in

გამწვანების მნიშვნელობა გარემოსა და ჩვენი კეთილდღეობისთვის

გამწვანება არა მარტო ჩვენი ჯანმრთელობისთვის არის სასარგებლო, არამედ მთლიანად საცხოვრებელი გარემოსთვის. ის ხელს უწყოს წყლის მენეჯმენტსა და ბიომრავალფეროვნებას დასახლებულ ადგილებში. ასევე, მას შეუძლია დაბინძურების ეფექტების შემცირება. მისი როლი შეუცვლელია ჯანმრთელობის, ჯანდაცვის, სამსახურებრივ ცხოვრებასა თუ განათლებაში. 

როგორ ეხმარება გამწვანება გარემოს?

ის, რაც დედამიწას სხვა პლანეტებისგან გამოარჩევს, არის სიცოცხლის შენარჩუნების უნარი. მცენარეები განიხილება კრიტიკულ რესურსად, რადგან ისინი ხელს უწყობენ სიცოცხლეს დედამიწაზე. ისინი ათავისუფლებენ ჟანგბადს ატმოსფეროში, შთანთქავენ ნახშირორჟანგს, უზრუნველყოფენ ჰაბიტატსა და საკვებს ველური ბუნებისა და ადამიანებისთვის და არეგულირებენ წყლის ციკლს.

ურბანული გამწვანება ამცირებს დატვირთვას საკანალიზაციო სისტემებზე, რადგან მწვანე საფარიან ადგილებში ნალექი ჟონავს მიწაში და მცირე რაოდენობით მცენარეული საფარის მიერ შეკავებული წვიმა ორთქლდება მცენარეების ზედაპირიდან.

მცენარეების გარეშე ადამიანებსა და ცხოველებს ნაკლები სუფთა ჰაერი ექნებათ სასუნთქად. ფოტოსინთეზის პროცესში მცენარეები ათავისუფლებენ ჟანგბადს ატმოსფეროში. აქვე გეტყვით, რომ ოკეანის მცენარეები უზრუნველყოფენ ჰაერის უმეტეს ნაწილს, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ. ხმელეთის მცენარეები ქმნიან დანარჩენ ატმოსფერულ ჟანგბადს, რომელიც აუცილებელია ცოცხალი ორგანიზმების გადარჩენისთვის.

კლიმატის ცვლილებები და მცენარეები

ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარემოსდაცვითი პრობლემა, რომელიც დღეს მსოფლიოს წინაშე დგას, არის წიაღისეული საწვავის წვა, რამაც გამოიწვია ატმოსფეროში ნახშირორჟანგის მაღალი დონე. მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის ცვლილება არის რეალობა, რომელსაც მსოფლიო უნდა შეხვდეს, საზოგადოება მაინც დიდად არის დამოკიდებული წიაღისეულ საწვავზე ენერგეტიკული საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით.

სწორედ აქ შემოდიან მცენარეები. ხმელეთის და ოკეანეური მცენარეები ნახშირბადის ნიჟარებად ითვლება ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის შენახვის უნარის გამო. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, თუ რა როლი შეუძლიათ მცენარეებს შეასრულონ კლიმატის ცვლილების შედეგების შესამცირებლად.

ჰაბიტატები იქმნება მცენარეთა მრავალფეროვნებით

მცენარეები ასევე მნიშვნელოვანია, რადგან ისინი უზრუნველყოფენ ჰაბიტატებს ველური ბუნებისა და ადამიანებისთვის. მაგალითად, მრავალი სახეობის ფრინველი  იყენებს ხეებსა და ბუჩქებს, ცხოვრობს ხეების ნაპრალებში ან აშენებს ბუდეებს ტოტებზე. ცხოველთა სამყაროსთვის მცენარეები როგორც საკვები, ისე თავშესაფარი საშუალებაა, განსაკუთრებით, ველურ ბუნებაში.

მცენარეები ყველა ჩვენგანის საკვებია

ვინაიდან მცენარეები განიხილება პირველად მწარმოებლებად, ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დედამიწის ველური ბუნებისა და ადამიანების კვებაში. ბალახისმჭამელთათვის ის თავისთავად მთავარი საზრდოა, თუმცა რომ არა მცენარეები, ბალახისმჭამელი ცხოველებიც ალბათ არ იარსებებდნენ, რომლებიც, თავის მხრივ, ხორცისმჭამელი ცხოველების საკვები არიან, ეს ორივე ერთად კი ჩვენი, ადამიანების კვებაზეც იმოქმედებდა, რადგან ჩვენ ყოვლისმჭამელთა კატეგორიაში გავდივართ. 

წყლის ციკლის რეგულირება

ატმოსფეროში ტენის დაახლოებით 10% მცენარეების მიერ ტრანსპირაციის პროცესის შედეგად გამოიყოფა. მცენარეები ითვისებენ წყალს ფესვების მეშვეობით და გამოყოფენ წყლის ორთქლს ფოთლების ქვედა მხარეს არსებული პატარა ფორების მეშვეობით. ტრანსპირაციის ამ პროცესის მეშვეობით მცენარეები ასევე ხელს უწყობენ წყლის მიმოქცევას ნიადაგიდან ატმოსფეროში.

