვემახსოვრება.“

ავტორი: ზურაბ გელაშვილი
ნათია კახაძე: „მაღალმთიან აჭარასა და ბათუმს უკავშირდება მთელი ჩემი ბავშვობა და ზრდასრული ცხოვრება. ამ კამპანიაში ჩართვამ საშუალება მომცა აჭარის მიმართ ჩემი უდიდესი სიყვარული გადმომეცა და გამეზიარებინა ადამიანებისთვის. ეს იყო ძალიან საინტერესო ერთი თვე, რომელიც სამუდამოდ მემახსოვრება. ჩემი გვარი მაჭახელის ხეობიდანაა და მიხარია, რომ ამ მხარის აუდიტორიისთვის უკეთ წარდგენა შევძელი.

ჩვენი მოგზაურობა მწვანე ტბიდან დაიწყო. მე და ჩემი მეუღლე კარავში ვცხოვრობდით, ბავშვთან ერთად. შემდეგ, ჩირუხში ავედით და იქაც კარავში დავრჩით. ყველას ვურჩევდი ამ ადგილის ნახვას – დაუვიწყარია. მოვინახულეთ მაჭახელის ხეობა, საოცარი ბუნება და ნაკრძალი, დიდი დრო დავუთმეთ ბათუმს. ჩემთვის განსაკუთრებულია ძველი ბათუმი, სადაც ყოველდღიურად დავდიოდით ფეხით და განსხვავებულ შთაბეჭდილებებს ვეძებდით. ვეცადე ისეთი საინტერესო დეტალები მომეყოლა ჩემი აუდიტორიისთვის, რაც ბევრმა არ იცის.

ვფიქრობ, ეს კამპანია ძალიან სწორ მიზნებს ემსახურება და მიხარია, რომ ჩვენი მისწრაფებები ერთმანეთს ასე ზუსტად დაემთხვა. ვფიქრობ, მოვახერხე იმის გაკეთება, რაც მინდოდა – აუდიტორიას ვუამბე ისტორია, გავაცანი კულტურული ნაირსახეობა, არქიტექტურა. ძალიან დადებითი შეფასებები მივიღე ადამიანებისგან და ეს მაბედნიერებს.“

კამპანიის ფარგლებში 20-ზე მეტმა მოგზაურმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის იყო დავით ოქროპილაშვილი, ტიტე მიქაძე, ანა მითაიშვილი – Food ბლოგერი, ფოტოგრაფი ნიკა ფაილოძე და სხვები.

ზურაბ გელაშვილი: „ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონებში ხშირად ვმოგზაურობ. განსაკუთრებით, აჭარაში ვატარებ დიდ დროს. ეს გამოცდილება სრულიად განსხვავებული იყო. მომეწონა კამპანიის წესები, რომელიც ითვალისწინებდა ადამიანის შრომის დაფასებას – თუკი კონკრეტულ კრიტერიუმებს მიყვებოდი, შედეგის მიღებასაც შეძლებდი. აქედან გამომდინარე, საკუთარ მოედანზე აღმოვჩნდი – ეს ის საქმეა, რასაც ისედაც სიამოვნებით ვაკეთებ. კამპანიის იდეა ძალიან კარგია. ჩემთვის, ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი მოგზაურობა აჭარაში, სულ სამი თვე გავატარე წელს. ვნახე შთამბეჭდავი ადგილები, გავიცანი საოცარი ადამიანები. გამორჩეულად მიყვარს ბათუმი, ხოლო მაღალმთიან აჭარაში ჩირუხსი წასვლას ვურჩევდი ყველას, სადაც ავთენტური გარემოა შენარჩუნებული, თითქოს, სრულიად სხვა სამყაროში მოგზაურობ. ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს კი, უჩხოს კანიონი მოეწონებათ, სადაც თავგადასავლებით სავსე დღეებს გაატარებენ. სრულიად განსხვავებულია გოდერძი, რომელიც ვფიქრობ, სულ მალე, მაღალკონკურენტულ ზამთრის კურორტად ჩამოყალიბდება.“

მასშტაბური კამპანია „გამომყევი აჭარაში“ დასრულდა, თუმცა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროექტების განხორციელებას გეგმავს. თინათინ ზოიძემ მომავალი წლის გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება:

„შიდა ტურიზმი ჩვენთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტულია. პანდემიამაც დაგვანახა მისი მნიშვნელობა მდგრადობის განვითარებისთვის. ჩვენს ქვეყანას ამოუწურავი პოტენციალი აქვს. აჭარა, ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულებაა, სადაც ერთადაა თავმოყრილი ტბაც, ზღვაც, მთაც და სამთო კურორტიც. აქტიურად ვმუშაობთ ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნაზე მთაში, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ ვიზიტორს გაუადვილებს მოგზაურობას. მომავალ წელს, 50%-ით იზრდება შიდა ტურიზმის ბიუჯეტი და ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს ვგეგმავთ.“

კამპანიამ „გამომყევი აჭარაში“ მილიონობით ადამიანის ყურადღება მიიქცია საქართველოს შიგნით და ქვეყნის გარეთ. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსი შიდა ტურიზმის განვითარებაზე იყო მომართული, ინტერესი გაიზარდა საერთაშორისო მასშტაბითაც. წელს, კამპანიას ოცზე მეტი მონაწილე ჰყავდა. ველით მომდევნო წელს და უფრო მასშტაბურ თავგადასავლებს აჭარაში. თუ ჯერაც ფიქრობთ, სად წახვიდეთ სამოგზაუროდ – გამოგვყევით აჭარაში.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

[R]

როგორ შეუძლია სოციალურ საკითხებზე ზრუნვას კომპანიის შემოსავლის ზრდა?

„რუმორი“ – მოარული ამბავი პრემიალური ხარისხის კორპორაციულ ატელიეზე