Lib.ge – პლატფორმა, რომელმაც ონლაინწიგნები ჯერ კიდევ მაშინ შემოგვთავაზა, როდესაც მილენიალების თაობა ინტერნეტს ახალი გაცნობილი იყო. 2006 წელს ვებში გაეშვა ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომელმაც ქართველ მკითხველებს დაგვანახა, რომ ბეჭდური ლიტერატურის გარდა, ვირტუალურადაც შეგიძლია, უამრავ კლასიკურ თუ თანამედროვე ნაწარმოებს გაეცნო, წაიკითხო და შეიყვარო.
მას შემდეგ დიდი დროც გავიდა და სამყაროც ისე გაციფრულდა, რომ დღეს, ალბათ, წიგნს ელექტრონულად უფრო მეტი ადამიანი კითხულობს, ვიდრე ფურცლებზე დაბეჭდილს. Lib.ge-ც მოერგო თანამედროვე საჭიროებებს, განახლდა, არეალი გააფართოვა და მრავალმხრივ შემეცნებით პლატფორმად იქცა, რომელიც არა მარტო ლიტერატურის მოყვარულებს აერთიანებს, არამედ არაფორმალური განათლების სკოლასაც. ის აორგანიზებს შემეცნებით ბანაკებს და სახელოვნებო ტურებს, ზრუნავს იმაზეც, რომ მისი რესურსები ემიგრაციაში მყოფი ქართველებისთვის იყოს ხელმისაწვდომი. Lib.ge-ს მიზანი განათლების გავრცელება და წიგნიერების პოპულარიზაციაა.
Lib.ge-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი მწერალი გიორგი კეკელიძეა. სწორედ გიორგი გვესაუბრა განახლებულ პლატფორმასა და მის სამომავლო გეგმებზე.
M: პირველ რიგში, გავიხსენოთ დასაწყისი – Lib.ge, როგორ შეიქმნა თავის დროზე და მისი მთავარი მიზანი რა იყო?
ეს დიდი ხნის წინანდელი და ჩემთვის მგრძნობიარე ისტორიაა. 2005 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტობისას, მე და ჩემმა მეგობარმა, ზაალ ჩხეიძემ დავაფუძნეთ დამოუკიდებელი ლიტერატურული გაზეთი ,,ლ’ილ’’. დამოუკიდებელი იმ აზრით, რომ მაშინ სასწავლო დაწესებულებაში, მსგავსი ინციატივები სტრუქტურის ბიუჯეტს ებმოდა, ჩვენ მის გამოცემას ჩვენივე მწირი ხელფასით ვაფინანსებდით.
2006 წელს საერთო მეგობარმა გაგვაცნო გიორგი კაცია და ნიკა წიკლაური, რომლებიც ვებპროგრამირებისა და დიზანის მიმართულებით იყვნენ გამორჩეული პროფესიონალები. მათი ხედვა და იდეა ჩვენსას დაემთხვა. ასე დაიბადა ქართული ელექტრონული ბიბლიოთეკა Lib.ge, რომლის მთავარი რედაქტორიც გავხდი. კონცეფცია ქართული და უცხოური, კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის ერთ სივრცეში თავმოყრას გულისხმობდა და მალე პორტალი სუპერპოპულარული გახდა.
მახსოვს, კომპიუტერი არ მქონდა და ინტერნეტკაფეში ვტვირთავდი მასალებს. მაშინ, როცა სხვები იქ GTA-ს თამაშობდნენ, მე „ლამბალო და ყაშა” ხელით შემყავდა. რუტინული სამუშაოს მიღმა, მენეჯმენტსა და მარკეტინგში მაშინ გავიწაფე და პირველი რეკლამებიც გამოჩნდა, რაც იმ დროს ლიტერატურული პორტალისთვის სენსაციური ამბავი იყო. კახა ბენდუქიძემ მოინდომა ამ პროექტის ყიდვა, მაგრამ ახალგაზრდები და ენთუზიაზმით სავსენი ვიყავით და არ მივყიდეთ. თუმცა ,,თავისუფალ უნივერისიტეტთან’’ ჩვენი თანამშრომლობა სწორედ ამ ჩაშლილი მოლაპარაკებით დაიწყო.
M: რამ განაპირობა ელბიბლიოთეკის ფორმირება საგანმანათლებლო პლატფორმად და რას ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ, რომ ეს არის არაფორმალური აკადემია და ონლაინსკოლა?
2012 წელს, როცა ეროვნულ ბიბლიოთეკაში გადავედი, დავიწყე აქტიური დიგიტალიზაცია, თუმცა Lib.ge-ს განვითარება იმ დროისთვის შეჩერდა. დღეს ონლაინწიგნების რამდენიმე მაღაზია არსებობსამიტომ, რადგანაც ბრენდის აღდგენა გადავწყვიტეთ, უფრო ფართო, საგანმანათლებო პლატფორმის ჩამოყალიბება განვიზრახეთ. საწყის ეტაპზე და შემდეგაც, კომპანია GULF და ნინო ჯიბლაძე აქტიურად დაგვეხმარნენ საიტის მოდიფიკაციაში, ერთი ჩემი მეგობარიც ჩაერთო ფინანსურ მხარდამჭერად, რაც იდეების ფორმირებას გვიადვილებს, რომლებიც ბევრი გვაქვს.
