in

„გამოწვევები წარმატებებად ვაქციეთ“ — კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის პერიოდს აჯამებს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მისი 7-წლიანი პრეზიდენტობის ანგარიში წარადგინა. შემაჯამებელ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საფინანსო სექტორის, აკადემიური წრეების და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გამოსვლაში კობა გვენეტაძემ ვრცლად ისაუბრა იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც მისი პრეზიდენტობის პერიოდში ეროვნულ ბანკში განხორციელდა.

კობა გვენეტაძემ ყურადღება გაამახვილა ამ წლების განმავლობაში არსებულ გამოწვევებზე და იმაზე, თუ რამდენად სწრაფი და ადეკვატური იყო რეაგირება ეროვნული ბანკის მხრიდან. მისი თქმით, ეროვნული ბანკი, ამ პერიოდში ქვეყნის თითოეულ მოქალაქესთან, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორთან ერთად, გამოწვევებთან, სირთულეებთან ბრძოლისა თუ წარმატებების უშუალო მონაწილე იყო.

„ამ 7-წლიან პერიოდში ჩვენ ქვეყანაში ერთმანეთს მიდევნებული გარე შოკების მთელი კასკადი ვიხილეთ: როგორც გლობალური ფორსმაჟორები — პანდემია, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, დოლარის ყველა ვალუტასთან მიმართებით ისტორიული გამყარება, ნავთობის ფასების ისტორიული მაქსიმუმი, თქვენ წარმოიდგინეთ, პირველად ისტორიაში, ნავთობზე უარყოფით ფასიც კი დაფიქსირდა, ასევე შიდა კრიზისები — 2019 წელს შეწყვეტილი ფრენები, რამაც შემდგომ ნეგატიურად იმოქმედა მოლოდინებსა და, შესაბამისად, ეროვნული ვალუტის კურსზე. მაღალი ინფლაცია გახდა აშკარა საფრთხე და ბოლო პერიოდის მნიშვნელოვანი გამოწვევა… თანაც, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ პირველად, მრავალი წლის განმავლობაში, განვითარებული ქვეყნებისთვისაც. განსაკუთრებით ასეთ პერიოდშია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოზიციაზე ყოფნა უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის წინაშე. თუმცა ძალისხმევა არ დაგვიკლია და სირთულეებს თავი გავართვით, უფრო მეტიც — გამოწვევები ბევრ შემთხვევაში წარმატებად ვაქციეთ. ეროვნულმა ბანკმა მიიღო და გაატარა ადეკვატური, თანმიმდევრული და დროული ზომები იმ გლობალურ გამოწვევებზე საპასუხოდ, რომელთა წინაშეც დღეს მსოფლიო დგას. კარგად მესმის, რომ სირთულეები კვლავ არის, თუმცა ჩვენ მიერ არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმის გარეშე, დამერწმუნეთ, დღეს სურათი გაცილებით მძიმე იქნებოდა“,განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა გაატარა:

ლარიზაცია. დოლარიზაციის შემცირება:

  • 100 ათასამდე ოჯახს შეუმცირდა ვალუტაზე დამოკიდებულების ტვირთი.
  • ლარიზაციამ გადაარჩინა ქვეყნის ფინანსური სექტორი და დაიცვა მომხმარებელი მომატებული რისკებისგან

ფინანსური განათლება იქცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად:

ფინანსური განათლება:

  • შეიქმნა საგანმანათლებლო პლატფორმა: www.FinEdu.gov.ge

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით:

  • შეიქმნა მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტი
  • შემუშავდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი
  • მიიღეს ეთიკის კოდექსი

COVID19-ის საპასუხო ღონისძიებები:

  • შემუშავდა დროებითი საზედამხედველო გეგმა
  • გაფართოვდა სსფ-ის პროგრამა
  • ამოქმედდა სავალუტო ინტერვენციების ახალი მექანიზმი
  • საფინანსო სექტორს ლიკვიდური ფულადი რესურსები შეუფერხებლად მიეწოდებოდა.

გაუმჯობესდა ცენტრალური ბანკის კომუნიკაცია გაიზარდა ახალგაზრდების ჩართულობა

პლატფორმა BUSINESS INTELLIGENCE:

  • შეიქმნა მონაცემთა ვიზუალიზაციისა და ანალიზის თანამედროვე პლატფორმა Business Intelligence

პასუხისმგებლიანი დაკრედიტება:

  • შეიცვალა თავდებობის არასწორი პრაქტიკა
  • დასრულდა ფასიანი ქაღალდების ბაზრის საკანონმდებლო ჩარჩოს რეფორმა, ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოება
  • 2017 წელს დაიწყო მდგრად დაფინანსებაზე მუშაობა და 2021 წელს გამოვიდა პირველი მდგრადი დაფინანსების ანგარიში

საბანკო ზედამხედველობა:

  • 2020 წელს გამოქვეყნდა პირველი 3-წლიანი საზედამხედველო სტრატეგია

კორპორაციული მართვის კოდექსი:

  • შემუშავდა ეთიკისა და კორპორაციული მართვის სტანდარტების ჩარჩო
  • კოდექსის შედეგად, 2018 წლიდან ქალების წილი საბჭოებში გაიზარდა ჯამურად 21%-ით

ფინტექი:

  • გატარდა რეფორმები საბანკო და არასაბანკო ზედამხედველობის მიმართულებით
  • შეიქმნა ფინანსური ინოვაციების ოფისი
  • 2021 წელს ღია ბანკინგი ამოქმედდა ბანკებისთვის, 2022 წლიდან კი — არა-საბანკო ფინანსური სექტორისთვის
  • პირველი ციფრული ბანკის ლიცენზია გაიცა 2022 წელს
  • ციფრული ლარის პროექტი გადავიდა ტესტირების/პილოტის ფაზაში

შეხვედრის დასასრულს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ყველა სექტორის წარმომადგენელს, შვიდწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, მადლობა გადაუხადა. განსაკუთრებით აღნიშნა ეროვნული ბანკის თანამშრომლების დამსახურება: „თქვენ უდიდესი მისია გაკისრიათ. ეროვნულ ბანკში თანამშრომლების საკმაოდ დიდი დენადობაა, ამაყი ვარ, რომ ეროვნული ბანკის პროფესიონალთა გუნდი საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან მაღალი ნდობით და რეპუტაციით სარგებლობს. მჯერა, რომ ეროვნული ბანკის მდიდარი პროფესიული გამოცდილების მქონე გუნდი მომავალშიც წარმატებით გაართმევს თავს დასახულ ამოცანებსა თუ გამოწვევებს და კვლავაც იქნება: ქვეყანაში ფასების და ფინანსური სტაბილურობის გარანტი; დამოუკიდებელი და ეფექტიანი მარეგულირებელი, რომელიც ორიენტირებულია გრძელვადიან შედეგებზე; საფინანსო სექტორში ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის ხელშემწყობი; აღიარებული ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ; საბანკო მომხმარებლების უფლებებისა და ინტერესების დამცველი“.

[R]

Marvel-ის კომიქსები უკვე ქართულად! — Rusty Comics

შექმნეს ყავის ჭიქა, რომელიც საჭმლის ყუთს ჰგავს