ამასთან, მცენარეები ხელს უწყობენ წყლის ობიექტების სტაბილიზაციას, როგორიცაა მდინარეები, ტბები და ნაკადულები. მცენარის ფესვები აუმჯობესებს ნიადაგის სტაბილურობას, ხელს უშლის მეწყერს და ინარჩუნებს ამ ეკოსისტემებს. 

გამწვანების მნიშვნელობა ჩვენი, ადამიანების ჯანმრთელობისთვის

გარდა იმისა, რომ გამწვანებული სივრცეები თვალს ანიჭებს ვიზუალურ სიამოვნებას, ასევე ხელს უწყობს ადამიანების გონებრივ, ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობას. 

სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ ბავშვებზე, რომლებთაც აწუხებთ ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის დარღვევა (ADHD), დადებითად მოქმედებდა ისეთი აქტივობები, რომლებიც მწვანე გარემოში ტარდებოდა. მშობლები აღნიშნავენ, რომ ყოველი სესიის მერე მათი შვილების სიმპტომები უკეთესი გახდა. 

სიდნეიში ჩატარებულმა კვლევამ შეაფასა გარე აქტივობების კავშირი სკოლის ასაკის ბავშვებში მიოპიის გავრცელებასთან დაკავშირებით. კვლევაში მონაწილე ბავშვებმა გაიარეს ყოვლისმომცველი თვალის გამოკვლევა. მათ მშობლებს მოეთხოვათ, შეევსოთ ვრცელი კითხვარი იმის შესახებ, თუ რამდენი დრო დახარჯა მათმა შვილებმა სხვადასხვა შიდა და გარე აქტივობებზე. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო მეტ დროს ატარებენ ბავშვები გარეთ, მწვანე გარემოში, მით უფრო დაბალია მიოპიის მაჩვენებელი.

კვლევები იმასაც ადასტურებს, რომ მწვანე სივრცეებს დამცავი ეფექტი აქვს ჩვენს ფსიქიკურ კეთილდღეობაზე. ჩვენ უფრო სწრაფად ვერევით სტრესს და ნაკლებად განვიცდით დეპრესიას. ბავშვები იზრდებიან ნაკლები ფსიქიკური პრობლემებით. 

გამწვანება, როგორც დეკორაცია და სიჯანსაღე

კერძო სახლების მფლობელები ხშირად ცდილობენ მოიწყონ თუნდაც მცირე ბაღი. უმეტესობა ამას სილამაზისთვის ან ზაფხულის თვეებში დამატებითი ჩრდილის უზრუნველსაყოფად აკეთებს. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი უპირატესობაა, თუმცა ამასთან ერთად ხეებსა და მცენარეებს პირდაპირი კავშირი აქვს ჩვენს ჯანმრთელობასთან. ხეები ასუფთავებენ ჰაერს. ისინი შთანთქავენ დამაბინძურებელ გაზებს, როგორიცაა აზოტის ოქსიდები, ოზონი, ამიაკი, გოგირდის დიოქსიდი. ხეები ასევე შთანთქავენ სუნს და მოქმედებენ როგორც ფილტრი, რადგან მცირე ნაწილაკები ხვდება ფოთლებში. ხეების ერთ ჰექტარს შეუძლია ყოველწლიურად უზრუნველყოს ჟანგბადი 18 ადამიანისთვის. ამიტომ კაცობრიობამ მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გააკეთოს მეტი სიმწვანის შესანარჩუნებლად. ვიცით, რომ არის ტყეების დაბინძურების, მათი გაჩეხვის შემთხვევები, ეს სასტიკად დაუშვებელია. 

მცენარეთა მრავალი სარგებლის მიუხედავად, ერთ-ერთი გარემოსდაცვითი პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით, არის გარემოს დეგრადაცია, რასაც სწორედ ტყეების განადგურება იწვევს. ადამიანი ზოგჯერ ფიქრობს, რომ 1-2 ხის განადგურებით არაფერი შავდება, რომ ბუნება საკუთარ თავს თვითონ „უშველის” და ახალი მცენარეები მალე ამოვა, მაგრამ რეალურად, ეს ასე არ არის. ჩვენი როლი აქ ძალიან დიდია და ვალდებულნიც კი ვართ, მოვუფრთხილდეთ გარემოს, რომლის უდიდესი ნაწილიც მწვანე ბუნების შენარჩუნება და გაზრდაა.

რუბრიკას გარემოს დაცვაზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

რატომ ეშინიათ დამფუძნებლებს ბიზნესიდან გასვლის სტრატეგიებზე საუბრის?

ნიკ ოფერმანი Bosch-ის ახალ კამპანიაში — “What Hard Workers Deserve”