8
ნოე
2018

„შეიძლება, შევეხო?“ – სამუზეუმო ექსპონატების ახალი სიცოცხლე

8 ნოე 2018

6 წლის შემდეგ, სოლოლაკში, ინგოროყვას #14-ში არსებულ „გალერეა გამრეკელში“ დაცული ქართული მოდერნიზმისა და თანამედროვე მხატვრობის ნიმუშები ჩარჩოებიდან გადმოსვლას იწყებენ. სამუზეუმო ექსპონატები ზღურბლს იქით, ზუსტად 12 საფეხურს ჩაირბენენ და ცივ კედლებს მიჩვეული ზურგით, აბრეშუმის ქსოვილს, ტილოს ჩანთებსა თუ თბილ მაისურებს მიეკვრებიან. ან სულაც, საბჭოთა სავარძლებზე მიეფინებიან, რადგან „სად არის ხელოვნების ადგილი? – ყველგან“.

bog qulebi
Bog Xelfasi mob

პავლე ინგოროყვას 14 ნომერი ის ადგილია, სადაც არაერთ ცნობილ ადამიანს უცხოვრია. მათ შორის, თავად ქართველ ლიტერატურათმცოდნეს, ისტორიკოსს, პუბლიცისტსა და საზოგადო მოღვაწეს – პავლე ინგოროყვას, ინგლისური არისტოკრატიული გვარის წარმომადგენლებს – ოლივერ და მარჯორი უორდროპებს. ასევე, კუბისტური და ფუტურისტული მიმდინარეობის წარმომადგენელ პირველ ქართველ მხატვარს, უდიდესი მასშტაბის სცენოგრაფს – ირაკლი გამრეკელს.ირაკლი გამრეკელი მუშაობდა რეჟისორებთან: კოტე მარჯანიშვილსა და სანდრო ახმეტელთან. თეატრში სამუშაოდ კოტე მარჯანიშვილმა მიიწვია, მას შემდეგ, რაც მის მიერ გაფორმებული ოსკარ უაილდის „სალომეა“ ნახა (1921 წელს).

ირაკლი გამრეკელი, „სალომეა“, ქაღ., გუაში, 23×15 , 1921

მას 50-ზე მეტი სპექტაკლი აქვს გაფორმებული რუსთაველის, მარჯანიშვილისა და ახმეტელის თეატრში.

ირაკლი გამრეკელი – „ჰამლეტი“ – რეჟ: კ.მარჯანიშვილი, ა.ახმეტელი, ქაღ. გუაში, 1925 წ. 24X44

მისი შექმნილია ილუსტრაციები გრიგოლ რობაქიძის რომანისთვის „გველის პერანგი“ და კარლო კალაძის პოემისთვის „ძახილი მთაში“ და „ქურდი რჩეული“. 1924 წელს, მან ქართველი ფუტურისტების ჟურნალის “H2SO4” ერთადერთი ნომერი გააფორმა. 1929 წელს კი, რეჟისორ კოტე მიქაბერიძის ექსპრესიონისტული ფილმის „ჩემი ბებია“ დამდგმელ მხატვრად მიიწვიეს.„ირაკლი გამრეკელის, Tbilisi Art Fair-ის ფარგლებში ჩატარებული  გამოფენის – “H2SO4“ შემდეგ, გადავწყვიტეთ, მსოფლიოში უკვე დანერგილი პრაქტიკა აგვეთვისებინა და აბრეშუმის შარფებზე მხატვრის თეატრალური ესკიზები დაგვებეჭდა“, – გვიყვება ქეთი ხარატიშვილი, ხელოვნებათმცოდნე, „გალერეა გამრეკელის“ კურატორი.

ქეთი ხარატიშვილი

„გვინდოდა, სუვენირის სახით გაგვეყიდა შარფები, თუმცა, ინიციატივას იმაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ვიდრე ველოდით. ამან ჩვენს ახალ წამოწყებას ბიძგი მისცა, ირაკლი გამრეკელის შემოქმედება და ესკიზები გადაგვეტანა ჩანთებზე, ჰუდებსა თუ ავეჯზე. გავაცნობიერეთ, რომ 21-ე საუკუნეში გამოფენის მოწყობა და ადგილზე დათვალიერება, ხელოვნების პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლებისთვის საკმარისი არ არის. სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებით, სრულიად ახალი და საინტერესო გზა მოვძებნეთ“.

გურამ წიბახაშვილი

ჩვენს კითხვაზე, ზოგადად, რატომ დაიწყეს აუდიტორიასთან ურთიერთობისთვის ახალი ფორმების ძიება, ანუკი რატიაშვილი, ხელოვნებათმცოდნე, „გალერეა გამრეკელის“ კურატორი გვპასუხობს: „სულ ერთი და იგივე ხალხი დადის გამოფენებზე. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ამ გზით, ის თაობა დავაინტერესოთ, რომლისთვისაც დღეს მუზეუმში დაცული ხელოვნება მოსაწყენია. გვინდა, ახალგაზრდებმა გაიგონ ირაკლი გამრეკელის შესახებ, იცოდნენ თანამედროვე ქართველ მხატვარზე, რომელიც ევროპული მიმდინარეობების თანადროულ ნამუშევრებს ქმნიდა. რომ ქართველებს გადასარევი ხელოვანები გვყავს. მუზეუმში მისვლა იძულებითი არ უნდა იყოს, ამიტომაც, ჩვენამდე მოსასვლელად, მათთვის გასაგებ ენაზე დავიწყეთ საუბარი“. 

ანუკი რატიაშვილი

როგორც იდეის ავტორები ამბობენ, სამუზეუმო ექსპონატებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებით, არატრადიციული საკომუნიკაციო ენის საშუალებით, „გამრეკელის“ ნამუშევრები მისწვდა ისეთ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი ნებით, არასდროს მივიდოდნენ მუზეუმში. გალერეის ზოგიერთ დამთვალიერებელს, უშუალოდ, პროდუქტის შეძენის დროს მიუღია ინფორმაცია, კერძოდ, რომელი ესკიზი იყო წარმოდგენილი ამა თუ იმ ნივთზე. ამან, თავის მხრივ, უფრო მეტი დაინტერესება გამოიწვია თვითონ მხატვრისა და ზოგადად, ქართული ხელოვნების მიმართ“. „გალერეა გამრეკელში“ მისულს, შესასვლელშივე გხვდება მანეკენი, რომელსაც ხელოვნება აქვს შემოცმული და სამუზეუმო ექსპონატებთან ურთიერთობას მიჩვეულს, სრულიად ბუნებრივად გიჩენს კითხვას: „შეიძლება, შევეხო?“

ოლეგ ტიმჩენკო

„გალერეა გამრეკელი“ 2012 წელს, ნინო მეტრეველისა და ირაკლი გამრეკელის მემკვიდრის, ხათუნა მელიქიშვილის ინიციატივით დაარსდა. ის თანამედროვე ქართული მხატვრობის გალერეა-მუზეუმია და ქართული მოდერნიზმისა და თანამედროვე მხატვრობის ნიმუშებს ინახავს. გალერეა ცნობილი ქართველი მხატვრის, ირაკლი გამრეკელის (1894-1943) სახლშია გახსნილი და ქართული თეატრალური მხატვრობის მნიშვნელოვან ნიმუშებს, მხატვრის არქივსა და პირად ბიბლიოთეკას ფლობს. გალერიის სივრცე იყოფა ორ ნაწილად: სამუზეუმო და ძირითად საგამოფენო ნაწილად, რომელიც თანამედროვე მხატვრობის ცვალებად ექსპოზიციებს ეთმობა.

განხილვა