პირველ რიგში, ეს არის არაფორმალური სკოლა – ცოცხალი და ონლაინ სალექციო სისტემით, სადაც სხვადასხვა დისციპლინა იქნება თავმოყრილი. გვინდა ინკლუზიური პროგრამების შექმნა ტიპური განვითარების და სპეციალური საჭიროების ბავშვებისთვის.
M: რამდენი ხანია, რაც შემეცნებითი ბანაკები ხორციელდება, ვისთვისაა ისინი განკუთვნილი, ვინ არიან ბანაკის ხელმძღვანელები და რა ცოდნას იღებენ მათგან მონაწილეები?
შემეცნებითი ბანაკები მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარული მიმართულებაა. ჩვენ გადავწყიტეთ, რომ გურიიდან დაგვეწყო და ხიდისთავში, დაკა ბერძენიშვილის ,,სკიჯის სახლში’’ გავმართავთ პირველ ბანაკებს. სახელად ,,სტუმრად ბებიასთან’’ ერქმევა და მასპინძელი ბებია თვითონ დაკა იქნება, სტუმრები კი დათო ტურაშვილი, გოგა ჩანადირი, მარტოკაცი – დამიანე გორდელაძე, რობოტიკის ოსტატი დათო ნოზაძე და მე, თქვენი მონამორჩილი ვიქნებით. გვინდა, ,,ბებიების და შვილიშვილების’’ ბანაკიც გავაკეთოთ.
M: როგორც ვიცით, ონლაინსკოლა ემიგრანტებზეცაა გათვლილი. გაგვიზიარეთ, რა იყო ამის მიზანი და რამდენად არის დაინტერესება ონლაინსკოლის მიმართ მათგან?
ენა იდენტობის განმსაზღვრელი ნაწილია. ემიგრაციაში მყოფ ბავშვებს, სრულიად ობიექტური მიზეზების გამო, მიუხედავად ოჯახების და იქაური, სრულიად შესანიშნავი საკვირაო სკოლების მცდელობისა, მაინც აქვთ ქართულ ენასთან გაუცხოება.
საწყის ეტაპზე ონლაინსკოლას ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის ლექციებით დავიწყებთ. მერე შეიძლება გავაფართოოთ კურსები და დავამატოთ, ვთქვათ, წიგნიერების კურსი, ზღაპრები, ეთნოგრაფია და სხვა.
მოლაპარაკება გვაქვს ქართულ სათვისტომოებთან – ბავშვებს ნებისმიერი ქვეყნიდან შეეძლებათ ჩართვა. გადასახადი, ვცდილობთ, ყველა ოჯახისთვის ხელმისაწვდომი იყოს. გამორჩეული პედაგოგები გვყავს – საქართველოს მოწინავე მასწავლებლები. ჯაბა ლაბაძე, სოფიო ქუხილავა, დამიანე გორდელაძე, სალომე ჩაჩხიანი.
M: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
გარდა Lib.ge-ს განახლებისა, ვაგრძელებ ,,ბიბლუსის’’ კრეატიულ დირექტორად და ,,წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების’’ თავმჯდომარედ მუშაობას – ვაახლებთ სოფლების ბიბლიოთეკებს და საზღვარგარეთ ქართულ სამკითხველოებს ვხსნით. ასევე, ვმუშაობ ,,ევროპულ სკოლაში’’, ვეხმარები მენტალური ჯანმრთელობის ცენტრს ,,სახლი’’. ახლახან გამოვიდა ჩემი პოსტომდერნული რომანი ონკოპაციენტ არსენ გვენეტაძეზე – ,,სიკვდილის გაუქმება’’ და ,,თომას ზღაპრების’’ სრული ვერსია. მალე ესპანეთში და ნიდერლანდებში გამოიცემა ,,დედა და ილია’’. ვწერ მხატვრულ-დოკუმენტურ რომანს – ,,ანწუხელიძე – ომის ქრონიკები’’, ასევე, საბავშვო წიგნს – ,,კუპატას თავგადასავალი’’. მალე დავასრულებ ლექსების კრებულს ,,ძველი სიმღერები’’ და ,,ბჰაგავადგიტას’’ პოეტურ თარგმანს. თაროზეა და მივუბრუნდები ფსიქოლოგიურ რომანს ,,ობსესიები’’ და ,,წერილები ჩემი ბავშვობიდან’’ – წიგნი მეორე. თაროზევეა ,,ჩემი მუსიკის გაკვეთილები’’ – წიგნი იმ მუსიკაზე, რომელიც ჩემი ცხოვრების თანამოსასმენია. განზრახული მაქვს სრულიად უდროოდ წასულ ირაკლი გაგნიძეზე პორტრეტული წიგნის დაწერაც. მინდა, მალე ჩემს სამეცნიერო ნაწერს – ,,ფოკლორის ფსიქოთერაპიას’’ – მივუბრუნდე და სადოქტორო შრომად ვაქციო. მოკლედ, დიდი შრომა და გარჯა, მაგრამ აუცილებელი – ჩემნაირი, ობსესიური კაცისთვის. მით უფრო, რომ ჩემი ფიქრი, ახლა მთავარი ამბით, ჩემი შვილით, პატარა კეკეთი შეივსო.
[R]












